რამდენი პლანეტაა სამყაროში?
ამ მომენტისთვის ჩვენ მხოლოდ 5 502 ეგზოპლანეტა დავაფიქსირეთ, მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია...
სივრცე საოცრად დიდია. მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 100 მილიარდი ვარსკვლავია. რაც შეეხება გალაქტიკებს, სამყაროში სავარაუდოდ, ტრილიონობით გალაქტიკაა. ჩნდება შეკითხვა, რამდენი პლანეტაა სამყაროში?
ასტრონომებმა ირმის ნახტომში 5 502 პლანეტა უკვე აღმოაჩინეს. ეს ის პლანეტებია, რომლებიც ჩვენი მზის სისტემის მიღმაა და ჩვენ მათ ეგზოპლანეტებს ვუწოდებთ. ჩვენი მზის სისტემის პლანეტების ჩათვლით ეს რიცხვი 5 510-ს აღწევს.
შემდეგი პოდკასტი: ეგზოპლანეტები — მეორე დედამიწის ძიებაში
თუმცა, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია და ჩვენ ვიცით, რომ სამყაროში უამრავი პლანეტა უნდა იყოს. და მაინც, მათი აღმოჩენა მარტივი არ არის.
"მიუხედავად იმისა, რომ ახლა დაახლოებით 5 000 პლანეტა გვაქვს დაფიქსირებული, ეს არაფერია რეალურ ციფრებთან შედარებით. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ თითო ვარსკვლავზე მინიმუმ ერთი პლანეტა მოდის. მოგეხსენებათ, ჩვენს გალაქტიკაში 100 მილიარდი ვარსკვლავი მაინცაა, შესაბამისად, მინიმუმ ამდენივე პლანეტა უნდა იყოს. და ეს მხოლოდ ჩვენს გალაქტიკაში", — განუცხადა Live Science-ს ასტრონომმა, მარკ პოპინჩალკმა.
პოპინჩალკმა პლანეტების რაოდენობის განსაზღვრა ადამიანების რაოდენობის დათვლას შეადარა. თუ გაინტერესებთ რამდენი ადამიანი ცხოვრობს თქვენს ქალაქში, შეგიძლიათ ყოველ მათგანს შეხვდეთ და ასე აღრიცხოთ ისინი. თუმცა, ეს ძალიან არაპრაქტიკულია. გაცილებით ადვილია ისეთი მონაცემების გამოყენება, როგორიცაა ერთ სახლში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის გაგება. შესაბამისად, ამის შემდეგ ქალაქში სახლების რაოდენობის გარკვევა დაგჭირდებათ, რაც უფრო მარტივია.
ამიტომ, მეცნიერები პლანეტების რაოდენობის დასადგენად ვარსკვლავებს აკვირდებიან. ამით ეძებენ პლანეტის არსებობის მცირე ნიშანს — ეს შეიძლება იყოს ვარსკვლავური შუქის კლება. როდესაც პლანეტა ვარსკვლავის წინ ბრუნავს ან ვარსკვლავის პოზიციაზე ტრიალებს ეს ჩვენსკენ მომავალ შუქზეც ისახება.
აქამდე აღმოჩენილი ყველა პლანეტა ირმის ნახტომის ფარგლებშია. ჩვენი გალაქტიკის მიღმა პლანეტა (ექსტროპლანეტა) ოფიციალურად ჯერ არ დაგვიფიქსირებია. მიზეზი დისტანციაა. ასეთი ობიექტები ჩვენგან ძალიან შორს არის და სინათლეში შესაბამისი ცვლილებების დაფიქსირება ურთულესია.
და მაინც, გვაქვს ტექნიკა, რომელსაც მიკროლინზირებას ვუწოდებთ და ამ მიდგომამ ექსტროპლანეტობის რამდენიმე შესაძლო კანდიდატი უკვე გააჩინა.
პოპინჩალკის ანალოგიის გასაგრძელებლად, ირმის ნახტომის მიღმა გახედვით ჩვენ ვიგებთ თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს დედამიწის ყველა ქალაქში.
"თუ ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 100 მილიარდი პლანეტაა და ამის პარალელურად სამყაროში კიდევ ტრილიონობით გალაქტიკაა კოლოსალურ ციფრებზე ავდივრთ. ასეთ შემთხვევაში სამყაროში 100 სიქსტილიონი პლანეტა უნდა იყოს — ეს 27 ნულია", — თქვა პოპინჩალკმა.
კომენტარები