როგორ მარხავდნენ ნეანდერტალელები დაღუპულთა გვამებს — კვლევა
28 აგვისტოს ჟურნალ Archaeological Science-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევიდან ნეანდერტალელებზე მეტი ინფორმაცია მივიღეთ — კერძოდ, იმაზე თუ როგორ მარხავდნენ ისინი თავიანთ დაღუპულებს. საუბარია ცნობილ შანიდარ 4-ზე, ნეანდერტალელის ჩონჩხზე.
1960 წელს აღმოჩენილმა შანიდარ 4-მა ყურადღება თავიდანვე მიიქცია. თუმცა, ბოლო კვლევამ ახალი მტკიცებულება შემოგვთავაზა, რომელიც აქამდე არსებულ ინტერპრეტაციას ცვლის და ნეანდერტალელების რიტუალების უფრო რთულ ასპექტზე უთითებს.
ასევე: ადამიანთა ეს გადაშენებული სახეობა დაღუპულთა გვამებს ჩვენამდე ბევრად ადრე მარხავდა — კვლევა
როგორ ეპყრობოდნენ თავიანთ დაღუპულებს?
ნეანდერტალელებს დაუნდობელ და ნაკლებად ემოციურ არსებებად მივიჩნევდით. თუმცა, ეს ხედვა 60-იან წლებში გაკეთებულმა აღმოჩენამ შეცვალა. შანიდარ 4-მა ყველაფერი შეცვალა.
არქეოლოგი რალფ სოლეკი ერაყის შანიდარის გამოქვაბულში, ზაგროსის მთებში, ათი ნეანდერტალელის ნაშთს წააწყდა.
განსაკუთრებული ყურადღება მამრობითი სქესის ნეანდერტალელმა (შანიდარ 4) მიიქცია. მის ჩონჩხთან მტვრის ნარჩენები იყო, რომელიც ოდესღაც ყვავილები უნდა ყოფილიყო. არექოლოგებმა მიიჩნიეს, რომ ნეანდერტალელებმა დაღუპულს შორეული მთებიდან დაკრეფილი ყვავილებით პატივი მიაგეს.
ახლა, პროფესორმა კრის ჰანტმა ჯონ მურის უნივერსიტეტიდან ნეანდერტალელის კიდევ ორი ჩონჩხი აღმოაჩინა.
მნიშვნელოვანია, რომ ცხედრების სხვადასხვა სიღრმეზე განლაგება დროთა განმავლობაში თანმიმდევრული დაკრძალვის შესახებ უთითებს. ეს ნეანდერტალელთა ტრადიციების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.
"ეს ნიშნავს, რომ ამ ადგილას ნეანდერტალელები სულ მცირე სამჯერ მოვიდნენ. შედეგად მათ ცხედარი ხევთან დაკრძალეს", — თქვა ჰანტმა The Guardian-თან ინტერვიუში.
შანიდარ 4-ის კონცეფციის გადახედვა
ასევე: რატომ გვაქვს ნეანდერტალელების გენები და როგორ გადაშენდნენ ისინი — რა ვიცით
შანიდარ 4-სა და ახლად აღმოჩენილ შანიდარ Z-ს შორის მსგავსება აშკარაა. საგულდაგულოდ მოთავსებული სხეულების ეს ნიმუშები პატივისცემით დაკრძალვის ტრადიციაზე მიანიშნებს. ეს ნეანდერტალელების ღრმა ემოციებზე უთითებს.
მტვრის თავდაპირველი ანალიზისას გუნდმა ყვავილების რამდენიმე ტიპი აღმოაჩინა. ჰანტმა აღნიშნა, რომ ყვავილების ერთ ტიპს ბასრი ეკლები უნდა ჰქონოდა.
მკვლევრების თქმით, მცენარეს შეიძლება სამკურანალო თვისებებიც ჰქონდა. შესაბამისად, დაკრძალვისას ცხედარისთვის ყვავილების დატანება შეიძლება თანაგრძნობასთან არ ყოფილიყო დაკავშირებული.
მკვლევრებმა ხის ფრაგმენტებიც გამოავლინეს, რომლებიც სხეულების გარშემო იყო. ეს დამაინტრიგებელი აღმოჩენაა და შესაძლოა, ტოტები ნაშთების დასაცავად გამოიყენეს.
დოქტორმა რებეკა ვრაგ საიკსმა, ლივერპულის უნივერსიტეტის საპატიო თანამშრომელმა, ფუტკრების ფაქტორზეც ისაუბრა. მისი თქმით, მცენარეებთან შეიძლება ფუტკრები იყვნენ დაკავშირებულნი.
თუმცა, ყვავილის მტვრისა და ხის მასალის არსებობა "ხსნის შესაძლებლობას, რომ მცენარე დაკრძალვასთან მიზანმიმართულად იყოს დაკავშირებული", — ამბობენ მკვლევრები.
მეორეს მხრივ, პროფესორმა პოლ პეტიტმა, ნეანდერტალელების ქცევის ექსპერტმა თქვა, რომ მტვრის თავდაპირველი ნიმუშები არ იყო ამომწურავი. შესაბამისად, ყვავილებით დაღუპულისთვის პატივის მიგება მყარ მტკიცებულებებზე არ იყო დაფუძნებული.
"ეს უფრო 1960-იანი წლების სოციალურ ფონსა და ნეანდერტალელების ჰუმანიზაციის სურვილზე მიუთითებს. ამით თითქოს იმის თქმა სურდათ, რომ ისინი ზუსტად ჩვენნაირები იყვნენ", — თქვა პოლ პეტიტმა.
კომენტარები