Cosmic Explorer — გრავიტაციული ტალღების დეტექტორი, რომელიც LIGO-ს ჩაანაცვლებს
რა ჩაანაცვლებს LIGO-ს და რომელი იქნება გრავიტაციული ტალღების შემდეგი თაობის დეტექტორი...
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტუტი (MIT) შემდეგი თაობის დეტექტორის შექმნას გეგმავს, რომელიც გრვიტაციულ ტალღებს შეისწავლის.
გრავიტაციული ტალღა სივრცე-დროის ტალღისებური ცვლილებაა. როდესაც კოლოსალურად მასიური სხეულები სწრაფად და აჩქარებით მოძრაობენ ერთმანეთის გარშემო (ორი შავი ხვრელი), წარმოიქმნება გრავიტაციული ტალღები.
გრავიტაციული ტალღების მეცნიერულ გაგებას მთლიანად სამყაროს აღქმის შეცვლა შეუძლია. ეს შეიძლება დაგვეხმაროს იმის გაგებაში თუ რა ხდება შავ ხვრელებში, რა არის ბნელი ენერგია-ბნელი მატერია და რაც მთავარია, რა ხდებოდა სამყაროს გაჩენის მომენტში.
შემდეგი პოდკასტი: გრავიტაციული ტალღები — რისგან შედგება სივრცე-დრო
MIT-ში ამბობენ, რომ ახალი ობსერვატორიის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზრდილი იქნება. მკვლევრები შავი ხვრელისა და ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმის შედეგად წარმოებულ გრავიტაციულ ტალღებს ბევრად უფრო ხშირად გამოავლენენ. ობსერვატორიის დეტექტორები პატარა ქალაქის მანძილზე იქნება გადაჭიმული.
უფრო დიდი ვიდრე LIGO
უნივერსიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მეცნიერები LIGO-ზე უფრო მნიშვნელოვან და მძლავრ ობესრვატორიაზე მუშაობენ.
ცნობისთვის, LIGO ორ დეტექტორს მოიცავს — ერთი ჰენფორდშია და მეორე ლივინგსტონში, ლუიზიანაში. თითოეული მათგანი შედგება ორი მილისგან, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან, რათა შექმნან დიდი L-ფორმა. ისინი ერთმანეთის პერპენდიკულარულად ვრცელდება დაახლოებით 4 კილომეტრზე.
ამ მილების შიგნით, ორი მძლავრი ლაზერული სხივია. როდესაც გრავიტაციული ტალღა არღვევს ლაზერს, ის საშუალებას აძლევს სისტემას გაზომოს იგი უკიდურესი სიზუსტით.
მეთიუ ევანსმა, მომავალი ობსერვატორიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ Cosmic Explorer, გარკვეული გაგებით, გიგანტური LIGO-ა.
"LIGO-ს დეტექტორების სიგრძე ოთხი კილომეტრია, ხოლო Cosmic Explorer-ის 40 კილომეტრი იქნება. სიგნალი, რომელსაც გრავიტაციული ტალღიდან ვიღებთ, არსებითად დეტექტორის ზომის პროპორციულია. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია", — თქვა ევანსმა.
მკვლევრები მიზნად ისახავენ დააკვირდნენ ისეთ მოვლენებს, რომლებიც გაცილებით უფრო ადრე მოხდა. ამ მხრივ ახალი ობსერვატორია LIGO-სთან შედარებით ნაკლებად შეზღუდული იქნება.
"LIGO-ს ობსერვატორიას 1,5 მილიარდი წლით უკან გახედვა შეუძლია. ეს ბევრია, მაგრამ სამყაროს ასაკთან შედარებით არაფერია. შეგახსენებთ, რომ სამყარო დაახლოებით 13-14 მილიარდი წლისაა", — აღნიშნა ევანსმა.
ევანსს მიაჩნია, რომ ახალი ობსერვატორია (Cosmic Explorer) შეძლებს და 11 მილიარდი წლის წინ მომხდარ მოვლენებს შეისწავლის.
კომენტარები