"ქართული კინო საფრთხეშია": კინორეჟისორები კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ
ივნისის შუა რიცხვებიდან ქართველი კინემატოგრაფისტები და მათი მხარდამჭერები კულტურის სამინისტროს მიერ ეროვნული კინოცენტრის "რეორგანიზაციას" აპროტესტებენ და აცხადებდნენ, რომ ის მიზნად ისახავს ქვეყანაში კინემატოგრაფიულ წარმოებაზე ხელისუფლების სრულ კონტროლს.
"ცენზურა" — ამ სიტყვით აღწერს, გაგა ჩხეიძე კულტურის სამინისტროს რეფორმებს კინოცენტრში. ის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელი და ქართული კინოს განვითარების ფონდის გამგეობის ყოფილი წევრია.
2020 წლიდან ორი წლის განმავლობაში ჩხეიძე ეროვნული კინოცენტრის დირექტორი იყო, რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული დამოუკიდებელი ორგანოა და პასუხისმგებელია კინოინდუსტრიის დაფინანსებასა და პოპულარიზაციაზე.
მაგრამ 2022 წლის მარტში მისი მოულოდნელი გათავისუფლება და კულტურის მინისტრის მოადგილით, კახა სიხარულიძით შეცვლა, საკვანძო მოვლენად იქცა. ამას კრიტიკოსები სამინისტროს მიერ კინოცენტრის იძულებით ხელში ჩაგდებად მიიჩნევენ.
მთავრობა ამტკიცებს, რომ ჩხეიძე ფინანსური გადაცდომის გამო გაათავისუფლეს, მიუხედავად ამისა ის და მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ გათავისუფლება სამინისტროს საჯარო კრიტიკას უკავშირდება; დავას, რომელიც სასამართლოში წაიღეს.
2023 წლის შუა რიცხვებში კინოცენტრის "რეორგანიზაციისა" და თანამდებობიდან გათავისუფლების სერიის შემდეგ, კინორეჟისორები და მათი მხარდამჭერები ჩაერთნენ კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.
პროტესტის მონაწილეები ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ დიალოგს ახალ დირექტორთან და კულტურის მინისტრთან, მაგრამ სახელმწიფო წარმომადგენლებმა, რომლებიც დაწესებულებას აკონტროლებენ, მათი მოთხოვნები საჯაროდ უარყვეს.
ქართული კინოს მომავლის შიშით პროტესტის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, გააგრძელონ და გაზარდონ საპროტესტო აქციები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე.
"კინოცენტრზე კონტროლის დამყარება": რეორგანიზაცია
ჩხეიძის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან ერთი წლის შემდეგ, ეს საკითხი მოულოდნელად კვლავ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გოეთეს ინსტიტუტმა, გერმანულმა არაკომერციულმა კულტურულმა ინსტიტუტმა, მას 2023 წლის გოეთეს მედალი გადასცა.
განცხადებაში ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ჩხეიძე გაათავისუფლეს დირექტორის თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც მან "უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთი გააკრიტიკა და უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა" და ეს გადაწყვეტილება საქართველოს კულტურის მინისტრს მიაწერა.
ჩხეიძემ ასევე განუცხადა OC Media-ს, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება პირდაპირ უკავშირდებოდა საჯარო განცხადებებს, რომლებიც მან გააკეთა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ორი დღის შემდეგ კინოცენტრის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ეს "მცდარი და ფარისევლური" ბრალდება იყო. ამტკიცებდნენ, რომ ჩხეიძე სამსახურიდან შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც თითქოსდა მის ფინანსურ გადაცდომებზე მიუთითებდა.
"შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათი, ნეპოტიზმი, კონტროლის სისტემის არარსებობა და მრავალი სხვა" — ვკითხულობდით განცხადებაში. აქვე აღნიშნული იყო, რომ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს ცენტრი აფინანსებდა, რაც ზოგიერთმა დაფინანსების გაუქმების საფრთხედ მიიჩნია.
ეს პოსტი კინოინდუსტრიის წევრების პროტესტის საწყისი გახდა.
კინოცენტრის ოთხმა თანამშრომელმა მომდევნო დღეებში პროტესტი გამოხატა ამ განცხადების გამო და დაადასტურა, რომ მათთან შეთანხმების გარეშე დაწერეს და გამოქვეყნეს. მოგვიანებით ოთხივე გაათავისუფლეს.
