სიცოცხლისა და ელექტრონიკის სინთეზი: შექმნეს პროთეზი, რომელიც ადამიანის ძვლებსა და ქსოვილებს ერწყმის
ბიონიკური ხელის მქონე ქალს შეუძლია, გარკვეულ დონეზე შეხება იგრძნოს და ხუთივე ხელოვნური თითი ცალ-ცალკე ამოძრაოს. ინოვაციური პროთეზი მის ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს პირდაპირ უკავშირდება.
50 წლის შვედ ქალს, კარინს, უკვე ახალი ბიონიკური კიდური აქვს, რომელიც მის ბუნებრივ ქსოვილებს პირდაპირ ერწყმის და არაერთი მოქმედების ეფექტიანად შესრულების საშუალებას აძლევს. კარინმა ხელი ორი ათწლეულის წინ დაკარგა, ტექნოლოგიის წყალობით კი მისი ცხოვრების ხარისხი უკვე საგრძნობლად გაუმჯობესდა.
ახალ ბიონიკურ ხელს Mia Hand შეარქვეს. იგი იტალიურმა კომპანია Prensilia-მ შექმნა, რომელიც რობოტულ და ბიოსამედიცინო მოწყობილობებზე მუშაობს.
ბიონიკური ხელი რევოლუციურ ტექნოლოგიას ეფუძნება, რომელიც მომხმარებლის ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს პირდაპირ უკავშირდება. ასე მანქანა-ადამიანის ინტერფეისი იქმნება, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს საშუალებას აძლევს, ტვინის სიგნალები ზუსტ, თუმცა მარტივ მოქმედებებში გადმოიტანოს.
განსხვავებით ტრადიციული ტექნოლოგიებისგან, სენსორული ელექტროდები რობოტული ხელის შიგნითაა ჩამაგრებული და არა გარედან, ამიტომ ხელი პირდაპირ ნერვულ სტიმულაციას მუდმივად აღიქვამს, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე.
შედეგად ხელოვნური ხელის მქონე კარინს უკვე შეუძლია, გარკვეულ დონეზე შეხება იგრძნოს და ხუთივე ბიონიკური თითი ცალ-ცალკე ამოძრაოს შემთხვევათა 95%-ში. ქალი ყოველდღიური აქტივობების 80%-ს ასრულებს წარმატებით: ამზადებს საკვებს, საგნებს ხელში იჭერს, სარგებლობს ელვა შესაკრავებით და ა.შ.
მკვლევრების თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც შიგნით ჩასმულმა ელექტროდებმა იდაყვს ქვემოთ ხანგრძლივად იმუშავა. ცნობილია, რომ ტრადიციული პროთეზების შემთხვევაში ელექტროდები უმეტესად გარედანაა მიმაგრებული.
როცა ელექტროდები შიგნითაა, სენსორული სიგნალები ამ დროს რობოტულ ხელში ისევე კარგად არ გადაადგილდება, ამიტომ კიდურის მართვა შედარებით შეზღუდულია. ეს პრობლემა პროთეზული ტექნოლოგიების კუთხით დაახლოებით 60 წელია არსებობს.
ინჟინერი მაქს ორტის კატალანი, კვლევის ხელმძღვანელი, ათი წელი მუშაობდა უკეთეს ვარიანტზე — "ოსეოინტეგრაციაზე". ამ დროს, როცა იმპლანტანტი ადამიანის ძვალზე თავსდება, ძვლის უჯრედები იმპლანტანტის გარშემო იზრდება.
"ინტეგრაცია იმდენად ძლიერია, რომ რეალურად შეგვიძლია, ხელოვნური კიდური პირდაპირ ჩონჩხს მივამაგროთ", — განმარტავს ორტის კატალანი ვიდეოში.
მისი თქმით, როცა ეს ტექნიკა რეკონსტრუქციულ ქირურგიას ერწყმის, "ნამდვილად შეუძლია ბიოლოგია და ელექტრონიკა გააერთიანოს".
პროთეზისთვის ინტერფეისის უზრუნველსაყოფად ქალს ორი იმპლანტანტი მიამაგრეს იდაყვისა და სხივის ძვლებზე. შემდეგ კარინის ფეხიდან აღებული ქსოვილი ამ იმპლანტანტებს მიუერთეს, რათა ამპუტირებული ხელის ნარჩენზე არსებული კუნთები და ნერვები რაიმეს მიმაგრებოდა.
საგულისხმოა, რომ გადანერგილი კუნთის ქსოვილებს შიგნით ელექტროდები იყო, რათა ინტერფეისისათვის სიგნალების მიწოდება გაეძლიერებინა.
ტრადიციულ პროთეზებთან შედარებით, ტექნოლოგიის მეშვეობით კარინს მოჭიდების სიზუსტე ოთხჯერ გაუუმჯობესდა. საგულისხმოა ისიც, რომ მას პროთეზის მიღების შემდეგ ძლიერი ფანტომური ტკივილი მნიშვნელოვნად შეუმცირდა და ნაკლები მედიკამენტის მიღება ესაჭიროება. ამას გარდა, ვინაიდან ხელოვნური ხელი პირდაპირ ძვალზეა მიმაგრებული, მისი ტარება ბევრად მარტივია, ვიდრე ტრადიციული პროთეზების.
ბიონიკური შემქმნელი ორტის კატალანი ამჟამად უკრაინაშია, რათა ომისას ამპუტირებულ ადამიანებს დაეხმაროს.
კვლევა გამოცემაში Science Robotics გამოქვეყნდა.
კომენტარები