ნახეთ: მთვარესთან რუსული ხომალდის შეჯახებამ 10-მეტრიანი კრატერი წარმოქმნა
თბილისის დროით 11 აგვისტოს 03:10 საათზე რუსეთმა ვოსტოჩნის კოსმოდრომიდან მთვარისკენ კოსმოსური აპარატი Luna-25 გაუშვა, რომელიც ბოლო 47 წელიწადში ქვეყნისთვის პირველი ასეთი მისია იყო. თვის ბოლოს ხომალდი დედამიწის ერთადერთ ბუნებრივ თანამგზავრზე უნდა დაშვებულიყო, თუმცა მანამდე ჩვენს მეზობელ ციურ სხეულს უკონტროლოდ შეეჯახა.
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ახალი კადრების მიხედვით, ამ შეჯახებამ მთვარეზე 10-კილომეტრიანი კრატერი წარმოქმნა. ამას აპარატის განადგურებამდე და განადგურების შემდეგ გადაღებული სურათები ცხადყოფს.
მთვარის ზედაპირზე ახალი ჩაღრმავება NASA-ს ზონდზე Lunar Reconnaissance Orbiter (LRO) დამონტაჟებულმა კამერამ დააფიქსირა. შეჯახების ეს კვალი კრატერ პონტეკულანის შიდა კიდეზე გაჩნდა, ციური სხეულის სამხრეთ ნაწილში. ის დაახლოებით 400 კილომეტრითაა დაშორებული ადგილიდან, სადაც ხომალდის დასმა იგეგმებოდა.
"იქიდან გამომდინარე, რომ ეს ახლი კრატერი Luna 25-ის შეჯახების სავარაუდო ადგილთან ახლოსაა, LRO-ის დასკვნით, ის ამ მისიას უნდა უკავშირდებოდეს და არა ბუნებრივ ობიექტთან შეჯახებას" — ვკითხულობთ NASA-ს განცხადებაში.
რუსული აპარატი 25 აგვისტოსთვის მთვარის სამხრეთ პოლუსზე, ბოგუსლავსკის კრატერის მახლობლად უნდა დაშვებულიყო და ობიექტის ზედაპირი სულ მცირე 1 წლის განმავლობაში გამოეკვლია. 19 აგვისტოს ხომალდთან კავშირის ხარვეზი დაფიქსირდა, რის შემდეგაც როსკოსმოსმა Luna 25-ის ტრაექტორიის გასწორება სცადა, თუმცა უშედეგოდ.
მომდევნო დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ ის მთვარეს შეეჯახა და განადგურდა.
მნიშვნელოვანია, რომ რუსეთსა და ინდოეთს მთვარის სამხრეთ პოლუსზე თავიანთი ხომალდები ერთსა და იმავე პერიოდში უნდა დაესვა. მეორე ქვეყანამ ეს წარმატებით შეძლო და ისტორიაში შევიდა. აქამდე დედამიწის თანამგზავრზე ხომალდის უსაფრთხოდ დაშვება მხოლოდ აშშ-მა, ჩინეთმა და საბჭოთა კავშირმა მოახერხა, ახლა კი ამ ჩამონათვალს ინდოეთიც შეუერთდა.
კომენტარები