NEXT.On.ge აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ეძებს STEM მასწავლებლებს, რომლებსაც კამერასთან საუბარი და რთული საკითხების მარტივად ახსნა შეუძლიათ.

ჩვენი მიზანია, ასეთი მასწავლებლები ვიპოვოთ, ისინი ჩვენს აუდიტორიას გავაცნოთ და მათთან ერთად შევქმნათ მოკლე საგანმანათლებლო ვიდეოები მათი სპეციალობის გარშემო.

მოსწავლეთა ინტერესებსა და პროფესიულ არჩევანზე მასწავლებლებს საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ. მეორე მხრივ, საქართველოში STEM საგნების პოპულარიზაციის საჭიროება ჯერაც დიდია. სწორედ ამიტომ, დროა, სფეროს საუკეთესო მასწავლებლები საკლასო ოთახს გასცდნენ და სოციალური ქსელებისა თუ ჩვენი მედიის დახმარებით სათქმელი უფრო ფართო აუდიტორიამდე მიიტანონ.

ჩვენ შესახებ

NEXT.On.ge ქართული გამოცემაა, რომელიც მკითხველს უკვე მეოთხე წელია, სამეცნიერო-ტექნოლოგიური თემატიკის სიახლეებით ამარაგებს. გუნდი მიზნად ისახავს, ქართულ საზოგადოებაში Sci-Tech საკითხებზე ცნობიერება აამაღლოს, სფეროსადმი ნდობა გაზარდოს და ყველას მისცეს საშუალება, მიმდინარე მოვლენებს აუწყონ ფეხი.

ჩვენ მკითხველის ინფორმაციულ საჭიროებებს ვაფასებთ და მათ ინტერესებს სამეცნიერო ცოდნაზე, სანდო წყაროებსა თუ ანგარიშგასაწევ კვლევებზე დაყრდნობით ვაკმაყოფილებთ. აღნიშნული პროექტი ჩვენი გამოცემის შემდეგი ნაბიჯია, რომლის დახმარებითაც გვინდა, Sci-Tech ჟურნალისტებმა STEM-მასწავლებლების მხარდამხარ ვიმუშაოთ და ქართულენოვან ინტერნეტში ერთად გავაძლიეროთ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ხმა.

პროექტის დეტალები

შესარჩევი კონკურსის დასრულებისას მთელი საქართველოდან 10 მასწავლებელი აირჩევა.

პროექტის თითოეული მონაწილე NEXT.On.ge-ს გუნდთან ერთად 4 თვის განმავლობაში იმუშავებს 4 ვიდეოზე — შეარჩევს საინტერესო თემებს საკუთარი სპეციალობიდან, გუნდის დახმარებით შექმნის ვიდეოს სცენარს, დაგეგმავს ექსპერიმენტებს ან დემონსტრაციებს და მათ კამერის წინ, გადაღებისას, გვაჩვენებს.

პროექტის მონაწილე მასწავლებლები ვიდეომასალების შექმნის გამოცდილებას მიიღებენ და NEXT.On.ge-ს აუდიტორიასა თუ სოციალური ქსელების მომხმარებლებს საკუთარ თავს გააცნობენ. თითოეული მათგანისთვის განსაზღვრულია ანაზღაურება 985 დოლარის ოდენობით.

შესარჩევი კონკურსი

პროექტის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებლებს, რომლებიც ასწავლიან ამ საგნებიდან რომელიმეს:

  • ფიზიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია
  • მათემატიკა
  • ელექტროინჟინერია
  • რობოტიკა
  • პროგრამირება

პროექტში ჩართული STEM მასწავლებლები უნდა გამოირჩეოდნენ საკუთარი სფეროსადმი ენთუზიაზმით, სხარტი მეტყველებითა და გადმოცემის უნარით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საცდელი მოკლე საგანმანათლებლო ვიდეო უნდა გადაიღოთ, რომელშიც თქვენი დარგიდან ერთ კონკრეტულ საკითხს ახსნით.

გაითვალისწინეთ, რომ:

  • საცდელი ვიდეო არ გამოქვეყნდება საჯაროდ; NEXT.On.ge-ის რედაქცია მას მხოლოდ კანდიდატის შესაფასებლად გამოიყენებს;
  • საკონკურსო ვიდეოს ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 30 წამი და მაქსიმუმ 2 წუთი;
  • საცდელ ვიდეოში უნდა ჩანდეთ და საუბრობდეთ თქვენ (თუმცა, თუ საჭიროა, შეგიძლიათ დაიხმაროთ "მსახიობიც" — მოსწავლე, მეგობარი ან ოჯახის წევრი);
  • უნდა შეარჩიოთ ერთი კონკრეტული თემა, პრობლემა ან საკითხი. არა უშავს, თუ 2-წუთიან ვიდეოში თემის ახსნას სრულად და სიღრმისეულად ვერ მოასწრებთ;
  • შეგიძლიათ, სასაუბრო ტექსტთან ერთად საკონკურსო ვიდეოში წარმოადგინოთ ექსპერიმენტი, დემონსტრაცია ან თვალსაჩინოება;
  • საცდელი ვიდეო შეგიძლიათ გადაიღოთ როგორც ვებკამერით, ასევე მობილურით;
  • საკონკურსო ვიდეოს გადაღების ან ხმის ხარისხი, ასევე მონტაჟის ან გრაფიკის არსებობა მნიშვნელოვანი არ არის. ყურადღება ექცევა მხოლოდ ვიდეოს შინაარსს, შერჩეულ საკითხსა და კანდიდატის გადმოცემის უნარს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაამზადეთ საცდელი საგანმანათლებლო ვიდეო და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. ფორმის შევსება შესაძლებელია 15 ოქტომბრის 18:00 საათამდე.

განახლება: მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ფორმის შევსება შესაძლებელი იქნება 20 ოქტომბრის 18:00-მდე.

სააპლიკაციო ფორმასთან დაკავშირებული ან სხვა კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელფოსტით მისამართზე [email protected] ან მოგვწერეთ NEXT.On.ge-ს ფეისბუკგვერდზე, Messenger-ში.