სხეული კანაბინოიდებს წარმოქმნის, ეს კი სტრესის დროს დამშვიდებაში შეიძლება გვეხმარებოდეს — კვლევა
კვლევა თაგვებზე ჩატარდა და დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ეს ადამიანებშიც ასე ხდება.
ახალი ნაშრომის თანახმად, სხეულის მიერ წარმოქმნილი კანაბინოიდური ნაერთები სტრესის დროს დამშვიდებაში შეიძლება გვეხმარებოდეს. აღნიშნული კვლევა თაგვებზე ჩატარდა.
რახანია ცნობილია, რომ ადამიანის სხეული ბუნებრივად წარმოქმნის ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც კანაფში არსებულ ფსიქოაქტიურ ნაერთებს — THC-სა (დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი) და CBD-ს (კანაბიდიოლი) — ძალიან ჰგავს.
ეს ნაერთები, ენდოკანაბინოიდები, 1992 წელს აღმოაჩინეს და მათზე ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. მიუხედავად ამისა, უფრო და უფრო მეტი ფაქტი მოწმობს, რომ ისინი სხეულის არაერთ ფუნქციაში შეიძლება ასრულებდეს მნიშვნელოვან როლს: დასწავლა და მეხსიერება იქნება ეს, ტკივილის კონტროლი თუ იმუნური რეაქციები.
ენდოკანაბინოიდებს მხოლოდ ადამიანები სულაც არ წარმოქმნიან — მიჩნეულია, რომ ეს ყველა ხერხემლიან სახეობას ახასიათებს. სავარაუდოდ, მექანიზმი იმაზე მილიონობით წლით ადრე განვითარდა, სანამ კანაბინოიდების წარმოქმნა მცენარეში, ჩვეულებრივ კანაფში, დაიწყებოდა.
ახალი კვლევის ფარგლებში ჩრდილოდასავლეთ უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სტრესის ქვეშ ყოფნისას თაგვების ამიგდალაში (ტვინის ემოციური ცენტრი) ენდოკანაბინოიდები გამოიყოფა. ეს ნაერთები ჰიპოკამპუსიდან (ტვინის რეგიონი, რომელიც მახსოვრობასა და ემოციებზე აგებს პასუხს) მომავალ სტრესის სიგნალებს ასუსტებს.
ამის დასამტკიცებლად მეცნიერებმა თაგვების ტვინებს კანაბინოიდების რეცეპტორები (CB1) გაუთიშეს. ამან, როგორც ჩანს, ცხოველებში სტრესთან გამკლავების უნარი შეასუსტა, რადგან სტრესში მყოფ თაგვებს ტკბილი სითხე ისე აღარ მოსწონდათ, როგორც მანამდე. მკვლევრების თქმით, ეს იმის მსგავსია, როდესაც სტრესთან დაკავშირებული აშლილობების მქონე ადამიანებს სიამოვნების განცდის უნარი უქვეითდებათ.
გასათვალისწინებელია, რომ ეს ფენომენი ამ ეტაპზე მხოლოდ თაგვებში შენიშნეს და ადამიანებზე ავტომატურად ვერ განზოგადდება. მეორე მხრივ, მეცნიერები ფიქრობენ, რომ, დიდი ალბათობით, ეს ჩვენს სახეობაშიც ასე ხდება.
თუ ეს მართლაც ასეა, შესაძლოა, მიგნება სტრესთან დაკავშირებული ფსიქიატრიული პრობლემების სამკურნალოდ ახალი გზების პოვნაში დაგვეხმაროს.
ნაშრომი ჟურნალში Cell Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები