მეცნიერების თქმით, C ვიტამინი დაბერების პროცესს ანელებს
ადამიანი დაბერების პრევენციაზე დიდი ხანია ფიქრობს. სიბერეს მითოლოგიაშიც ებრძოდნენ და აი დღეს ეს მარათონი მეცნიერებამ გადაიბარა.
სულ რამდენიმე დღის წინ შევიტყვეთ, რომ მეცნიერებმა ვირთხებს ბიოლოგიური ასაკი შეუცვალეს. ახალი ნაერთი (E5) გოჭების სისხლის გადამუშავებით დაამზადეს და შემდეგ ის ხანდაზმულ ვირთხებს შეუყვანეს.
და აი ახლა, ჩინელი მეცნიერების თქმით, ამ მხრივ მათაც მნიშვნელოვანი პროგრესი აქვთ.
მკველვრებმა ზურგის ტვინში უჯრედების ჯგუფი აღმოჩაინეს, რომელიც დაბერების პროცესთანაა დაკავშირებული. ჯგუფს სახელად CHIT1 ჰქვია.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპებზე არიან მიაჩნიათ, რომ C ვიტამინის დოზის ყოველდღიური მიღება დაბერების შენელებას უწყობს ხელს.
CHIT1: მარკერი ზურგის ტვინის დაბერების პრობლემების სამკურნალოდ?
როგორც ანტიოქსიდანტს, ვიტამინ C-ს ხშირად დაბერების საწინააღმდეგო თვისებებთან აკავშირებენ. ანტიოქსიდანტები იცავს კანს დაზიანებისგან. არასტაბილური მოლეკულები დაბერების პროცესს აჩქარებენ და კანის დანაოჭებას იწვევენ. ანტიოქსიდანტი სწორედ ამ მოლეკულების წინააღმდეგ მოქმედებს.
შესაბამისად, სამეცნიერო საზოგადოებაში C ვიტამინმა, როგორც დაბარების საწინააღმდეგო მექანიზმმა ყურადღება მიიქცია.
დაბერება ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზურგის ტვინზე. თუმცა, ჩვენ ბოლომდე არ გვესმის როგორ. მეცნიერებმა კვლევა ცხოველურ მოდელზე ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ზურგის ტვინის დაბერებისას ორი მნიშვნელოვანი რამ ხდება.
პირველი ისაა, რომ ნეირონები, რომლებიც მოძრაობაში გვეხმარებიან სუსტდებიან და ზურგის ტვინის იმუნური უჯრედები ზედმეტად აქტიურდება.
"ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ასეთ დროს ორგანიზმში ტოქსიკური ცილები გამოიყოფა და ეს მოტორიკასთან დაკავშირებული ნეირონების დაბერებას აჩქარებს", — განუცხადა South China Morning Post-ს კვლევის პირველმა ავტორმა ლიუ გუანჰუიმ.
მეორე რაც ხდება არის ის, რომ ნივთიერების რაოდენობა, სახელად CHIT1, მატულობს ზურგის ტვინში. ეს უჯრედები შემდეგ მოტორიკასთან დაკავშირებული ნეირონების გარშემო ხვდებიან და მათ დაბერებას აჩქარებენ.
და გარღვევაც აქ მოხდა. მკვლევრებმა ამ პროცესის ხელის შემშლელ საშუალებას მიაგნეს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ასკორბინის მჟავას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს CHIT1-ის ეფექტს და დაეხმაროს მოტორიკის ნეირონებს. აღსანიშნავია, რომ C ვიტამინი ასევე ცნობილია როგორც L-ასკორბინის მჟავა.
ასევე: რატომ ვბერდებით და შეგვიძლია თუ არა ამის თავიდან აცილება
C ვიტამინი დაბერების წინააღმდეგ
მკვლევრებმა C ვიტამინის ეფექტი 10 ხანდაზმულ მაიმუნზე სამი წლის განმავლობაში გამოცადეს. მაიმუნები ორ ჯგუფად დაყვეს. ერთი ჯგუფი იღებდა C ვიტამინის დღიურ დოზას, ხოლო მეორე საკონტროლო ჯგუფი იყო.
მაიმუნებს, რომლებიც C ვიტამინს იღებდნენ, მოტორიკის ნეირონების მდგომარეობა გაუუმჯობესდათ. მკვლევრების თქმით, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ C ვიტამინი მოტორიკის ნეირონებს იცავს.
მკვლევრები დარწმუნებული არიან, რომ იგივე მეთოდი ადამიანებზეც იმუშავებს და ახლა მათ შესაბამისი კვლევების დაწყება უნდათ.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები