მკვლევრებმა ამ მომენტისთვის ყველაზე ადრეული შავი ხვრელი აღმოაჩინეს
შავი ხვრელი დიდი აფეთქებიდან 470 მილიონი წლის შემდეგ გაჩნდა.
სამყაროს შორეულ ნაწილში მეცნიერებმა ზემასიური შავი ხვრელი აღმოაჩინეს. ობიექტი ჩვენთვის ცნობილი შავი ხვრელებიდან უძველესია და ის სამყაროს გარიჟრაჟზე უნდა წარმოქმნილიყო.
ის გალაქტიკა UHZ1-ში დააფიქსირეს. ეს გალაქტიკა დიდი აფეთქებიდან 470 მილიონი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა. სამყაროს მასშტაბებით ეს ძალიან პატარა ასაკია.
ეს იმდენად ადრეული სამყაროა, რომ შავი ხვრელი განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზეა. ასეთი შავი ხვრელი აქამდე არასდროს გვინახავს. ობიექტს თითქმის ისეთივე მასა აქვს, რაც მის გარშემო გალაქტიკას.
წარმოდგენისთვის, სინათლეს, რომელმაც ობიექტიდან ჩვენამდე მოაღწია ამისთვის 13,2 მილიარდი წელი დასჭირდა. ასეთი კვალის აღმოჩენა მარტივი არ იყო, ამიტომ ჩანდრას რენტგენული ობესრვატორიისა და ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ერთობლივი გამოყენება გახდა საჭირო.
ასევე: რა არის შავი ხვრელი — ყველაფერი, რაც ამ მისტიკურ ობიექტებზე ვიცით
კვლევას ჰარვარდ-სმისტონის ასტროფიზიკის ცენტრის (CfA) წარმომადგენელი აკოს ბოგდანი ხელმძღვანელობდა. მკვლევრების თქმით, ზემასიური შავი ხვრელების წარმოქმნა გაზის უზარმაზარი ღრუბლების გრავიტაციულ კოლაფსს საჭიროებს. ამით წარმოიქმნება ულტრამკვრივი ობიექტი, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო იზრდება.
"არსებობს ფიზიკური შეზღუდვები იმის თაობაზე, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გაიზარდოს შავი ხვრელები წარმოქმნის შემდეგ. თუმცა, იმ შავ ხვრელებს რომლებიც თავიდანვე მასიურები გაჩდნენ უპირატესობა აქვთ. ეს ნერგის დარგვას ჰგავს, რომელსაც ნაკლები დრო სჭირდება გასაზრდელად, ვიდრე დათესვასა და იქიდან ამოსულის გაზრდას", — თქვა ასტროფიზიკოსმა ენდი გოლდინგმა.
ზემასიური შავი ხვრელების მასა წარმოუდგენლად დიდია. მაგალითად, Sagittarius A*, ზემასიური შავი ხვრელი, რომელიც ირმის ნახტომის ცენტრშია, მზის მასას 4,3 მილიონჯერ აღემატება. და მაინც, Sagittarius A* არ არის ყველაზე დიდი შავი ხვრელი, არსებობს ბევრად უფრო დიდი და მასიური შავი ხვრელები.
შემდეგი პოდკასტი: შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები
ჩვენ არ ვიცით, როგორ ხდებიან ეს ობიექტები ასეთი მასიურები. თუმცა, ერთი რამ ცხადია: ადრეულ სამყაროში გაცილებით მეტი შავი ხვრელი უნდა არსებულიყო, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა. ეს ასტროფიზიკოსებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხია.
UHZ1 გალაქტიკის შესასწავლად ბოგდანმა და მისმა გუნდმა გრავიტაციული ლინზირების მეთოდი გამოიყენეს. ამ ფენომენთან საქმე გვაქვს მაშინ, როდესაც ერთ წერტილში თავმოყრილი უზარმაზარი გრავიტაცია სივრცე-დროის მის გარშემო გამრუდებას იწყებს. სინათლე, რომელიც ამ ადგილას ხვდება შეიძლება გადიდდეს, გამრავლდეს და დაიბრიცოს.
ამ სინათლის შესწავლით ბოგდანმა და მისმა გუნდმა შეაფასეს როგორც შავი ხვრელის, ისე მის გარშემო არსებული გალაქტიკის მასა. აღმოჩნდა, რომ შავი ხვრელის მასა თითქმის იგივეა, რაც მის გარშეო ვარსკვლავთა ჯამური მასა.
როგორც წესი, გალატიკებსა და მის ცენტრში მყოფ შავ ხვრელებს შორის მსგავსი თანაფარდობა არ არის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ როგორც ზემასიური შავი ხვრელი, ისე მისი გალაქტიკა განვითარების ადრეულ ეტაპზეა.
"ეს ასეთი თანაფარდობის მქონე ზემასიური შავი ხვრელის აღმოჩენის პირველი შემთხევაა. ამავდროულად, ამით მივიღეთ საუკეთესო მტკიცებულება, რომ ზოგიერთი ზემასიური შავი ხვრელი გაზის მასიური ღრუბლებისგან წარმოიქმნება", — თქვეს მკვლევრებმა.
კვლევის ნახვა ჟურნალ arXiv-ზე შეგიძლიათ.
კომენტარები