ნახეთ: კოსმოსიდან გადაღებული კადრები მარსის ხეობათა უზარმაზარ სისტემას გვიჩვენებს
ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) ახალი, შთამბეჭდავი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც მისია Mars Express-ის ფარგლებში მარსის ორბიტიდანაა გადაღებული. ის წითელ პლანეტაზე მდებარე ხეობათა სისტემას გვიჩვენებს, რომელიც თითქმის 1190 კილომეტრ მანძილზეა გადაჭიმული და Noctis Labyrinthus, ანუ "ღამის ლაბირინთი" ეწოდება.
ეს უზარმაზარი კომპლექსი მზის სისტემაში უდიდესი მარინერის კანიონისა და ტარსისის სახელით ცნობილი ვულკანური პლატოს შუაშია განლაგებული.
"ყველაზე მაღალი პლატოები აქ ზედაპირის თავდაპირველ დონეს გვიჩვენებს, სანამ ის კოლაფსს განიცდიდა. ბევრ ადგილზე, ხეობების ფერდობებსა და ფსკერზე, გიგანტური მეწყრების კვალს ვხედავთ, სხვა არეალებში კი დიუნების დიდი ველებია, რომლებიც მარსზე არსებული ქარის მიერ ფერდობებიდან ზემოთ და ქვემოთ გაფანტულმა ქვიშამ წარმოქმნა", — აცხადებენ ESA-ში.
Mars Express, მისი მაღალი გარჩევადობის სტერეო კამერით, მარსზე 2003 წლიდან ფუნქციონირებს. მის მიერ დაფიქსირებული ახალი კადრები მეცნიერულად მნიშვნელოვანია, რადგან განსაკუთრებით ჩაზნექილ რეგიონებს გვიჩვენებს, რომლებსაც გრაბენები ეწოდება. ეს მარსის ვულკანურ წარსულზე გვაწვდის ინფორმაციას.
"ამ წარმონაქმნების ფორმირება ახლომდებარე ტარსისის რეგიონის მძლავრ ვულკანიზმს უკავშირდება. ამან მარსის ქერქის ზოგიერთი დიდი არეალის მაღლა აწევა, 'გაწელვა' და ტექტონიკურად დაძაბვა გამოიწვია, რაც მის დათხელებას, რღვევასა და ჩაზნექას დაედო საფუძვლად", — განმარტავენ მეცნიერები.
Mars Express იმ ზონდებს შორისაა, რომლებიც წითელი პლანეტის ორბიტაზე გადაადგილდება, იქიდან ამინდს აკვირდება და ციური სხეულის წარსულს იკვლევს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მარსს ძველად სქელი ატმოსფერო ჰქონდა, ხოლო მის ზედაპირზე მდინარეები და ტბები იყო. სხვა აპარატებით სპეციალისტები გრუნტის შემადგენლობას აანალიზებენ და სიცოცხლის პოტენციური კვალის მოძიებას ცდილობენ.
კომენტარები