ამას მოჰყვა ერთობლივი პოსტი კინოცენტრის ფეისბუქ და ვებგვერდებზე, სადაც კინოინდუსტრიის წარმომადგენლებსა და ცენტრში მომუშავე პირებს შორის ღია თანამშრომლობით ეროვნული კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მოითხოვდნენ და აფრთხილებდნენ კინოცენტრის "საზოგადოებისგან დახურულ" ორგანიზაციად გადაქცევის საფრთხეზე. ორივე პოსტი იმავე დღეს წაიშალა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამინისტროს მიერ.
"უკვე აშკარა იყო, რომ კინოცენტრის საქმიანობაში ერეოდნენ. ეს არაა პირველი შემთხვევა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იყო ბოლო წვეთი და ჩვენ დავიწყეთ ამაზე მამაღლა საუბარი", — ამბობს ნინო კუხალაშვილი, რომელიც იმ დროს კინოცენტრის დირექტორის მოადგილე იყო.
"ეს განცხადება გამოქვეყნებისთანავე აიღეს ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდიდან და ფეისბუქის გვერდი მთლიანად გადაეცა კულტურის სამინისტროს. კულტურის სამინისტრომ კინოცენტრი დაიკავა და გააუქმა", — ამბობს ჩხეიძე.
როდესაც კინორეჟისორებმა დაიწყეს ორგანიზება მოსალოდნელი თავდასხმის წინააღმდეგ, კულტურის სამინისტრომ ძალისხმევა გააორმაგა: 10 ივნისს კინოცენტრის ფინანსური დეპარტამენტის უფროსი კობა ხუბუნაია დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს.
კუხალაშვილი ამბობს, რომ ხუბუნაიას დანიშვნამდე თანამშრომლებს არ აცნობეს, რადგან სამინისტრომ იმ დროისთვის უკვე "შეზღუდა" წვდომა იურიდიულ დოკუმენტებზე და ოფიციალურ გადაწყვეტილებებზე.
ხუბუნაიამ მაშინვე განაცხადა, რომ 12 ივნისს დაიწყებოდა ერთთვიანი "რეორგანიზაცია". ტერმინ "რეორგანიზაციას" ხშირად იყენებდნენ თეა წულუკიანთან დაკავშირებული საკამათო მასობრივი გათავისუფლებების აღსაწერად. საქართველოს ორ მთავარ მუზეუმში წინა "რეორგანიზაციების" დროს გათავისუფლებულებმა განაცხადეს, რომ ხალხი ხელისუფლების კრიტიკის ან უკმაყოფილების გამოხატვის გამო გაუშვეს.
11 ივნისს ნინო კუხალაშვილმა დაწერა, რომ კინოცენტრში ეს პროცესი დაიწყო და დირექტორის მოადგილის თანამდებობა გაუქმდა.
"დღეს დამირეკეს კულტურის სამინისტროდან და მითხრეს, რომ ჩემი შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან განთავისუფლებული ვარ დირექტორის მოადგილის პოზიციიდან" — წერდა კუხალაშვილი — "მოადგილეების პოზიციის გაუქმებას ჭირდება ცვლილების შეტანა კინოცენტრის დებულებაში, რაც რა თქმა უნდა განახორციელა წულუკიანმა".
"კინოცენტრს დიდი ხანია ვუწოდე კულტურის სამინისტროს დეპარტამენტი და ახლა ეს ყველაფერი სამართლებრივად "გაიმართა", — წერდა ის.
რეორგანიზაციის დაწყების დღეს გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც კინოინდუსტრიის 502 პროფესიონალი აწერდა ხელს, მათ შორის ცნობილი მოღვაწეები. ისინი ადანაშაულებდნენ კულტურის სამინისტროს კინოცენტრის დისკრედიტაციის მცდელობაში, "დამოუკიდებელი ორგანიზაციის" დაქვემდებარებაში საქართველოს კინოინდუსტრიის "მიზნებისა და პროცესების" ერთპიროვნულად განსაზღვრაში.
ისინი ამტკიცებდნენ, რომ ხუბუნაიამ გამოაცხადა "სრულიად ბუნდოვანი" რეორგანიზაცია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე და ეს იყო მცდელობა, კინოცენტრი სრული პოლიტიკური კონტროლის ქვეშ მოექცია.
