ნახეთ: მძლავრი ამოფრქვევის შედეგად მზეზე უზარმაზარი "ცეცხლოვანი კანიონი" გაჩნდა
31 ოქტომბერს მზეზე მძლავრი ამოფრქვევა მოხდა, რამაც მის სამხრეთ ნახევარსფეროში უზარმაზარი "ცეცხლოვანი კანიონი" წარმოქმნა.
ჩვენი მნათობის ზედაპირიდან დიდი ფილამენტი, ანუ პლაზმის ძაფისებრი ნაკადი ამოიტყორცნა. ის ვარსკვლავის ატმოსფეროში გადაადგილდება და მაგნიტური ველის მდგომარეობის მიხედვით მოქმედებს. მაგალითად, როცა ველი არასტაბილურია, ფილამენტი კოლაფსს განიცდის, რაც ამოფრქვევას ედება საფუძვლად.
სწორედ მსგავსი რამ მოხდა უკანასკნელ შემთხვევაში, რამაც 10 000 კილომეტრი სიგანისა და ამაზე 10-ჯერ მეტი სიგრძის მქონე "კანიონი" გააჩინა.
"დააკვირდით, როგორ მოძრაობს ის ძალიან ნელა, შემდეგ კი ეტაპობრივად ჩქარდება, სანამ არასტაბილური გახდება და ამოიფრქვევა", — წერს მზის ფიზიკოსი კით სთრონგი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
როგორც ცნობილია, ეს იყო კორონული მასის ამოფრქვევა, ანუ პლაზმის გამოყოფა მზის ატმოსფეროს ზედა შრიდან, გვირგვინიდან. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს პროგნოზით, სივრცეში გამოთავისუფლებული დამუხტული ნაწილაკები დედამიწამდე 4 ნოემბერს მოაღწევს.
ჩვენი პლანეტის ატმოსფეროსთან ასეთი ნაწილაკების ურთიერთქმედება შთამბეჭდავ ციალებს იწვევს, რომლებიც ახლაც მოსალოდნელია. დედამიწის მაგნიტური ველი მათ ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებისკენ უბიძგებს, სადაც ისინი იქ არსებული აირის შემადგენელ ატომებსა და მოლეკულებს ააქტიურებს. შედეგად ეს ენერგია სინათლის სახით ვლინდება, ანუ ფოტონები წარმოიქმნება. ნათების შეფერილობა ატმოსფერული აირის შემადგენლობაზეა დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ მზე ახლა 11-წლიანი ციკლის აქტიური პერიოდის პიკს აღწევს, ამიტომ მომავალში უფრო მეტი ციალია მოსალოდნელი.
კომენტარები