აღმოაჩინეს იდუმალი გალაქტიკა, რომელიც ირმის ნახტომს ჰგავს
შორეულ წარსულში, როდესაც სამყარო სულ რამდენიმე მილიარდი წლის იყო, შეგხვდებოდათ გალაქტიკა, რომელიც ძალიან ჰგავდა ირმის ნახტომს. ამ ახალმა აღმოჩენამ ასტრონომები გააკვირვა.
გალაქტია, რომელსაც ceers-2112 უწოდეს, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით აღმოაჩინეს.
გალაქტიკის შესწავლა რთული იყო, ამიტომ ასტრონომებმა საქმეში ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპიც ჩართეს. გაერთიანებული ძალებით მივიღეთ გალაქტიკა, რომელიც გასაოცრად ჰგავს ირმის ნახტომის გალაქტიკას.
სამყაროში ბევრნაირი გალაქტიკა არსებობს. ისინი განსხვავდებიან როგორც სიკაშკაშით, ისე ზომებითა და ფორმებით. არის ისეთებიც, როგორიცაა ჩვენი გალაქტიკა. ირმის ნახტომი შედგება ელიფსური ფორმის ცენტრისგან. ცენტრი გარშემორტყმულია გაზისა და კოსმიური მტვრის დისკით, ხოლო ვარსკვლავები ქმნიან ოთხ მკაფიო სპირალისებურ მკლავს.
აქამდე ითვლებოდა, რომ ირმის ნახტომის მსგავსი სპირალური გალაქტიკები 8 მილიარდი წლის წინ არ არსებობდა. ასტრონომებს მიაჩნდათ, რომ მსგავსი გალაქტიკების ფორმირებას მეტი დრო სჭირდებოდა.
და აი აქ არის გასაოცარი ამბავი. ceers-2112-ის სინათლის მონაცემების გაანალიზებით მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ის ბევრად დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა. უცნაური გალაქტიკა დიდი აფეთქებიდან 2 მილიარდი წლის შემდეგ უკვე არსებობდა.
"ceer-2112-ის მონაცემების შესწავლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპლექსური სპირალური გალაქტიკები ბევრად ადრე განვითარდა, ვიდრე ეს ჩვენ აქამდე გვეგონა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გალაქტიკის ფორმირებისა და ევოლუციის თეორიები ზოგ ასპექტში გადასახედია", — თქვა ალექსანდრე დე ლა ვეგამ, კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომმა და კვლევის ავტორმა.
გალაქტიკები მტვრისა და გაზის დიდი კონცენტრაციაა, რომელიც გაერთიანებულია გრავიტაციის ქვეშ. მნიშვნელოვან როლს ამ ყველაფერში ბნელი მატერიაც ასრულებს.
შემდეგი პოდკასტი: ბნელი მატერია და ბნელი ენერგია — სამყაროს უხილავი ნაწილი
იქ, სადაც საკმარისი მასალა გროვდება ჩნდება ვარსკვლავები, რასაც საბოლოოდ პლანეტების ფორმირებაც მოჰყვება ხოლმე.
"წარსულში, როდესაც სამყარო ძალიან ახალგაზრდა იყო, გალაქტიკები იყო არასტაბილური და ქაოტური. ითვლებოდა, რომ ისეთი ფორმები როგორიც ჩვენს გალაქტიკას აქვს ადრეულ ეტაპზე ვერ უნდა გაჩენილიყო", — ამბობენ მკვლევრები.
ასტრონომების თქმით, ჯეიმს ვების ტელესკოპის გამოყენებით კოსმოსზე კიდევ ბევრ სიახლეს შევიტყობთ. რიგ შემთხვევებში ამან შეიძლება სამყაროზე ჩვენი წარმოდგენები შეცვალოს კიდევაც.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები