13 წიგნი, რომლის წაკითხვაც მისწრებაა ოქტომბერში
"როგორ მიხარია, იმ სამყაროში რომ ვცხოვრობ, სადაც ოქტომბრის თვე არსებობს".
ოქტომბერი განსაკუთრებული თვეა. როცა ჰაერს სიგრილე ეპარება, გარეთ სეირნობისას კი ფეხქვეშ ჩამოცვენილი ფოთლების ხრაშუნი გვესმის, ვრწმუნდებით, რომ ნამდვილი შემოდგომა დადგა. ეს თვე იმითაცაა გამორჩეული, რომ საშიში, დაძაბული და ჯადოსნური ამბების საყურებლად ან საკითხავად იდეალურ ატმოსფეროს ქმნის. მართალია, ჩვენთან ჰელოუინის აღნიშვნის დიდი ტრადიცია არ არსებობს, მაგრამ ოქტომბერში თბილად მოკალათებას, ცხელი სასმლით სავსე ჭიქის მომარჯვებას და ზღაპრულ ისტორიებში თავით გადაშვებას არაფერი ჯობს.
ამიტომ, გადავწყვიტეთ, საგანგებოდ საოქტომბრო საკითხავის სია შეგვედგინა მათთვის, ვისაც დრაკულას ან ფრანკენშტაინის გადაკითხვა უკვე მოჰბეზრდა.
1. ნილ გეიმანის სასაფლაოს წიგნი
ეს სია რომ ნილ გეიმანით არ დაგვეწყო, დანაშაული იქნებოდა. გეიმანი თანამედროვეობაში ფენტეზის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მწერალია, სასაფლაოს წიგნი კი — მისი გამორჩეული რომანი. ნაწარმოები ობოლ ბიჭზე, არავინზე, მოგვითხრობს, რომელსაც მშობლების სიკვდილის შემდეგ სასაფლაოზე მოჩვენებები ზრდიან. ისტორიას კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს მატებს კრის რიდელის ილუსტრაციები. ამ წიგნით კი გეიმანმა ორი პრესტიჟული ლიტერატურული პრიზიც, კარნეგისა და ნიუბერის მედლები, მოიპოვა.
ისე კი, ოქტომბერი გეიმანის სხვა წიგნების საკითხავადაც შესაფერისი სეზონია; ასე რომ, სურვილი თუ გექნებათ, სასაფლაოს წიგნს ავტორის სხვა რომანებიც, კორალაინი და ოკეანე ქუჩის ბოლოს, შეგიძლიათ მიაყოლოთ.
2. სტივენ კინგის სალიმს-ლოტი
თანამედროვე ჰორორის მეფედ შერაცხილი ამერიკელი მწერლის ეს რომანი თითქმის ნახევარი საუკუნის წინ გამოიცა და უკვე კლასიკადაც იქცა. თუმცა, ქართულ ენაზე წიგნი მხოლოდ 2023 წლის დასაწყისში გამოიცა. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ბენ მირსი ასევე მწერალი გახლავთ, რომელიც ბავშვობის ქალაქს ახალ რომანზე სამუშაოდ უბრუნდება. მირსი, რომელსაც დასახლებასთან ისედაც ტრავმული წარსული აკავშირებს, ქალაქში უცნაურ ამბებს ამჩნევს, მერე კი ვამპირების არსებობასაც ირწმუნებს. სალიმს-ლოტი კინგისთვის მეორე გამოცემული რომანია, მის მიხედვით კი არაერთი კინო, რადიო და სატელევიზიო ადაპტაციაა შექმნილი.
3. თამარ ფოლადაშვილის ძვლების წიგნი
ძვლების წიგნი ახალგაზრდა ქართველი მწერლის, თამარ ფოლადაშვილის, რიგით მეორე რომანია. ავტორის სადებიუტო დისტოპიურმა რომანმა სიკვდილის ახსნა, რომელიც 2016 წელს გამოიცა, ბევრი მკითხველის ყურადღება მიიქცია. ჟანრულ პროზას ეკუთვნის ჰორორის ელემენტებით გაჯერებული ძვლების წიგნიც, რომელიც 2023 წლის საბაზე წლის საუკეთესო რომანის კატეგორიაში იყო ნომინირებული. ნაწარმოების მთავარი გმირი გამზრდელი ბებიის სიკვდილის შემდეგ მის დასაკრძალად სოფელში ჩადის. თუმცა, იქ უცნაური ამბების მომსწრე ხდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბებიის ცხედარი იკარგება.
