ზონდი OSIRIS-REx ასტეროიდის ნიმუშების ჩამოსატანად დედამიწისკენ მოემართება
NASA-ს მიერ ასტეროიდ ბენუდან ნიმუშების მოსაპოვებლად და დედამიწაზე ჩამოსატანად გაგზავნილი მისია დედამიწისკენ მოემართება. კოსმოსურმა ზონდმა OSIRIS-REx 10 სექტემბერს ძრავები აამუშავა და მნიშვნელოვანი მანევრი განახორციელა, რომლის მეშვეობითაც ტრაექტორია ჩვენი პლანეტისკენ მომართა.
"ტრაექტორიის გასასწორებელმა მანევრმა ხომალდის სიჩქარე დედამიწასთან მიმართებით დაახლოებით 0.8კმ/სთ-ით შეიცვალა. ამ მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე აპარატი და მისი ასტეროიდული ტვირთი პლანეტას ასცდებოდა", — აცხადებენ აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოში.
OSIRIS-REx-ში მოთავსებულია ბენუზე შეგროვებული 250 გრამის ოდენობის გრუნტი და მტვერი, რომელიც მან 2020 წლის ოქტომბერში მოიპოვა. ეს ასტეროიდი 500-მეტრიანია და პოტენციურად საშიშად მიიჩნევა. მის ნიმუშებს ზონდი დედამიწაზე 24 სექტემბერს ჩამოიტანს.
"კონკრეტული სიჩქარითა და კუთხით მოძრაობის შედეგად კაფსულა განცალკევებიდან დაახლოებით 13 წუთში წინასწარ განსაზღვრულ, 58/14-კილომეტრიან არეალში დაეშვება: აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის იუტას ტესტირებისა და წვრთნის ზონაში, სოლტ ლეიკ სიტის სამხრეთ-დასავლეთით", — ვკითხულობთ NASA-ს ბლოგპოსტში.
ბენუს ნიმუშებს მეცნიერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეისწავლიან და შეეცდებიან, ჩვენი მზის სისტემის ფორმირებისა და ევოლუციის შესახებ მეტი გაიგონ. ამ მატერიის გამოკვლევამ შესაძლოა, ასევე, ნათელი მოჰფინოს ნახშირბადით მდიდარი ასტეროიდების როლს დედამიწაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" მოხვედრაში.
ცნობილია, რომ 17 სექტემბერს შესაძლოა, ზონდის ძრავები ისევ აამუშაონ, თუკი საჭიროდ მიიჩნევენ. პლანეტამდე მოღწევისას მას ნიმუშებით სავსე კაფსულა გამოეყოფა, აპარატი კი გზას ასტეროიდ აპოფისამდე განაგრძობს. დანიშნულების ადგილამდე ის 2029 წელს მიაღწევს.
კომენტარები