ხელმომწერებმა სამი მოთხოვნა წამოაყენეს: შეჩერებულიყო რეორგანიზაცია, კონკურსის საფუძველზე და არა მინისტრის "ერთპიროვნული გადაწყვეტილებით" და დირექტორი შეერჩია კომისიას, რომელიც კინოსექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ კუხალაშვილის მტკიცებით, კულტურის მინისტრი თანამდებობიდან გათავისუფლების შეწყვეტას დაჰპირდა, განცხადების შემდგომ დეპარტამენტმა რამდენიმე თანამშრომელს ხელშეკრულება შეუწყვიტა. ფეისბუქგვერდზე "ქართული კინო საფრთხეშია" წერია, რომ რვა თანამშრომელი გაათავისუფლეს, კუხალაშვილის თქმით, კიდევ ორმა წასვლა აირჩია.
გამოთავისუფლებული თანამდებობიდან ერთი გადაეცა ხელისუფლების მხარდამჭერ ფიგურას: ბაჩო ოდიშარიას, პროსამთავრობო არხის POSTV-ის წამყვანს, რომელსაც კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა დაუთმეს.
მიუხედავად იმისა, რომ რეორგანიზაცია ოფიციალურად დასრულდა 12 ივლისს, კინოინდუსტრიის პროფესიონალები აგრძელებენ პროტესტს და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ კულტურის მინისტრის პოლიტიკამ შეიძლება, შეუქცევად დააზიანოს საქართველოს კინოინდუსტრია და დააბრუნოს იგი საბჭოთა სტილის მიდგომაში, რომლის მიზანი ქვეყნის შემოქმედებით პროდუქტზე სრული პოლიტიკური კონტროლია.
"ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია": მოქმედება
თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს და განსაკუთრებით მინისტრის ქმედებების წინააღმდეგ პროტესტი რეგულარული მოვლენაა.
კულტურული და სამეცნიერო დაწესებულებებიდან მასობრივი გათავისუფლების სერიამ გამოიწვია პროტესტი და სასამართლო პროცესები — არაერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სამინისტროს წინააღმდეგ საქმე მოიგო.
თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთი კვირის შემდეგ, როდესაც მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ფილმები, რომლებიც ახალგაზრდებს "სამშობლოს სიყვარულს უნერგავს" ქართველმა კინემატოგრაფისტებმა შეშფოთება გამოხატეს.
მაგრამ იმ მოვლენების შემდეგ, რასაც კინოცენტრის "რეორგანიზაცია" მოჰყვა, დაიწყო სერიოზული საპროტესტო მოძრაობა ლოზუნგით — "ქართული კინოს საფრთხეშია".
რეორგანიზაციის ერთი თვის განმავლობაში, მომიტინგეები იკრიბებოდნენ კინოცენტრის დირექტორის ოფისთან, გავრცელებული ინფორმაციით, ყოველდღიურად, აკაკუნებდნენ მის კარზე, ითხოვდნენ შეხვედრას და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
29 ივნისს მომიტინგეებმა პროტესტი პარლამენტშიც გამოხატეს. ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს — სხდომის დაწყების შემდეგ მათ ქურთუკები გაიხადეს, რათა გამოეჩინათ თეთრი მაისურები სხვადასხვა წარწერებით: არა ცენზურას, დამოუკიდებლობა კინოცენტრს, ქართული კინოს საფრთხეშია სოლიდარობა მუზეუმებს და სხვა. ისინი ჩუმად იდგნენ, სანამ კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სხდომა არ შეაჩერა და დარბაზის დატოვება აიძულა.
მას შემდეგაც, რაც რეორგანიზაცია ოფიციალურად დასრულდა პროტესტი გაგრძელდა — დაახლოებით კვირაში ერთხელ კინოცენტრის თანამშრომლები და კინოინდუსტრიის პროფესიონალები ხუბუნაიას კართან იკრიბებოდნენ, ეჭირათ ბანერები "კინოცენტრის დამოუკიდებლობის" მოწოდებით და მასთან და წულუკიანთან შეხვედრის მოთხოვნით. მომიტინგეები ქუჩაშიც გავიდნენ და მიმდებარე ხიდიდან ბანერი ჩამოკიდეს.
