რატომ ხედავენ უდაბნოში ოაზისს, რომელიც არ არსებობს? — მირაჟის ფენომენის სამეცნიერო ახსნა
ალბათ, თქვენც გახსენდებათ შემთხვევები, როდესაც უდაბნოში სიცხისაგან გასავათებული მგზავრი უცებ ოაზის ამჩნევს, თუმცა საოცნებო ადგილი უბრალოდ მირაჟი აღმოჩნდება ხოლმე. გასაკვირი სულაც არაა, რომ ეს ფენომენი ხშირად სიცრუესა და ოპტიკურ ილუზიებთან ასოცირდება.
სინამდვილეში მირაჟი ფენომენია, რომლის დროსაც დამახინჯებული, თუმცა რეალური (შეგიძლიათ, მირაჟი ფოტოზეც კი აღბეჭდოთ), გამოსახულება იქმნება. იგი ილუზია არაა, არამედ რეალური ობიექტის გამოსახულებაა, რომელსაც არასწორ ინტერპრეტაციას ვუკეთებთ — მნახველებმა არ იციან, რა არის იგი, ამიტომ რაიმე ნაცნობს ამსგავსებენ.
მირაჟი სინათლის მოღუნვის შედეგად ჩნდება. ერთსა და იმავე მასალაში გავლისას სინათლე სწორ ხაზზე მიდის, თუმცა სხვადასხვა მასალაში გადაადგილებისას იგი უფრო მკვრივისაკენ იხრება. ცნობილია, რომ ჰაერის სიმკვრივე ტემპერატურასთან ერთად იცვლება, შესაბამისად, სინათლის ტალღები მეტად მკვრივი და ცივი აირისკენ იღუნება.
მირაჟი ძირითადად ორი სახის არსებობს: ზემო და ქვემო.
ზემო მირაჟი მაშინ ჩნდება, როდესაც ზედაპირთან ახლოს არსებული ჰაერი იმაზე ცივია, ვიდრე — მის ზემოთ. ეს, როგორც წესი, გაზაფხულსა და ზაფხულში ხდება, როცა წყლის მასა ჰაერზე გრილია.
ამ დროს სინათლის ტალღები ზღვის დონის შედარებით ცივი და მკვრივი ჰაერისკენ იღუნება. ამ ტიპის მირაჟი სხვადასხვა ობიექტს (გემებს, აისბერგებს ანდა სულაც კუნძულებს) იმაზე მაღლა აჩენს, ვიდრე ისინი სინამდვილეშია. ეს იმიტომ, რომ თვალი სინათლის სწორ ხაზზე გადაადგილებას ელის, ხოლო სინათლის გაღუნვის გამო კი ობიექტს სხვა ადგილას აღიქვამს.
ზემო მირაჟი ზოგჯერ, მაგალითად ღია ოკეანის თავზე, განსაკუთრებით მკაფიო და ცვალებადი შეიძლება იყოს. ამ დროს მას ფატა-მორგანასაც უწოდებენ.
მეორე მხრივ, ქვემო მირაჟი ცხელ გარემოში, მაგალითად უდაბნოსა და ცხელ ტროტუარებზე, ჩნდება. ამ დროს ზედაპირი და მის მახლობლად არსებული ჰაერი იმაზე თბილია, ვიდრე ზემოთ არსებული ჰაერი. ამ დროს ზემოთ არსებული სინათლე ზემოთკენ იღუნება, შედარებით ცივი ჰაერისკენ. შედეგად ცა ისე ჩანს, თითქოს წყლის ზედაპირი იყოს მიწაზე, რაც უდაბნოში წყლის ილუზიას გვიქმნის.
ქვემო მირაჟის დასანახად დამკვირვებელი ჰაერის ყველაზე ცხელი ფენის ზემოთ უნდა იყოს.
ორივე შემთხვევაში მირაჟი დიდწილად დამკვირვებლის პოზიციასა და ხედვის კუთხეზეა დამოკიდებული. შესაძლოა, პოზიციის მცირედმა ცვლილებამაც კი გამოიწვიოს გამოსახულების გაქრობა.
ამასთანავე, ქვემო მირაჟის დაფიქსირება უფრო მარტივია, თუმცა ზემო მირაჟი შედარებით მოუხელთებელია და მხოლოდ 10-15 წუთის განმავლობაში ჩნდება.
საბოლოო ჯამში, მირაჟი რეალური გამოსახულების დამახინჯებაა, რომელსაც სინათლის მოღუნვა იწვევს, როდესაც იგი სხვადასხვა ტემპერატურისა და სიმკვრივის ჰაერში გადის. მირაჟი მითი ნამდვილად არაა — იგი ბუნებრივი ფენომენია, რომლის ახსნაც სამეცნიერო მიდგომით სრულებით შესაძლებელია.
კომენტარები