ესპანეთში გამოქვაბულის მხატვრობის 24 000 წლის წინანდელი ნიმუშები აღმოაჩინეს
ესპანეთში, ვალენსიაში, მეცნიერებმა გამოქვაბულის მხატვრობის ნიმუშებს მიაკვლიეს, რომლებიც პალეოლითის ხანაშია შექმნილი. ეს უდიდესი კოლექცია 100-ზე მეტი გამოსახულებისგან შედგება, რომელთა შორისაც სულ მცირე 19 სხვადასხვა ცხოველია, ნამუშევრები კი დაახლოებით 24 000 წლისაა.
აღმოსავლეთ ესპანეთში აქამდე პლეისტოცენის ეპოქის გამოქვაბულის მხატვრობის მხოლოდ 3 ნიმუში იყო აღმოჩენილი, რადგან უმეტესობა ქვეყნის ჩრდილოეთსა და პირენეების გასწვრივაა გაბნეული. Cova Dones-ის სახელით ცნობილ გამოქვაბულს, სადაც ახალ გამოსახულებებს მიაგნეს, მოგზაურები ხშირად სტუმრობდნენ, თუმცა 2021 წლის ივნისამდე მის კედლებზე ნახატები არ შეუნიშნავთ. წელს ჩატარებულმა კვლევამ მეცნიერებს, მისი, როგორც პალეოლითის ხანის მხატვრობის უმთავრესი "ნაკრძალის" იდენტიფიცირების საშუალება მისცა.
ავტორები ამბობენ, რომ გამოვლენილია 110-ზე მეტი გრაფიკული ერთეული, მთავარი ზონა კი გამოქვაბულში 400 მეტრ სიღრმეში მდებარეობს. კედლებზე ვხვდებით ცხენების, კეთილშობილი ირმების, პირველყოფილი ძროხების, მამალი ირმისა და 2 გაურკვეველი სახეობის ცხოველის გამოსახულებებს. დანარჩენი ნიმუშები სხვადასხვა ფორმის ხაზების სახითაა წარმოდგენილი.
სპეციალისტების თქმით, ამ ნამუშევრების შემქმნელები მრავალ მეთოდს მიმართავდნენ. მაგალითად, კედლებზე დაჩრდილული ფიგურების გამოსაყვანად ზედაპირს კირქვით კაწრავდნენ, რაც პალეოლითის ხანის მხატვრობისთვის იშვიათობაა. საინტერესოა ისიც, რომ ნახატების უმეტესობა კედლებზე წითელი თიხის წასმის გზით შეიქმნა, რაც ასევე მოულოდნელია. საქმე ისაა, რომ პრეისტორიულ მხატვრობაში, როგორც წესი, ამისთვის ჟანგმიწას ან დაფხვნილ მანგანუმს იყენებდნენ.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ნიმუშების ზუსტი დათარიღება შეუძლებელია. ამის მიუხედავად, გამოქვაბულის ზოგიერთი მახასიათებელი გარკვეულ ინფორმაციას გვაწვდის იმის შესახებ, თუ როდის შეიძლება შექმნილიყო ეს გამოსახულებები. მაგალითად, კედლებზე დათვის კლანჭების ნაკვალევმა ზოგიერთი მათგანის ასაკის დადგენა გაამარტივა.
აღნიშნული ნაკაწრები ნახატების ზემოდანაა, რაც მიანიშნებს, რომ ცხოველი გამოქვაბულში მას შემდეგ შევიდა, რაც ჩვენმა წინაპრებმა გამოსახულებები შექმნეს.
"მღვიმური დათვის გადაშენების პერიოდის გათვალისწინებით, ვვარაუდობთ, რომ ამ ნიმუშების რაღაც ნაწილი მაინც 24 000 წელზე მეტი ხნისაა", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Antiquity გამოქვეყნდა.
კომენტარები