სამინისტროს დიალოგში ჩართვის მცდელობების პარალელურად, მომიტინგეების მოთხოვნები გააჟღერეს წამყვანმა მსახიობებმა, მუსიკოსებმა, კინორეჟისორებმა და სხვა მოღვაწეებმა, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტმა. პროტესტის სლოგანი გამოიფინა თეატრებში, ფილმების ჩვენების წინ, პარტიზანული ფილმების პროექციებზე თბილისში და საქართველოს კინოფესტივალებზე.
მიუხედავად იმისა, რომ მიდგომები განსხვავებულია, პროტესტის მონაწილეებს რამდენიმე ძირითადი შეშფოთება აქვთ, რაც სამინისტროს მიერ კინოცენტრის საქმეებში ჩარევას უკავშირდება.
ერთ-ერთია ხუბუნაიას გამოცდილების ნაკლებობა ფილმებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში. ხუბუნაია კვლავ რჩება კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსად, მანამდე კი ციხის სისტემაში მუშაობდა.
"წლების განმავლობაში [ცენტრის] ყველა დირექტორი იყო კინოს მხარდამჭერი, კინოს მოყვარული და კინოს პროფესიონალები, ყველამ ყველაფერი გააკეთა, როგორც წარმოედგინა და არცერთი მათგანი არ იყო სასჯელაღსრულების სისტემიდან", — თქვა რეჟისორმა ირინე ჟორდანიამ ტვ პირველის რეპორტაჟში — "[მას] უნდა, დღეს გაარკვიოს, როგორია ფილმის წარმოების პროცესი, როგორ უნდა წარიმართოს ის სწორად და მიუღებლად მიმაჩნია მთელი სფეროს მიმართ ასეთი დამამცირებელი დამოკიდებულება".
ივნისში საპროტესტო გამოსვლისას რეჟისორი ნანა ჯორჯაძე კიდევ უფრო პირდაპირი იყო: "მე მაქვს სარეჟისორო განათლება და შეიძლება მე საქართველოს ეკონომიკას ვმართავდე?"
21 აგვისტოს, პროტესტის სამი კვირით შეჩერების შემდეგ, კინემატოგრაფისტებმა განაცხადეს, რომ ისინი ოფიციალურ ბოიკოტს იწყებდნენ კინოცენტრის მიმართ და უარს ამბობდნენ მის პროექტებსა და კონკურსებში მონაწილეობაზე.
ისინი ინარჩუნებენ იმავე მოთხოვნებს, რაც იყო მთელი პროტესტის განმავლობაში: რეჟისორის დანიშვნა კინოინდუსტრიის პროფესიონალების მიერ შეფასებული სამართლიანი პროცესით.
"რა თქმა უნდა, პროტესტი გაგრძელდება, ლოზუნგები კი უცვლელი რჩება. იმედი მაქვს, მიზანი მიღწეული იქნება, რადგან ჩვენ, აქციის მონაწილეები გაჩერებას არ ვაპირებთ", — ამბობს კუხალაშვილი.
ჩხუბი და უმოქმედობა: წულუკიანის პასუხი
აქციის მონაწილეები სამინისტროს პასუხს მათ მოთხოვნებზე უგულებელყოფად აღიქვამენ.
14 ივლისს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პროსამთავრობო არხ იმედს განუცხადა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებები ძალაში რჩება და კურსის შეცვლის შესაძლებლობა არ არსებობს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ რეორგანიზაცია "პრაქტიკულად დასრულებულია" და, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია პროტესტის მიზანი. "ხელოვანები" დაადანაშაულა პროცესის "მოსაწყენი დეტალების" არცოდნაში და, შესაბამისად, მის არასწორ გაგებაში.
ინისტრმა ასევე განაცხადა, რომ შეხვედრები იმართებოდა კინოინდუსტრიის პროფესიონალებთან, 12 ან 13 პირთან, რომლებმაც წინა შეხვედრაზე "წარადგინეს თავიანთი ხედვა კინოცენტრის შესახებ". მანვე დასძინა, რომ სექტემბერში ამ ჯგუფის მოსაზრებები წარედგინება პარლამენტს, რათა შევიდეს საკანონმდებლო ცვლილებები და "გამოცხადდეს კონკურსები".
