ისტორიაში პირველად, ხელოვნურმა ინტელექტმა ზეახალი ვარსკვლავი ადამიანის ჩარევის გარეშე აღმოაჩინა
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სისტემამ ზეახალი ვარსკვლავი ადამიანის ჩარევის გარეშე აღმოაჩინა.
ისტორიაში პირველად, ხელოვნურმა ინტელექტმა ზეახალი ვარსკვლავი ადამიანის ჩარევის გარეშე აღმოაჩინა. სისტემამ ზეახალი დამოუკიდებლად მოიძია, შეისწავლა და დაახარისხა.
ხელოვნურ ინტელექტს BTSbot ჰქვია და ის 1,4 მილიონზე მეტი სურათის დამუშავებით გაწვრთნეს. ამისთვის 16 000-ზე მეტი წყარო გამოიყენეს.
ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ცნობით, ახალი სისტემა ვარსკვლავების აფეთქებას ავტომატიზირებულად აკვირდება. ეს არა მხოლოდ გამორიცხავს ადამიანურ შეცდომებს, არამედ მკვეთრად ზრდის აღმოჩენების ტემპს.
"ეს მკვლევრებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის. ამ მიდგომით კოსმოსური აფეთქებების აღმოჩენის ტემპი დაჩქარდება და გაიზრდება ჩვენი შესაძლებლობები", — თქვა ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ასტრონომმა, ადამ მილერმა.
მკვლევრების თქმით, ეს მათ ვარსკვლავების სიცოცხლის ციკლში უკეთ გარკვევაში დაეხმარება. ასევე მეტ ინფორმაციას მიიღებენ ზეახალის ელემენტებზე, როგორიცაა ნახშირბადი, რკინა და ოქრო.
ზეახალ ვარსკვლავს SN2023tyk უწოდეს და ის ხელოვნურმა ინტელექტმა კალიფორნიაში განთავსებული (ZTF) მოწყობილობის გამოყენებით აღმოაჩინა. ტექნლოგია ჩრდილოეთის ცას ყოველ ორ დღეში ერთხელ აკვირდება.
სისტემამ ზეახალი ვარსკვლავის ძიება 3 ოქტომბერს დაიწყო და 5 ოქტომბერს ის უკვე აღმოჩენილი ჰქონდა. რაც შეეხება აღმოჩენის დადასტურებას, ხელოვნურ ინტელექტს ამისთვისაც ორი დღე დასჭირდა.
"ZTF ექვსი წელია რაც ფუნქციონირებს და ამ მონაცემების ანალიზში ჩვენ 2 000 საათზე მეტი დავხარჯეთ. BTSbot-ის ახალი სისტემა დროის დაზოგვაში დაგევხმარება", — თქვა ასტრონომმა კრისტოფერ ფრემლინგმა.
მიუხედავად იმისა, რომ ზეახალი ვარსკვლავი ძალიან კაშკაშაა, მსგავსი ობიექტები ცაზე არც ისე ხშირად გვხვდება. ამ ობიექტების გამოვლენის ტრადიციული მეთოდები ასტრონომებს საჭიროებს და ამაში დიდი დრო იხარჯება. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა და აქედან გამომდინარე ითვლება, რომ ასტრონომებმა უამრავი ზეახალიდან მხოლოდ მცირე ნაწილი აღმოაჩინეს.
ზეახალი ვარსკვლავების შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან მათზე დაკვირვებით სამყაროს გაფართოების გაზომვაა შესაძლებელი.
ასტრონომების თქმით, BTSbot-ის სისტემას უამრვი ზეახალი ვარსკვლავის აღმოჩენა შეუძლია. ეს ასტრონომიისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
კომენტარები