უდიდესი გველი, რომელსაც ოდესმე უარსებია — გაიცანით ტიტანობოა
დედამიწაზე დიდი ზომის ცხოველებს დღესაც შეხვდებით, თუმცა მილიონობით წლის წინ ჩვენს პლანეტაზე ნამდვილი გიგანტები ბინადრობდნენ, მაგალითად, დინოზავრები. უზარმაზარი იყო გველების უკვე გადაშენებული გვარი ტიტანობოაც.
Titanoboa cerrejonensis დედამიწაზე პლეისტოცენის ეპოქაში, დაახლოებით 66-56 მილიონი წლის წინ, ბინადრობდა. ის სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ჯუნგლებში მთავარი მტაცებელი იყო. ამ ქვეწარმავლების ყველაზე ბევრი ნამარხი კოლუმბიის ჩრდილოეთ ნაწილში, სელეხონის სახელით ცნობილი მაღაროს მიმდებარედაა მიკვლეული.
მეცნიერებმა ორი ასეთი ნიმუში გველების დღესდღეობით ცოცხალ სახეობებს შეადარეს და მათი მიახლოებითი ზომა გამოითვალეს. სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ისინი 12.8-14.5 მეტრი სიგრძისანი უნდა ყოფილიყვნენ, სავარაუდო წონა კი 1 ტონას აჭარბებდა.
"სელეხონი მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო და, სავარაუდოდ, ერთადერთი ფანჯარაა სრული უძველესი ტროპიკული ეკოსისტემისკენ", — აცხადებენ პალეონტოლოგები.
იქ ნაპოვნმა ნამარხებმა ტიტანობოას მახასიათებლების შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია. ამ გვარში, დიდი ალბათობით, გველების არაშხამიანი სახეობები შედიოდნენ. ისინი მსხვერპლს უზარმაზარი ტანით არ ჭყლეტდნენ ან გუდავდნენ, არამედ გიგანტური ყბების დახმარებით ყლაპავდნენ. მეცნიერთა აზრით, ეს ქვეწარმავლები დიდი ზომის კუებითა და ნიანგის მსგავსი არსებებით იკვებებოდნენ, რადგან ზემოხსენებულ არეალში მათი ნაშთებიცაა მიკვლეული.
ისინი ოდესმე არსებულთაგან უდიდესი გველები იყვნენ. აქედან სპეციალისტები ასკვნიან, რომ მათ სამყოფელ ტროპიკულ რეგიონში საშუალო ტემპერატურა 30-34°C უნდა ყოფილიყო, რათა ამ ქვეწარმავლებს სათანადო მეტაბოლიზმი შესძლებოდათ.
კომენტარები