დედამიწის ორბიტაზე 2 კოსმოსური ნარჩენი თითქმის ერთმანეთს შეეჯახა
ჩვენი პლანეტის ორბიტაზე ახლახან 2 კოსმოსური ნარჩენი ერთმანეთთან შეჯახებას მცირედით გადაურჩა. კომპანია Leolabs-მა, რომელიც დედამიწის გარშემო მოძრავ ხელოვნურ თანამგზავრებსა და სხვა ობიექტებს აკვირდება, მომხდარი 13 სექტემბერს შენიშნა.
მისი ინფორმაციით, ამ ობიექტებიდან ერთი საბჭოთა კავშირის დროინდელი, 400-კილოგრამიანი ზონდი Cosmos 807-ა, რომელიც კოსმოსში 1976 წელს გაუშვეს. მეორე კი თითქმის 2000-კილოგრამიანი ჩინური რაკეტის Long March 4C ნაწილია, რომლის მისიაც 5 წლის წინ შედგა.
თითოეული მათგანი ორბიტაზე ძალიან სწრაფად გადაადგილდება. კერძოდ, ერთმანეთთან ჩავლისას მათი სიჩქარე დაახლოებით 7.5 კმ/წმ იყო, რა დროსაც ეს ნარჩენები 690 კილომეტრამდე სიმაღლეზე მოძრაობდა. Leolabs-ის ვარაუდით, მათი შეჯახება და დანაწევრება დედამიწის დაბალ ორბიტაზე დაახლოებით 3000 ფრაგმენტს წარმოქმნიდა, რომლებიც იქ დიდი ხნის განმავლობაში დარჩებოდა და ზონდებს საფრთხეს შეუქმნიდა.
კომპანია Leolabs-ის გამოთვლებით ზემოხსენებულ ობიექტებს შორის მანძილი 36 მეტრს შეადგენდა (±13მ). ეს ნიშნავს, რომ შეჯახების ალბათობა 0.1% იყო, ანუ ათასში ერთი.
ამის მიუხედავად, პოტენციური საფრთხე მაინც დიდია, რადგან ეს ნარჩენები ბოლო წლებში შეჯახებას მრავალჯერ გადაურჩა. ორბიტული სიჩქარით მოძრაობისას მცირე ზომის ფრაგმენტებიც კი რისკის შემცველია როგორც კოსმოსური სადგურებისთვის, ისე ხელოვნური თანამგზავრებისა და ასტრონავტებისთვის.
ეს ორბიტული ნარჩენების პრობლემურობას კიდევ ერთხელ ცხადყოფს. მართალია, კონკრეტული კომპანიები და ქვეყნები ასეთი ფრაგმენტების რაოდენობის შესამცირებლად გარკვეულ ნაბიჯებს დგამენ, მაგრამ ჯერჯერობით წინსვლა მაინც არ შეინიშნება.
კომენტარები