მენტალური დაავადებები ადამიანის ტვინის ზომას ცვლის — კვლევა
მონაშის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, მენტალური დაავადებები მხოლოდ ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე არ ახდენს გავლენას, არამედ ტვინის ზომაზეც აისახება.
სპეციალისტებმა 1 300 ინდივიდის ტვინი შეისწავლეს იმის გასაგებად, თუ როგორ აისახება სხვადასხვა მენტალური პრობლემა ცენტრალური ნერვული სისტემის უმთავრესი ორგანოს ამა თუ იმ რეგიონის მოცულობაზე. ეს ინფორმაცია შესაძლოა, სამიზნე არეალების გამოვლენით კონკრეტული დარღვევების მკურნალობაშიც დაგვეხმაროს.
კვლევაში მონაწილეებიდან თითოეულს სულ მცირე 1 პრობლემა მაინც აღენიშნებოდა. მათ შორის დეპრესია, აუტიზმი, შიზოფრენია, ასევე ობსესიურ-კომპულსიური, ბიპოლარული და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობები.
სპეციალისტებმა ადამიანის ტვინის საშუალო მოცულობა ასაკისა და სქესის გათვალისწინებით სტატისტიკური მეთოდის მეშვეობით გამოთვალეს, შემდეგ კი ეს მაჩვენებელი პაციენტებისას შეადარეს. უნდა ითქვას, რომ ამ ორგანოს ესა თუ ის რეგიონი ზომის მხრივ ყველა ინდივიდში ვარირებს, რაც საქმეს ართულებს. აქედან გამომდინარე, ავტორები იმას დააკვირდნენ, თუ როგორ ვრცელდება მოცულობის ცვალებადობა ერთი არეალიდან მეორეზე.
დადგინდა, რომ არსებობს ადგილები, სადაც ეს ცვალებადობა თავს იყრის, რადგან იქ ორი ან მეტი რეგიონის თანხვედრაა. შესაძლოა, სწორედ მსგავსი რამ იწვევდეს ერთი დიაგნოზის მქონე ადამიანებში სართო სიმპტომებს.
საბოლოო ჯამში მათ ტვინის მოცულობისა და ზომის სხვაობა 1 000-ზე მეტ არეალში შეისწავლეს და კონკრეტულ დაავადებებთან ასოცირებული ადგილებიც გამოავლინეს. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ დეპრესიას შეიძლება ტვინის წინა წილის ზოგიერთი ნეირონული ქსელის მიზანში ამოღებით ვუმკურნალოთ, თუმცა არა უნივერსალურად.
"ეს ქსელები ტვინის არაინვაზიურ სტიმულაციურ თერაპიებში სამიზნე ხშირადაა, მაგრამ ჩვენი მონაცემების თანახმად, მათი ეფექტიანობა 3-დან 1 ადამიანში მიიღწევა", — აცხადებენ ავტორები.
ახალი კვლევა მენტალური დაავადებებისა და ტვინის ფუნქციონირების კავშირზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ასევე, ხსნის, რაოდენ მნიშვნელოვანია მცირე ცვლილებები მთლიანი ნეირონული ქსელისთვის.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Neuroscience გამოქვეყნდა.
კომენტარები