ადამიანებთან შეჯვარებამ ნეანდერტალელებს გენომი შეუცვალა
დაახლოებით 75 000 წლის წინ ადრეული ადამიანები ევრაზიაში გავრცელდნენ, სადაც ნეანდერტალელთა სახეობას შეხვდნენ და მათთან შეჯვარება დაიწყეს. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ამ ორი ჯგუფის გენეტიკური ურთიერთქმედება შეისწავლეს. სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ნეანდერტალელების გენომში ჩვენი დნმ ამ დროისთვის უკვე არსებობდა.
როგორც ავტორები ამბობენ, მათ გენეტიკური მასალის მინიმუმ 6% მიიღეს ადრეულ ადამიანთა იმ პოპულაციისგან, რომელიც ახლა უკვე გადაშენებულია.
"უძველესი შეჯვარების გავლენას მივაგენით, კერძოდ, ადრეულ თანამედროვე ადამიანებსა და ნეანდერტალელებს შორის გენების მიმოცვლას. ამ ჯგუფმა აფრიკა 250 000-270 000 წლის წინა შუა პერიოდში დატოვა. ისინი დღევანდელ ადამიანებს ენათესავებიან და ჩვენ უფრო გვგავდნენ, ვიდრე ნეანდერტალელებს", — აცხადებენ მეცნიერები.
მათ ნეანდერტალელთა გენომი სუბსაჰარული აფრიკის აბორიგენი პოპულაციებისას შეადარეს. კვლევის შედეგები ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ ორი სახეობის შერწყმის პროცესი, ძირითადად, ევრაზიაში მიმდინარეობდა.
სპეციალისტებმა ზემოხსენებულ აბორიგენ პოპულაციებში ნეანდერტალელების მსგავსი დნმ გამოავლინეს. უცნობია, რამდენად მოხვდა ის მათში აფრიკიდან მიგრირებული თანამედროვე ადამიანებიდან, რომლებიც ევრაზიაში გადავიდნენ, ნეანდერტალელებთან შეჯვარდნენ და შემდეგ აფრიკაში დაბრუნდნენ, თუ ეს უფრო ადრეული შერწყმის შედეგია.
მონაცემების სიმწირე კონკრეტული პასუხის გაცემას აძნელებს, რადგან ავტორთა ხელთ მხოლოდ 12 სხვადასხვა ჯგუფში შემავალი 180 ინდივიდის გაშიფრული გენომი იყო. ამ სუბსაჰარული პოპულაციების დაახლოებით 1%-ის გარე წარმომავლობა ნეანდერტალელებს უკავშირდება. ეს აფრიკიდან ადამიანთა რამდენიმე ეტაპად გადინებაზე და გენომის ორმხრივ მიმოცვლაზე მიანიშნებს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები