პარკინსონის საწინააღმდეგო გენური თერაპია ალკოჰოლიზმსაც ებრძვის — კვლევა
ორეგონის ჯანდაცვისა და მეცნიერების უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტებმა, კოლეგებთან ერთად, ალკოჰოლიზმის სამკურნალო ახალ პოტენციურ საშუალებას მიაგნეს. მათ დაადგინეს, რომ პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო გენური თერაპიის მეშვეობით შესაძლოა, სასმელზე დამოკიდებულებასაც შევებრძოლოთ, რაც მაიმუნების მაგალითზე ვიხილეთ.
ეს მეთოდი კონკრეტული მოლეკულის გამოყენებას გულისხმობს, რომელიც უჯრედების ზრდას უწყობს ხელს. შედეგად, ტვინში არსებული, დოფამინზე დაფუძნებული ე.წ. წამახალისებელი არხები ერთგვარად ახლდება და ალკოჰოლის მიღებისას ეს წამახალისებელი ცენტრი იმდენად აღარ აქტიურდება. თერაპია ცენტრალური ნერვული სისტემის უმთავრესი ორგანოს ოპერაციასაც მოიაზრებს.
მკვლევრები ამბობენ, რომ ზემოხსენებულმა მიდგომამ შესაძლოა, ადამიანებზეც იმუშაოს, რაც იმედის მომცემია.
მანამდე მათ ექსპერიმენტი რეზუსის მაკაკებზე ჩაატარეს, რომელთაც ტვინში GDNF-ის ცილის შემცველი უსაფრთხო ვირუსი შეუყვანეს. ცხოველები წყალში გაზავებულ ეთანოლს დიდი დოზით იღებდნენ, თუმცა პროცედურის შემდეგ ეს ოდენობა, კონტროლ ჯგუფთან შედარებით, 90%-ზე მეტით შემცირდა. საბოლოოდ, ცხოველები უკვე წყლის დალევას არჩევდნენ და მათ სისხლში ალკოჰოლი საერთოდ აღარ ფიქსირდებოდა.
GDNF არის ცილა, რომელიც დოფამინ-მასინთეზირებელ ნეირონებს ააქტიურებს, თავად დოფამინი კი კარგად ყოფნისა და ბედნიერების შეგრძნებებთან ასოცირდება. ალკოჰოლზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დამოკიდებულებისას ასეთი მოლეკულების გამოყოფა ფერხდება. შესაბამისად, სასმლის მიღებისას ადამიანები მეტ სიამოვნებას არ განიცდიან, არამედ მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შენარჩუნება სურთ.
ცდისპირ მაიმუნებში გენური თერაპიის შემდეგ დოფამინი უკვე დიდი ოდენობით გამოიყოფოდა, რამაც მათში სასმლის მოთხოვნილებაც შეამცირა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Medicine გამოქვეყნდა.
კომენტარები