მედუზები გამოცდილებებიდან სწავლობენ, მაგრამ ამისათვის ტვინს არ იყენებენ — როგორ
მედუზა ტვინის გარეშე, რომელიც წარსულის გამოცდილებიდან სწავლობს
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მედუზებს ადამიანების მსგავსად წარსულის გამოცდილებიდან სწავლა შეუძლიათ. დანიელმა და გერმანელმა მკვლევრებმა კარიბის ზღვის მედუზა (Tripedalia cystophora) შეისწავლეს, რომელსაც დაბრკოლებების დამახსოვრება და გადალახვა შეუძლია.
რაც საინტერესოა, მედუზა ამისთვის ტვინს არ იყენებს. მედუზების უმეტესობის მსგავსად, T. cystophora-ს არ აქვს ცენტრალიზებული ტვინი. მედუზას არ აქვს ტვინი, მაგრამ ათობით თვალს იყენებს. მას ნეირონები თვალის სენსორულ სტრუქტურაში აქვს, რომელსაც ვიზუალიზაციისთვისა და ნავიგაციისთვის იყენებს.
24 თვალი
"როგორც ჩანს, კომპლექსური აზროვნება აუცილებლად ცენტრალიზებულ ტვინს არ მოითხოვს. ინფორმაციის დამუშავება და სწავლება მის გარეშეც შესაძლებელია. ჩვენ ვიცით, რომ ახალი ინფორმაციის დამუშავება ნერვული სისტემის მწვერვალია", — თქვა იან ბიელეცკიმ, კვლევის ავტორმა.
საუბარია ასოციაციურ სწავლის ტიპზე, რომელიც აქამდე მხოლოდ ხერხემლიანებში, ართროპოდებსა და მოლუსკებში ფიქსირდებოდა. ასოციაციური სწავლა კონდიცირების გზით ხდება. მაგალითად, თუ თქვენ შეეხებით ცხელ რკინას და ის დაგწვავთ, მაშინ მას ტკივილს უკავშირებთ. შესაბამისად, ეცდებით იგივე აღარ გაიმეოროთ.
"თუ რთული სტრუქტურების გაგება გსურს, ჯობია რაც შეიძლება მარტივით დაიწყო. მედუზების შედარებით მარტივ ნერვულ სისტემაზე დაკვირვება საქმეს გვიადვილებს და ასე ყოველი დეტალის გამოვლენის შანსი გვაქვს", — თქვა ანდერს გარმმა, კვლევის ავტორმა.
"გასაოცარია, რამდენად სწრაფად სწავლობენ მედუზები. ეს დაახლოებით იგივე სიჩქარით ხდება, როგორც ყველაზე განვითარებული ცხოველების შემთხვევაში. როგორც ჩანს, ეს უმარტივეს ნერვულ სისტემასაც კი შეუძლია", — აღნიშნულია კვლევაში.
კომენტარები