აღსანიშნავია, რომ თამარ ფოლადაშვილი იუნესკოს პროექტის, თბილისი — წიგნის მსოფლიო დედაქალაქი, სარეზიდენციო გაცვლითი პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და ძვლების წიგნზეც სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ესპანეთის ქალაქ ლა-კორუნიაში მუშაობდა.
4. რეი ბრედბერის ბოროტი მოდის აქ, კაცის მტერი
კინგის არ იყოს, განსაკუთრებულ წარდგენას არც რეი ბრედბერი საჭიროებს. მით უმეტეს, რომ მწერლის ეს რომანი უკვე ექვს ათწლეულზე მეტია, დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს მკითხველთა სხვადასხვა თაობაში. ბოროტი მოდის აქ, კაცის მტერი ფენტეზისა და ჰორორის ჟანრების ნაზავია და გვიყვება ორ მოზარდ ბიჭზე, რომლებიც გამოგონილ ქალაქ გრინთაუნში ცხოვრობენ. ბიჭები უჩვეულო მოვლენების პირისპირ მას შემდეგ აღმოჩნდებიან, რაც ჰელოუინის მოახლოებისას დასახლებას მოხეტიალე ცირკი ეწვევა. ბრედბერის ეს წიგნი გრინთაუნის ერთგვარი ციკლის ნაწილია — სერია, რომელიც ერთ ქალაქში განვითარებულ სხვადასხვა ამბავზე დაწერილ სამ რომანს აერთიანებს (მათ შორის — ბაბუაწვერას ღვინოს).
5. ჯემალ ქირიას მარადი მხედარი
ჯემალ ქირია ქართული ფენტეზის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან ამ ჟანრის ელემენტებით გაჯერებული რომანები და მოთხრობები ავტორმა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გამოსცა. ერთ-ერთი და ყველაზე პოპულარული მათგანია რომანი მარადი მხედარი, რომელიც პირველად 1980 წელს ჟურნალ ცისკარში დაიბეჭდა. წიგნი ბედიების ოჯახის ამბავს მოგვითხრობს, რომელშიც რეალობა ირეალურს ერწყმის. ნაწარმოები კოლხური მითოლოგიითაც საზრდოობს და ზღაპრულ სახეებს მე-20 საუკუნის ისტორიულ სინამდვილეში აცოცხლებს.
6. მოირა ფაული-დოილის უბედური შემთხვევების სეზონი
ერთ ოჯახს თავსდატეხილი ქარტეხილების ამბავზე გვიყვება თანამედროვე ირლანდიელი მწერალი მოირა ფაული-დოილიც, რომლის სადებიუტო რომანს უბედური შემთხვევების სეზონი დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წიგნი ფენტეზიზე ან თუნდაც ჰორორზე მეტად მაგიური რეალიზმის ჟანრს განეკუთვნება. ისტორია კი მოზარდ კარაზეა, რომლის ოჯახსაც ყოველ წლის ოქტომბერში ერთიმეორეზე საშინელი ამბები ატყდება ხოლმე თავს; უბედური შემთხვევების სეზონმა გოგოს მამის სიცოცხლეც კი შეიწირა. ეს პირქუში, ჩამთრევი ამბავი ოქტომბრის თვეში წასაკითხად ზედგამოჭრილია.
