თანმიმდევრული მეხსიერება ადამიანებს სხვა ცხოველებისაგან გამოგვარჩევს — კვლევა
საუბრის, ყოველდღიური ცხოვრების დაგეგმვისა თუ განათლების მიღების კუთხით ინფორმაციის თანმიმდევრობის დამახსოვრებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ახალი კვლევის თანახმად, სავარაუდოდ, ეს უნარი მხოლოდ ადამიანებს გვაქვს — ჩვენს სახეობასთან ყველაზე მჭიდროდ მონათესავე ცხოველებიც კი არ ითვისებენ თანმიმდევრობას ისე, როგორც ჩვენ.
შესაძლოა, სწორედ ასე აიხსნას, რატომ შეგვიძლია სამეტყველო ენით სარგებლობა მხოლოდ ადამიანებს, როგორ ვგეგმავთ ამდენ რამეს ასე კარგად და როგორ შევძელით, დედამიწის რესურსები ეფექტიანად გამოგვეყენებინა.
ასევე იხილეთ: რატომ შეგვიძლია ლაპარაკი ადამიანებს, სხვა პრიმატებს კი არა?
სტოკჰოლმის უნივერსიტეტის კვლევით აქამდეც გამოიკვეთა, რომ მიმდევრობითი ინფორმაციის დამახსოვრება მხოლოდ ადამიანებს შეგვიძლია, ეს უნარი კი ადამიანის კულტურული შესაძლებლობების ფუნდამენტია.
მიუხედავად ამისა, თანმიმდევრული მეხსიერების ჰიპოთეზა აქამდე ადამიანისთვის ყველაზე მჭიდროდ მონათესავე სახეობაში, ადამიანის მსგავს მაიმუნებში, არ შეუფასებიათ.
მკვლევრებმა ამჯერად ადამიანებისა და ბონობოების მეხსიერების შესამოწმებლად ექსპერიმენტები ჩაატარეს. ამისათვის მათ კომპიუტერული ეკრანები გამოიყენეს.
ტესტის ერთი ნაწილი მოკლე მიმდევრობების ერთმანეთისაგან გარჩევას მოიცავდა. მაგალითისთვის, მონაწილეებს მარჯვენას უნდა დაეჭირათ, თუ ყვითელი კვადრატი ლურჯ კვადრატამდე მოდიოდა, ხოლო მარცხენას — თუ ლურჯი კვადრატი ყვითლამდე ჩნდებოდა.
"კვლევის მიხედვით, ბონობოებს ეკრანზე ლურჯი კვადრატის გაქრობიდან 5-10 წამშივე ავიწყდებათ, რომ ის იხილეს და ძალიან უჭირთ იმის სწავლა, თუ როგორ განასხვაონ "ლურჯი კვადრატი ყვითელ კვადრატამდე" მიმდევრობა "ყვითელი კვადრატი ლურჯ კვადრატამდე" მიმდევრობისგან, მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ცდის განმავლობაში წვრთნიდნენ ამაზე", — აცხადებს ვერა ვინკენი, კვლევაში ჩართული მეცნიერი.
ამის საპირისპიროდ, ექსპერიმენტის ფარგლებში ადამიანებმა მოკლე მიმდევრობების ერთმანეთისაგან გარჩევა თითქმის მაშინვე ისწავლეს. ჯერაც დასაზუსტებელია, ზუსტად როგორ შეუძლია ჩვენთან ყველაზე მჭიდროდ მონათესავე სახეობას, მიმდევრობითი ინფორმაცია დაიმახსოვროს და გამოიყენოს.
ახალი კვლევის შედეგები თანმიმდევრული მეხსიერების ჰიპოთეზას ამყარებს, ანუ მოსაზრებას, რომ ადამიანებს მიმდევრობების დამახსოვრებისა და გადამუშავების უნარი პრეისტორიულ დროში განუვითარდათ. ეს შესაძლებლობა არაერთი ისეთი ფენომენისთვის არის მნიშვნელოვანი, რომლებიც მხოლოდ ადამიანებს გვახასიათებს: ენა იქნება ეს, დაგეგმვა თუ თანმიმდევრული აზროვნება.
კომენტარები