იუპიტერს მცირე ზომის კოსმოსური სხეული შეეჯახა — ნახეთ კადრები
მოყვარულმა ასტრონომებმა იუპიტერზე დაკვირვებისას დააფიქსირეს, რომ მას რაღაც შეეჯახა. ეს 28 აგვისტოს, თბილისის დროით 20:45 საათზე მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია, კიოტოს უნივერსიტეტის პროექტების OASES და PONCOTS-ის ფარგლებში მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მზის სისტემის უდიდესი პლანეტის ატმოსფეროში კომეტის ან ასტეროიდის შეღწევის თანმდევი ნათების ამსახველი კადრები მოგვიანებით სხვებმაც გამოაქვეყნეს, მათ შორის MASA Planetary Log-მა და ქალაქ ჭენჭოუში მომუშავე ჩინელმა მოყვარულმა ასტრონომმა.
ციური სხეულის სქელსა და ტურბულენტურ აირად გარსში უეცარი გაელვების ეპიცენტრის მდებარეობა ამ კადრებში ერთმანეთს ემთხვევა. ეს ადასტურებს, რომ მათ ერთი და იგივე მოვლენა გადაიღეს.
სოციალურ ქსელში MASA Planetary Log-ის ანგარიშის მფლობელი და კოსმოსის ენთუზიასტი მედიასთან ამბობს, რომ იუპიტერის ზედაპირს მუდმივად აკვირდება და ტელესკოპით სურათებს ავტომატურად იღებს.
"როდესაც იმ დილით გავიღვიძე და X (Twitter) გავხსენი, ვნახე ინფორმაცია, რომ იუპიტერზე ნათება დაფიქსირდა. იმავე ღამეს, როცა კონკრეტულ პერიოდში გადაღებული ვიდეო შევამოწმე, ნათება მეც დავინახე,
გამიმართლა, რომ ეს ფენომენი გადავიღე" — აცხადებს ის.
რაც შეეხება OASES-სს, მის ფარგლებში იუპიტერთან კოსმოსური სხეულების შეჯახება აქამდეც აღუბეჭდავთ. პროექტის ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში მაღალი გარჩევადობის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელზეც ზუსტად შეჯახების დროს წარმოქმნილი ნათებაა ნაჩვენები.
იუპიტერისთვის ასეთი შეჯახებები უცხო არაა, რადგან მას ძალიან ძლიერი გრავიტაცია აქვს, რომლითაც კოსმოსურ სხეულებს იზიდავს. ასევე, მასთან ახლოს მდებარეობს ასტეროიდთა სარტყელი, სადაც უამრავი ასეთი ობიექტია თავმოყრილი.
აღსანიშნავია, რომ იუპიტერი ამ მხრივ შიდა მზის სისტემას ფარივით იცავს და დარტყმებს საკუთარ თავზე იღებს. ის რომ არა, დედამიწაზე, მარსზე, ვენერასა თუ მერკურიზე პოტენციურად საშიშ ობიექტებთან უფრო მეტი შეჯახებები იქნებოდა, ეს კი ჩვენი პლანეტისთვისა და აქ არსებული სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
კომენტარები