7. დაფნა დიუ მორიეს რებეკა
რებეკა ნამდვილი კლასიკაა — ეს რომანი უკვე ბევრი ათწლეულია, დამსახურებულად იკავებს ადგილს გოთიკური ჟანრის ყველაზე აღიარებულ წიგნებს შორის. ინგლისელი მწერლის, დაფნა დიუ მორიეს, ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, ერთი შეხედვით, ნაცნობ ფაბულას მიჰყვება — ახალგაზრდა ქალი მდიდარ ქვრივზე ქორწინდება, მერე კი აღმოაჩენს, რომ უზარმაზარ სახლსა და მამულს კაცის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ცოლის, რებეკას, ხსოვნა არ ტოვებს. 1938 წელს გამოცემული რებეკა მალევე გახდა ბესტსელერი, მისი ტირაჟების განახლება კი დღემდე არ შეწყვეტილა. ნაწარმოების მიხედვით ალფრედ ჰიჩკოკმა ფილმიც გადაიღო, რომელმაც 1940 წელს ოსკარი დაიმსახურა საუკეთესო კინოსურათის ნომინაციაში.
8. ენ რაისის ინტერვიუ ვამპირთან
ენ რაისი გოთიკის ჟანრის კიდევ ერთი კლასიკოსი გახლავთ. ამერიკელმა მწერალმა, რომელმაც ვამპირებზე, მაქციებზე და ჯადოქრებზე წერას თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი მიუძღვნა, გარდატეხა მოახდინა ამ ჟანრის ლიტერატურაში. მწერლის ყველაზე ცნობილი წიგნების სერია ვამპირის ქრონიკებია, რომელიც ჯამში 13 რომანს აერთიანებს. მათგან პირველი და ყველაზე ცნობილია ინტერვიუ ვამპირთან. წიგნი, რომლის დაწერისკენაც რაისს შვილის სიკვდილმა უბიძგა, 1976 წელს გამოიცა და ავტორს მაშინვე მოუტანა პოპულარობა. ნაწარმოები 200 წლის ვამპირ ლუიზე მოგვითხრობს, რომელიც თავის ცხოვრებაზე და მე-18 საუკუნის ახალ ორლეანში გატარებულ წლებზე ჟურნალისტს უყვება. რომანის მთავარი ანტაგონისტი, ლესტატ დე ლიონკური, მოგვიანებით ვამპირის ქრონიკების სერიის მთავარი გმირი გახდა.
რაისის წიგნების ეს სერია მსოფლიოში 80 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული. ინტერვიუ ვამპირთან კი ჰოლივუდში ბლოკბასტერადაც გადაიღეს, სადაც მთავარ როლებს ანტონიო ბანდერასი, ტომ კრუზი და ბრედ პიტი ასრულებენ. ვამპირის ქრონიკების მიხედვით AMC-მ სერიალიც გადაიღო.
9. შირლი ჯექსონის ჰილჰაუსის მოჩვენება
ამ წიგნის სათაური თუ გეცნოთ, მაგრამ ავტორის სახელი — არა, ეს ალბათ ნეტფლიქსის ამავე სახელწოდების სერიალის დამსახურებაა. ჰილჰაუსის მოჩვენება კვლავაც ჟანრის კლასიკად მიიჩნევა, შირლი ჯექსონი კი — მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკელ მწერლად. მის ამ რომანში გოთიკისთვის დამახასიათებელი პირქუში ატმოსფერო ფსიქოლოგიური თრილერის ელემენტებს ერწყმის. სიუჟეტის მიხედვით, სხვადასხვა საქმისა და მიზნის მქონე ოთხი ადამიანი იდუმალებით მოცულ სააგარაკო სახლს სტუმრობს. შირლი ჯექსონმა და ჰილჰაუსის მოჩვენებამაც დიდი გავლენა მოახდინეს ამერიკულ მწერლობაზე. სტივენ კინგი რომანს მე-20 საუკუნის საუკეთესო ჰორორად მიიჩნევს, ნილ გეიმანი კი — თავის წაკითხულ წიგნებს შორის ყველაზე საშიშ ნაწარმოებად.
