ანტარქტიდის საფარქვეშ "დროში გაყინული" ლანდშაფტი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა სატელიტური მონაცემების მეშვეობით აღმოსავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანი საფარის ქვეშ მდინარის მიერ ფორმირებული ლანდშაფტი აღმოაჩინეს. ის ჯერ კიდევ იმდროინდელია, სანამ მთლიან კონტინენტს ყინული მოიცავდა.
ამ რეგიონში ხმელეთის დიდმა ნაწილმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყინულოვანი მასების გადაადგილების შედეგად ეროზია განიცადა. ამის მიუხედავად, ავრორასა და შმიდტის აუზების მომიჯნავე არეალი აღნიშნულ პროცესს გადაურჩა და ისეთივე სახით შენარჩუნდა, როგორიც დაახლოებით 34 მილიონი წლის წინ იყო.
"წარსულის გარკვეულ პერიოდში იქ მდინარეები მიედინებოდა, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ის ყინულის საფარის წარმოქმნამდე არსებობდა", — აცხადებენ სპეციალისტები.
მათ აქამდე მოპოვებული მონაცემები შეისწავლეს ამ რეგიონის შემაღლებებისა და ჩაღრმავებების შესახებ, რომლებიც საფარქვეშა ლანდშაფტის მახასიათებლებს შეესაბამება. შედეგად, გამოვლინდა კუნძულოვანი ტოპოგრაფია, რომელიც ზედაპირიდან 2 კილომეტრით დაბლაა. ასევე, U-ს ფორმის ხეობების მიერ ერთმანეთისგან გამოყოფილი ხმელეთის 2 მასა, რომლებიც ადრე გადაბმული იყო, მაგრამ უძველეს სუპერკონტინენტ გონდვანას დანაწევრებისას გაიყო. ეს ცარცულ პერიოდში მოხდა, 145-66 მილიონი წლის წინ.
ამ ეპოქის შემდეგ თითოეულ მასაზე ყინული დაგროვდა, მისმა გალღობამ და ჩამოდინებამ კი ხეობები გააჩინა. ეს მდინარეები, სავარაუდოდ, სანაპიროსკენ იყო მიმართული, რომელიც რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებითაა. 34 მილიონი წლის წინ კონტინენტი საფარქვეშ მოექცა, ხოლო ზემოხსენებული ლანდშაფტი "დროში გაიყინა".
სხვა რეგიონებში სქელი ყინულის წონამ ბაზური ლღობა და წყლის თხელი შრის ფორმირება განაპირობა, რასაც ეროზია მოჰყვა. ეს პროცესი მილიონობით წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ იმოქმედა აღმოსავლეთ ანტარქტიდის ხმელეთზე პერიოდულმა დათბობებმა. ავტორთა აზრით, საინტერესო იქნება ამ ადგილის გაბურღვა და ქანების ნიმუშების მოპოვება, რაც გლობალური დათბობის გამო მოსალოდნელი ცვლილების პროგნოზირებაშიც დაგვეხმარება.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.