22 ივლისს წულუკიანი კინოინდუსტრიის 12 წარმომადგენელს შეხვდა, რათა განეხილათ "კინოს სფეროში მიმდინარე ცვლილებები და რეფორმები", ბიუჯეტის გამოყოფა და კინოცენტრთან დაკავშირებული საკითხები.
ჩხეიძის განცხადებით, ამ შეხვედრას არცერთი რეჟისორი არ ესწრებოდა მათგან, ვინც აქციებში მონაწილეობდა და დიდი ხანი ითხოვდა წულუკიანთან და ხუბუნაიასთან შეხვედრას.
"ისინი შეხვდნენ სრულიად განსხვავებულ ადამიანებს. მოიწვიეს სხვა რეჟისორები, რომლებსაც პარტიის პოლიტიკის ერთგულად თვლიდნენ. არის დიდი საფრთხე, რომ ქართული კინოს განვითარება პარტიულ მითითებებს დაექვემდებაროს", — აცხადებს ჩხეიძე.
პროტესტის ფეისბუქგვერდზეც წერია, რომ კინორეჟისორები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ საპროტესტო აქციებში, სამინისტრომ უარყო. მაშინ, როცა ჩეხეთში, კარლოვი ვარის კინოფესტივალზე თინათინ ყაჯრიშვილისა და ლუკა ბერაძის ფილმები აჩვენეს, კინოცენტრის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მხოლოდ ყაჯრიშვილის ფილმი ახსენეს — ეს ფაქტი ბევრმა ბერაძის საპროტესტო აქციებში აქტიურ მონაწილეობას დაუკავშირა.
კულტურის სამინისტრომ არ უპასუხა OC Media-ს მიმართვას კომენტარზე — ჯერ "ხელმოწერილი მოთხოვნის" წარდგენა მოითხოვა, ხოლო გაგზავნის შემდეგ "ხელმოწერილი მოთხოვნა სამინისტროსადმი".
ჩხეიძე ამბობს, რომ წულუკიანის ხელმძღვანელობისთვის დამახასიათებელია იმ საკითხებზე თვალის დახუჭვა, რომლებიც პარტიულ ხაზს არ შეესაბამება. კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ მინისტრი ხშირად აიგნორებს იმას, რაც მას "არ მოსწონს": არ ესწრებოდა კინოცენტრის ღონისძიებებს ერთი წლის განმავლობაში, არ პასუხობდა ოფიციალურ წერილებს და არ ესალმებოდა კინოცენტრის თანამშრომლებს, როცა შეხვდა.
ჟურნალისტებმა ასევე აღნიშნეს კულტურის მინისტრის უარი დამოუკიდებელ მედიასაშუალებებთან ურთიერთობაზე.
- მოუსმინეთ OC Media-ს პოდკასტს: თეა წულუკიანის მახრჩობელა გავლენა ქართულ კულტურაზე
"მიუხედავად ჩემი მრავალი მცდელობისა, მან თავიდანვე ააგო კედელი სამინისტროსა და კინოცენტრს შორის და მხოლოდ ინსტრუქციის ენით გვესაუბრებოდა. მითითებები ასისტენტის მეშვეობით გასცა, ჩვენთან კავშირზე არ გამოვიდა", — აცხადებს ჩხეიძე.
ჩხეიძემ OC Media-ს უთხრა, რომ წულუკიანის ასეთი მიდგომის მიზეზი ის არის, რომ სურს საქართველოს კულტურა "არალოიალური და არაერთგული ინტელექტუალებისგან" "გაათავისუფლოს".
"ეს არის არა რეფორმის მცდელობა, არამედ ლოიალობის ერთი ხაზის [დამკვიდრების მცდელობა], შეიძლება ითქვას, ლოიალობა ერთი ადამიანის მიმართ", — ამბობს ჩხეიძე.
ის ახსენებს ინციდენტს, როდესაც წულუკიანმა, დასავლეთ საქართველოში, სენაკის თეატრში გამოსვლისას, მაყურებელს მოუწოდა მმართველი პარტიის მილიარდერი დამფუძნებლის მხარდასაჭერად გაემეორებინათ — "გაუმარჯოს ბიძინა ივანიშვილს".
"სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კულტურული პოლიტიკა ახლა ამ პატარა ფრაზას მიჰყვება", — ამბობს ჩხეიძე.