10. რევაზ-გიორგი არველაძის მოთხრობები ქართლიდან
დებიუტანტი ქართველი ავტორის ეს კრებული 8 მოთხრობას უყრის თავს. შთამბეჭდავი ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნი კი კარგად ნაცნობ ქართულ მითურ პერსონაჟებს ახლებურად აცოცხლებს მკითხველის თვალწინ. მოთხრობები ქართლიდან ჰორორისა და ფენტეზის ჟანრის მოყვარულებისთვის განსაკუთრებულად საყვარელ დინამიკურ თხრობას კინოსთვის დამახასიათებელ დაძაბულობის შეგრძნებას უხამებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ავტორმა წიგნი ინგლისურ ენაზე, უცხოელი მკითხველისთვის ქართული მითოსისა და წეს-ჩვეულებების გასაცნობად დაწერა. ამერიკაში გამოცემის შემდეგ კი, მოთხრობები ქართლიდან 2023 წელს უკვე ქართველ მკითხველსაც შეხვდა.
11. თეა ინასარიძის მეცხრე ფლიგელი
მეცხრე ფლიგელი თეა ინასარიძისთვის რიგით მეორე რომანია, მაგრამ პირველი მცდელობა —თრილერის ჟანრის ნაწარმოების შექმნისა. თუმცა, წიგნს სულ არ ეტყობა, რომ ავტორი ჟანრში დებიუტანტია; მეცხრე ფლიგელი ჩამთრევი, როგორც იტყვიან, ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ტექსტია, რომელიც განსაკუთრებით მოეწონებათ მინიშნებებისა და შიფრების ამოხსნით გატაცებულ ადამიანებს. ამბავი ახალგაზრდა ფოტოგრაფ გოგოზე ჰყვება, რომელიც კლუბში უცნობ კაცთან შეხვედრის შემდეგ იდუმალი ამბების მონაწილედ იქცევა. სხვათა შორის, მეცხრე ფლიგელი პირველი ქართული წიგნია, რომელშიც წერილია დაშიფრული, მისი გამოცემის აღსანიშნავად კი ავტორმა მიტოვებულ შენობაში დეტექტიური თამაშიც მოაწყო.
12. რენსომ რიგზის მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის
ეს წიგნი თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ, ტიმ ბარტონის 2016 წლის ფილმი მაინც გექნებათ ნანახი — მთავარ როლში ევა გრინით. სხვათა შორის, წიგნის ავტორი რენსომ რიგზიც რეჟისორი გახლდათ თავიდან. მოგვიანებით, ჯერ უჩვეულო და იშვიათი ფოტოების შეგროვებას მიჰყო ხელი, მერე კი ამ ფოტოებზე ამბის შეთხზვა გადაწყვიტა. შედეგად, მივიღეთ მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის — ძველისძველი, გაცვეთილი ფოტოებით გაფორმებული ფენტეზი რომანი, რომელიც განსაკუთრებული უნარებით დაჯილდოებულ მოზარდებზე და დროის მარყუჟში მოქცეული მათი სახლის უფროსზე, მის პერეგრინზე, მოგვითხრობს. წიგნი The New York Times-ის ბესტსელერი გახდა, რიგზმა კი მოგვიანებით გაგრძელებებიც დაწერა.
13. ერინ მორგენსტერნის ღამის ცირკი
ერინ მორგენსტერნს ორადორი რომანი აქვს გამოცემული, მაგრამ ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფანტასტი ავტორია. ღამის ცირკი მისთვის სადებიუტო წიგნი იყო. ეს არის ზღაპრული ამბავი ვიქტორიანული პერიოდის ჯადოსნურ ცირკზე, რომელიც მნახველებს მხოლოდ მოსაღამოებისას უღებს კარს. დაუვიწყარი წარმოდგენები კი გაუფრთხილებლად, ანონსების გარეშე იმართება. წიგნის მთავარი გმირები სელია და მარკუსი არიან — ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯადოქრის გაწვრთნილი ახალგაზრდა — რომელთაც ერთიმეორესთან დუელში შეხვედრა მოუწევთ.
ღამის ცირკს მკითხველების აღფრთოვანებული გამოხმაურება ხვდა წილად. რომანი ითარგმნა 37 ენაზე და გაიყიდა სამ მილიონზე მეტ ეგზემპლარად. წიგნმა 2012 წელს ფანტასტიკის ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, ლოკუსის პრემიაც, დაიმსახურა.
კომენტარები