ნახეთ: ხელოვნურმა თანამგზავრებმა ვულკან ეტნას ამოფრქვევა კოსმოსიდან გადაიღო
ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანი ეტნა, რომელიც იტალიაში, სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, 13 აგვისტოს ამოიფრქვა. ეს მოვლენა დედამიწის ორბიტაზე მოძრავმა ხელოვნურმა თანამგზავრებმა გადაიღო, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, დავინახოთ, როგორ ჩანდა მომხდარი კოსმოსიდან.
ერთ-ერთი ასეთი სატელიტი MTGI-1 გახლავთ, რომელიც ჩვენს პლანეტაზე ამინდს აკვირდება. მან კრატერიდან 3 357 მეტრ სიმაღლეზე აფრქვეული მტვრისა და კვამლის სქელი ნაკადი 14 აგვისტოს დილას აღბეჭდა. ეს ფოტო 36 000 კილომეტრ მანძილზე არსებული გეოსტაციონარული ორბიტიდანაა გადაღებული და გვიჩვენებს, როგორ ვრცელდება ვულკანური მატერია სამხრეთის მიმართულებით.
ამოფრქვევამ, კერძოდ კი ლავის გეიზერებმა, სიცილიაში გასაოცარი სანახაობა შექმნა. მოსახლეობას საფრთხე არ დამუქრებია, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ აეროპორტი დროებით დაკეტა. ამის მიზეზი აბრაზიული ვულკანური ფერფლის დიდი კონცენტრაცია იყო. დამდნარი ქვის ფრაგმენტების შემცველ მსგავს მატერიას საფრენი აპარატების ძრავების დაზიანება შეუძლია, ამიტომ საავიაციო მიმოსვლა ამ დროს სარისკოა.
აღსანიშნავია, რომ ეტნას ამოფრქვევას წინ უსწრებდა წრიული ფორმის უჩვეულო კვამლები, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოიყოფოდა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამას ვულკანის ღრმულიდან აირის ბუშტუკების ამოსვლა იწვევს.
ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში ზემოხსენებული რგოლების ამსახველი მრავალი სურათი გამოქვეყნდა:
ისინი იმდენად დიდი ზომის იყო, რომ არა მხოლოდ ხმელეთიდან, არამედ მრავალი კილომეტრის მოშორებით მოძრავი ხელოვნური თანამგზავრებიდანაც ჩანდა. ამას მათ მიერ დაფიქსირებული კადრებიც მოწმობს, მაგალითად Sentinel-2-ის სურათები.
იტალიის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტმა ეტნას აქტიურობასთან დაკავშირებით განგაშის ყვითელი მაჩვენებელი გამოაცხადა, რომელიც საშუალოდ მიიჩნევა. იმის მიუხედავად, რომ ეს ვულკანი ხშირად იფრქვევა, ის საშიში არაა, რადგან ლავა ძალიან ნელა გადაადგილდება და ახლომდებარე დასახლებებამდე მისაღწევად დიდი დრო სჭირდება.
იმავეს ვერ ვიტყვით ვულკანიდან ამოტყორცნილ ფერფლზე, რომელიც შედარებით სწრაფად ვრცელდება და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ჰაერის ხარისხზე უარყოფითად აისახება.
კომენტარები