გამძლეობა გამოწვევებთან
საპროტესტო კინოინდუსტრიის ყველა წარმომადგენელმა, ვინც OC Media-ს ესაუბრა, განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვთ, გააგრძელონ პროტესტი, მიუხედავად იმისა, ოპტიმისტურად განწყობილი არიან თუ არა.
"მე მჯერა და მინდა, ამ ინდუსტრიას დიდი მომავალი ჰქონდეს, იმ პროფესიონალების სახელით, რომლებიც დღეს ჩვენთან მუშაობენ. მაგრამ თუ ისედაც მწირი დაფინანსება სამართლიანად არ გადანაწილდება, პოლიტიკური შინაარსი ან წინასწარ განსაზღვრული თემები შეზღუდავს ხელოვანებს", — ამბობს კინორეჟისორი და კინოცენტრის მოქმედი თანამშრომელი ანა ბაჟაძე.
ამატებს, რომ საქართველოს აქვს "მზარდი და თანამედროვე" კინოინდუსტრია, რომელსაც სჭირდება პროფესიონალი თანამშრომლები კარგი განათლებით, რაც, მისი თქმით, ეწინააღმდეგება მთავრობის დღევანდელ პოლიტიკას. ასევე, აღნიშნავს, რომ ბევრმა კინორეჟისორმა უკვე დატოვა საქართველო კარიერის გასაგრძელებლად და უფრო მეტი მიდის.
ჩხეიძეს ანალოგიურად უიმედოდ უყურებს ხელისუფლების დამოკიდებულებას კინოსა და კულტურის მიმართ.
"მინისტრს, პროტესტის მიუხედავად, არაფერი შეუმჩნევია. თითქოს არაფერი ხდება და ეს ხალხი მისთვის უმცირესობაა, რომელიც შეიძლება იზოლირებული და იგნორირებული იყოს; ეს სრულიად შეურაცხმყოფელია ამ ადამიანებისთვის, რომლებიც ქმნიან ქართული კინოს მომავალს", — ამბობს ჩხეიძე.
მას მიაჩნია, რომ წულუკიანის პოლიტიკამ უკვე იმოქმედა კინოცენტრსა და სხვა დაწესებულებებზე — დაწყებული მუზეუმის იმ სპეციალისტების გათავისუფლებით, ვინც ხელი მოაწერა პეტიციას ხელოვნების მუზეუმის "გადარჩენის შესახებ"; მწერალთა სახლში პარლამენტარ ქეთევან დუმბაძის დანიშვნით დამთავრებული.
"დღეს ჩვენ წინაშეა წარმატებული კულტურული ინსტიტუტების ნგრევა, გაუგებარი დაუსაბუთებელი რეფორმები, უგულებელყოფა, სივრცეების დახურვა და კულტურის სამინისტროს მიერ გატარებული რეპრესიული პოლიტიკა", — ამბობს ის.
ზოგიერთი ვარაუდობს, რომ კულტურულმა ინსტიტუტებმა შეიძლება გააერთიანონ ძალები, რათა ერთობლივად დაუპირისპირდნენ სამინისტროს ნაბიჯებს. კინორეჟისორმა და საპროტესტო აქციის წევრმა, ლუკა ბერაძემ OC Media-ს განუცხადა, რომ კინორეჟისორთა საპროტესტო მოძრაობის წევრებსა და მწერალთა სახლთან დაკავშირებულ პირებს შორის დისკუსია გაიმართა.
კინორეჟისორები კი ბრძოლას აგრძელებენ.
წერილში, რომლითაც "მიტაცებულ" კინოცენტრს ბოიკოტი გამოუცხადეს, 400-ზე მეტი ხელმომწერი ამტკიცებს, რომ უარს ამბობენ "მონაწილეობა მიიღონ თანამედროვე ქართული კინოს, კულტურისა და მეცნიერების განადგურებისკენ მიმავალ პროცესში".
კუხალაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს სურს, მხოლოდ ისეთი ფილმები აწარმოონ, როგორიც "მათ ესაჭიროებათ და აკონტროლებენ", შეიძლება წინააღმდეგობას შეეჩეხონ.
უცნობია, როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა. მაგრამ აშკარაა, რომ ქართველ ხელოვანებს გადაწყვეტილი აქვთ, იბრძოლონ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და დაიცვან პოზიცია, რომელიც ხშირად მეორდება სკანდირებებში, პლაკატებსა და საჯარო განცხადებებში: ხელოვნება "ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები