რა სარგებელს ელოდება ჩინეთი, ისრაელ-ჰამასის ომიდან
მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ ომი ისრაელსა და ჰამასს შორის ახალ, საშიშ ფაზაში გადადის, ჩინეთი ცდილობს, სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთოს.
საკითხზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონში, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის მაღალჩინოსნებთან ისაუბრა. ვანგ ი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსაც.
აშშ-ში თქვეს, რომ გამოსავლის საპოვნელად, მზად არიან, ჩინეთთან ერთად იმუშაონ და მოუწოდეს პეკინს, გამოიყენოს ირანთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან კავშირები, რათა კონფლიქტში მეტი მხარე არ ჩაერთოს.
ჩინეთი ირანის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. თეირანი ამბობს, რომ ღაზის სიტუაციის გადასაჭრელად "მზად არის, ჩინეთთან მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს".
რისი გაკეთება შეუძლია ჩინეთს სიტუაციის დეესკალაციისთვის
ეროვნული ომის კოლეჯის ასოცირებული პროფესორის, დონ მერფის თქმით, იმის გამო, რომ ჩინეთის ხელისუფლებას კონფლიქტში მონაწილე მხარეებთან, მეტ-ნაკლებად, დაბალანსებული ურთიერთობა აქვს, ჩინეთი, შესაძლოა, აღქმული იყოს სამართლიან შუამავლად.
უფრო კონკრეტულად კი, მისი თქმით, ჩინეთს აქვს კარგი ურთიერთობა პალესტინელებთან, არაბებთან, თურქეთსა და ირანთან.
"აშშ-ს კი — კარგი ურთიერთობა აქვს ისრაელთან და მას და ჩინეთს ერთად, შეუძლიათ, ყველა მხარე ერთ მაგიდასთან დასვან",— თქვა მერფიმ.
თუმცა, სხვა ექსპერტები მიუთითებენ, რომ ჩინეთი, შუა აღმოსავლეთის პოლიტიკურ ველზე, უმნიშვნელო მოთამაშედ რჩება.
"ჩინეთი, ამ საკითხში, სერიოზული მოქმედი პირი ვერ იქნება. რეგიონში არავინ ელოდება, რომ ჩინეთი კონფლიქტის გადაჭრაში მიიღებს მონაწილეობას," - ამბობს ატლანტიკური საბჭოს არარეზიდენტი უფროსი თანამშრომელი ჯონათან ფალტონი, რომელიც სპეციალიზებულია ჩინეთის ურთიერთობებში ახლო აღმოსავლეთთან.
როგორი ურთიერთობა აქვს ჩინეთს ისრაელთან და პალესტინასთან
ჩინეთის პირველმა განცხადებამ, კონფლიქტთან დაკავშირებით, ისრაელი გააბრაზა, მათ თქვეს, რომ ღრმად იმედგაცრუებულები არიან, რადგან ჩინეთმა არ დაგმო ჰამასი და არც ის უთქვამთ, რომ ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას.
პირველი განცხადების გამო ატეხილი ხმაურის შემდეგ, ვანგმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავი დაიცვას, თუმცა, ასევე, თქვა, რომ ისრაელის მოქმედება გასცდა თავდაცვის ფარგლებს.
ჩინეთისთვის ბალანსის დაცვა რთული იქნება, რადგან უკვე დიდი ხანია, ღიად თანაუგრძნობს პალესტინას.
ეს ურთიერთობა კი, ჯერ კიდევ, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დამფუძნებლის, მაო ძედუნის პერიოდს უკავშირდება. მან, ე.წ. ეროვნული გათავისუფლების მოძრაობების მხარდასაჭერად, პალესტინელებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაუგზავნა იარაღი.
მომდევნო წლებში, ჩინეთმა ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება მოახერხა, მასთან ახლა სოლიდური სავაჭრო ურთიერთობაც აქვს. თუმცა ჩინეთი, ცხადად, პალესტინას უჭერს მხარს. კონფლიქტთან დაკავშირებით, ჩინელი მაღალჩინოსნები და ქვეყნის პრეზიდენტი, სინ ძინპინიც კი, ხაზს უსვამენ, რომ საჭიროა, არსებობდეს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფო.
ომის დაწყების შემდეგ, ანტისემიტური განწყობებია ჩინურ ონლაინპლატფორმებზე. ჩინელი ინტერნეტმომხმარებლების უმეტესობა მხარს უჭერს ღაზას, ისრაელს კი პალესტინელებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. სოცქსელებში წერენ, რომ ისრაელი სისხლისღვრას იმსახურებს.
"წარსულში გერმანელები გდევნიდნენ თქვენ, ახლა თქვენ დევნით პალესტინელებს. ამ სამყაროში არ შეიძლება სხვისი კუთხეში მომწყვდევა, რადგან ამით საკუთარ საფლავს გამოითხრით," - დაწერა ზივუ სიაშიმ, ჩინეთში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ინფლუენსერმა ჩინურ სოციალურ ქსელ ვეიბოში.
ურთიერთობაში დაძაბულობა შექმნა, ასევე, ჩინეთში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის ოჯახის წევრის დაჭრამაც.
ამ ყველაფრის ფონზე კი, ჩინეთისთვის არ იქნება მარტივი, ისრაელის ხელისუფლებასთან ურთიერთობა.
ამ მოცემულობაში, რატომ სურს ჩინეთს, ჩაერთოს მიმდინარე მოვლენებში?
ერთ-ერთი მიზეზი, შუა აღმოსავლეთში მისი ეკონომიკური ინტერესებია, რომელიც, შესაძლოა, დაზიანდეს, თუ კონფლიქტი კიდევ უფრო გაფართოვდება.
პეკინი ახლა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტირებულ საწვავზე და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ საწვავის ნახევარი სწორედ არაბეთის ყურიდან შედის.
შუა აღმოსავლეთის ქვეყნები ჩინეთის "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივის მნიშვნელოვანი მონაწილეები გახდნენ, ეს ინიციატივა კი ჩინეთის საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედია.
კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კონფლიქტი ოქროს შესაძლებლობაა ჩინეთისთვის — მისი რეპუტაციის ამაღლებაა.
ომი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ჩინეთი ცდილობს, თავი წარმოაჩინოს მსოფლიოსთვის უკეთეს მხარედ, ვიდრე აშშ-ა და მუდმივად აკრიტიკებს აშშ-ის "ჰეგემონურ მმართველობას".
რა წინაღობები ხვდება ჩინეთს, ამბიციების რეალიზებაში
მაშინ, როდესაც მუსულმანური ქვეყნების მიმართ გამოხატავს სოლიდარობას და ეწინააღმდეგება ისრაელის ოკუპაციას, პეკინს ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დარღვევაში და უიღური მუსულმანების გენოციდში.
ანალიტიკოსები მედიასთან ამბობენ, რომ ეს, შესაძლოა, სულაც არ იყოს პრობლემა არაბული სამყაროსთვის, რომელთანაც ჩინეთმა მჭიდრო ურთიერთობა ჩამოაყალიბა.
უფრო დიდი პრობლემა, შესაძლოა იყოს ის, რომ მსოფლიოსთვის ჩინეთის ჩართულობა ზერელე აღმოჩნდეს, ან კიდევ უარესი - ეს კონფლიქტი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ჩინეთს შუა აღმოსავლეთში მხოლოდ მშვიდობის დამყარება სურს და პალესტინის საკითხში ეგოისტური ინტერესები არ აქვს.
ახლა ყველაზე დიდი გამოწვევაა, დააჯეროს მსოფლიოს, რომ ეს სიმართლეა.
კომენტარები