7 რამ, რასაც როუტერი უნდა მოვარიდოთ, რათა Wi-Fi-ის სიგნალი გაუმჯობესდეს
თანამედროვე მსოფლიოში ინტერნეტი უკვე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ამიტომ Wi-Fi როუტერი თითქმის ყველა ჩვენგანის სახლში მოიპოვება. ზოგჯერ მისი სიგნალი სუსტია, რისი მიზეზიც შესაძლოა, იყოს ობიექტები, რომლებთან ახლოსაც ისაა მოთავსებული.
ზემოხსენებული მოწყობილობები ჩვენს გაჯეტებს ინტერნეტთან სიგნალების მეშვეობით აკავშირებს, რომლებსაც სმარტფონებს, ლეპტოპებსა თუ პლანშეტებს შორის მონაცემები გადააქვს. როდესაც მსგავსი ტალღები რაიმე წინაღობას აწყდება, ეს Wi-Fi-იზე უარყოფითად აისახება.
ამის თავიდან ასაცილებლად, როუტერი კონკრეტულ ობიექტებთან ახლოს არ უნდა დავდოთ. აი, 7 მათგანი:
წყლის ავზი
წყლის ავზები, იქნება ეს თევზების აკვარიუმი თუ სხვა, შესაძლოა, Wi-Fi-ისთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზი გახდეს. საქმე ისაა, რომ ასეთი კონტეინერები რადიოსიხშირეებს შთანთქავს. წვიმის დროს იგივე დაბრკოლება იქმნება გარეთაც.
"სახლისა თუ სხვა შენობის გარეთ არსებულ უსადენო სიგნალებზე შესაძლოა, წვიმამ იქონიოს გავლენა, რადგან წყლის წვეთები სიგნალს ნაწილობრივ შთანთქავს, შედეგად კი შეიძლება დაბალი დაფარვა მივიღოთ", — აცხადებენ სპეციალისტები.
ლითონის ობიექტები და სარკეები
თუ თქვენი როუტერი დიდ სარკესთან ახლოს დევს, არაა გამორიცხული, იქიდან წამოსული სიგნალები მის ზედაპირზე აირეკლოს და ტრაექტორია შეიცვალოს. შესაბამისად, ამ მიზეზით შესაძლოა, სახლში ე.წ. მკვდარი ზონები გაჩნდეს, სადაც გაჯეტებს Wi-Fi-ისთან ვერ დააკავშირებთ.
მიკროტალღური ღუმელი
მიკროტალღური ღუმელით ბევრი ჩვენგანი სარგებლობს, მაგრამ ის მცირე ოდენობით რადიაციას გამოყოფს, რომელიც Wi-Fi-ის სიგნალს აფერხებს. მის მიერ წარმოიქმნება რადიოტალღები, რომლებსაც იმდენად მაღალი სიხშირე აქვს, რომ ადამიანისთვის შეუმჩნეველია. ეს სიხშირე Wi-Fi-ისას ემთხვევა, ამიტომ ღუმელის ამუშავებისას შესაძლოა, Wi-Fi-ის მიღება დროებით შესუსტდეს.
დიდი ობიექტები
უსადენო ინტერნეტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევაა, მაგრამ მისთვის ფიზიკური ბარიერები მაინც გამოწვევად რჩება. თუ თქვენი როუტერი რაიმე დიდი ობიექტის უკანაა მოთავსებული, ეს პოტენციური წინაღობაა, რომელიც სიგნალებს ასუსტებს. შესაბამისად, უნდა ეცადოთ, Wi-Fi მოწყობილობა, მაგალითად, ავეჯს არ მოაფაროთ.
უსადენო ტელეფონი
მართალია, ადამიანთა უმეტესობა ახლა უკვე სმარტფონს იყენებს, მაგრამ ბევრ სახლში უსადენო ტელეფონსაც შეხვდებით. ის იმავე სიხშირეზე ფუნქციონირებს, რომელზეც Wi-Fi როუტერები, ამიტომ ისინი გვერდიგვერდ არ უნდა დადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინტერნეტკავშირი ძლიერი არ იქნება.
ბლუთუზ მოწყობილობები
უსადენო ყურსასმენები, სპიკერები და სხვა მსგავსი მოწყობილობები, რომლებიც ბლუთუზზე მუშაობს, დღესდღეობით საკმაოდ პოპულარულია. ამის მიუხედავად, ისინი Wi-Fi-ის სიგნალებს დაბრკოლებას უქმნის, რომელიც სიახლოვის პარალელურად ძლიერდება.
ელექტრონული მოწყობილობები
შესაძლოა, ალოგიკურად მოგეჩვენოთ, მაგრამ როუტერისთვის, რომელიც სწორედ ელექტრონულ მოწყობილობებთან დასაკავშირებლადაა შექმნილი, ზოგიერთი მათგანი რეალურად შემაფერხებელია. მაგალითად, ასეთია სახლის კინოთეატრი, ბავშვის საკონტროლო კამერები, ფლუორესცენციური განათებები და სხვა. ისინი დამაბრკოლებელ სიხშირეებს წარმოქმნის, ამიტომ როუტერს უნდა მოარიდოთ.
ასე რომ, თუ მსგავსი პრობლემა გაწუხებთ, როუტერს ადგილმდებარეობა შეუცვალეთ, ან მას ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტები მოაშორეთ.
კომენტარები