შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც ელექტრონული ბატარეებიდან ლითიუმის 98% შეგვიძლია აღვადგინოთ
მეცნიერებმა ბატარეების გადამუშავების ახალ გზას მიაკვლიეს.
მეცნიერებმა ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც ელექტრული ბატარეებიდან ძვირფასი მეტალების აღდგენას ემსახურება. იგი ჰიდრომეტალურგიის გამოყენებას მოიცავს და ტრადიციულ მიდგომებზე ეფექტიანია.
უფრო ზუსტად, ტექნიკა საშუალებას იძლევა, მანქანის ელექტრული ბატარეებიდან ალუმინის 100% აღვადგინოთ, ხოლო ლითიუმისა კი — 98%. ამავდროულად, ნაკლებად იკარგება ნიკელი, კობალტი და მანგანუმიც.
ინფორმაციას ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ავრცელებს.
ჰიდრომეტალურგიას ხშირად იყენებენ მასალებიდან სხვადასხვა მეტალის ამოსაღებად, მათ შორის: სპილენძის, ოქროს, ვერცხლის, ურანისა და იშვიათი მიწაელემენტების. ძირითადად სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ, როცა მადანი ცეცხლგამძლეა ან ტრადიციული მაღალტემპერატურული პროცესებით რთულია მისი დამუშავება.
მკვლევრების მიერ შემუშავებული მიდგომა ძველი პროცესის ახალი ვერსიაა. მათ მჟაუნმჟავას გამოყენების გზა გამონახეს — ბუნებისთვის ნაკლებად საზიანო ნივთიერების, რომელიც სხვადასხვა მცენარეში (რევანდი, ისპანახი და სხვ.) გვხვდება. ამისათვის მათ დიდი სიზუსტით გათვალეს ტემპერატურა, კონცენტრაცია და დრო.
"აქამდე არავის მოუხერხებია, ზუსტი პირობებისთვის მიეგნო და მჟაუნმჟავას მეშვეობით ამდენი ლითიუმი გამოეცალკევებინა, თანაც ალუმინის სრულად ამოღების პარალელურად. ვინაიდან ალუმინს ყველა ბატარეა შეიცავს, მისი ამოღება სხვა მეტალების დაკარგვის გარეშე უნდა შევძლოთ", — აცხადებს ლეა რუკეტი ჩალმერსის უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტიდან.
ახალი ტექნიკის მეშვეობით მკვლევრები ჯერ ლითიუმსა და ალუმინს იღებენ მასალიდან, რაც ტრადიციული ჰიდრომეტალურგიის ერთგვარი შებრუნებაა. ასე ნარჩენები მცირდება, ახალი ბატარეების დასამზადებლად კი მეტი ძვირფასი მეტალი რჩება.
პროცედურის ბოლო ეტაპზე შავ ნარევს ფილტრავენ — დაახლოებით ისე, როგორც ყავის მომზადებისას ვაკეთებთ. ამ დროს სხვა მეტალები მყარ ნაწილში რჩება, ლითიუმი და ალუმინი კი სითხეში აღმოჩნდება. შემდეგ უკვე ლითიუმი და ალუმინი უნდა გაცალკევდეს ერთმანეთისგან. ვინაიდან ეს მეტალები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება, მეცნიერები თვლიან, რომ ეს რთული სულაც არ იქნება.
რაც მთავარია, მეთოდის დიდ მასშტაბზე გამოყენება შესაძლებელია. შესაბამისად, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მომდევნო წლებში ტექნიკას უკვე პრაქტიკაშიც შევხვდებით.
მრეწველობაში დღითიდღე უფრო იზრდება საჭიროება, რომ არაორგანული ქიმიური ნივთიერებებისათვის ალტერნატივები მოვძებნოთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, როცა საქმე ნარჩენების, თუნდაც ალუმინის, ამოღებასთან გვაქვს.
პირომეტალურგიულ ტექნიკებთან შედარებით, ჰიდრომეტალურგიული პროცედურები გარემოსთვის ნაკლებად საზიანოა. შესაბამისად, ზოგიერთი მადნისა და სამრეწველო ნარჩენის კუთხით იგი განსაკუთრებით გამოსადეგი შეიძლება აღმოჩნდეს.
საგულისხმოა ისიც, ჰიდრომეტალურგია საშუალებას იძლევა, დაბალხარისხიანი მადნიდან და მეორეული წყაროებიდან ძვირფასი მეტალები ამოვიღოთ. ეს წრიულ ეკონომიკასა და რესურსების მდგრადობას უწყობს ხელს.
კომენტარები