ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა სამყაროს გაფართოების სიჩქარე გაზომა
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კოსმოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხის შესახებ ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა: მან სამყაროს გაფართოების სიჩქარე გაზომა. შედეგები ჰაბლის მონაცემებთან თანხვედრაშია, რაც ე.წ. ჰაბლის დაძაბულობას (სხვადასხვა მეთოდით შესწავლისას მიღებული განსხვავებული მაჩვენებლების პრობლემურობას) აღრმავებს.
კოსმოსი, ერთი შეხედვით, უცვლელია, მაგრამ ის ფართოვდება, რასაც ჰაბლის მუდმივა ეწოდება. იმის მიხედვით, თუ რა გზით ვცდილობთ ამ პროცესის სიჩქარის დადგენას, განსხვავებულ შედეგებს ვიღებთ. მაგალითად, ადრეული სამყაროს ნაშთის, კოსმოსური მიკროტალღური ფონის გამოკვლევისას სულ სხვა მაჩვენებლამდე მივდივართ, ვიდრე ცეფეიდების ტიპის ვარსკვლავების გაანალიზებისას. ასეთი მნათობები სიკაშკაშის ცვლილების ზუსტი პერიოდულობით ხასიათდება, რაც კოსმოსური დისტანციების გამოთვლის საშუალებას იძლევა.
პირველი მეთოდით სამყაროს გაფართოების სიჩქარე 1 მეგაპარსეკზე 67კმ/წმ-ია (1 პარსეკი=3.26 სინათლის წელი), მეორით — 1 მეგაპარსეკზე 73 კმ/წმ. სწორედ ამას ეწოდება ჰაბლის დაძაბულობა, რომელსაც ისიც ართულებს, რომ ორივე ხერხი მრავალჯერ გამოცადეს და უზუსტობის შანსებიც საგრძნობლადაა შემცირებული.
ცეფეიდებზე დაფუძნებული მონაცემები, რომლებსაც გამოთვლებისთვის იყენებენ, მეტწილად ჰაბლის ტელესკოპს ეკუთვნის. ხმელეთზე განლაგებული ობსერვატორიებისგან განსხვავებით, მას შორეული ობიექტების დაფიქსირებაში დედამიწის ატმოსფერო ხელს არ უშლის. მათ ის ხილულ სპექტრში გვიჩვენებს და ასობით მილიონი სინათლის წლის დისტანციაზე მდებარე გალაქტიკებში ცეფეიდების იდენტიფიცირებასა და მათი სიკაშკაშის დროითი ინტერვალების გაზომვას ხდის შესაძლებელს.
იმისთვის, რომ სინათლის მკაფიოდ დანახვაში მტვრის ღრუბელმა არ შეგვიშალოს ხელი, მას ახლო ინფრაწითელ სპექტრში უნდა დავაკვირდეთ, რაც ჰაბლის პლუსი ნამდვილად არაა. შესაბამისად, ვარაუდობდნენ, რომ მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაში გარკვეული უზუსტობა შეიძლება ყოფილიყო.
ვების ტელესკოპისთვის მსგავსი სპექტრის დაფიქსირება რთული სულაც არაა, ამიტომ ის მეცნიერებმა ცეფეიდებისკენ მიმართეს. მან 320 ასეთი ობიექტი აღბეჭდა და უფრო მკაფიო მონაცემების მიუხედავად, ჰაბლის მსგავსი შედეგები მიიღო. ეს ნიშნავს, რომ მისი წინამორბედი ობსერვატორია არ ცდებოდა, ანუ ჰაბლის დაძაბულობა ისევ არსებობს.
ჯერჯერობით უცნობია, რა იწვევს ამ სხვაობას. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ამაში მნიშვნელოვან როლს ბნელი ენერგია შეიძლება ასრულებდეს, რომელსაც სამყაროში უარყოფითი წნევა შემოაქვს და მის გაფართოებას აჩქარებს.
ავტორთა ნაშრომი მალე გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდება.
კომენტარები