რამდენი წლისაა მზის სისტემა? — ახალი კვლევა განსხვავებულ დათარიღებას გვთავაზობს
მზის სისტემის ხნიერების შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ის სხვა პლანეტებისა და თავად დედამიწის შესახებ ღირებულ ინფორმაციას გვაწვდის. ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა დათარიღებისთვის მეტეორიტები გამოიყენეს და დაასკვნეს, რომ შესაძლოა, ჩვენი კოსმოსური სამეზობლო იმაზე ხნიერი იყოს, ვიდრე აქამდე მიგვაჩნდა.
კერძოდ, მათმა გამოთვლებმა აჩვენა, რომ მზის სისტემა 4.5684 მილიარდი წლისაა (±240 000 წელი), რაც ფართოდ აღიარებულ ხნიერებას დაახლოებით 1.1 მილიონი წლით აღემატება. მართალია, ერთი შეხედვით, ეს სხვაობა ისეთი დიდიც არაა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში პლანეტური მასშტაბებით ბევრი რამ ხდება.
მზის სისტემის ფორმირებისას ვარსკვლავის გარშემო არსებულ დისკოში პლანეტების გაჩენასთან ერთად ასტეროიდები და სხვა სხეულებიც წარმოიქმნა. მათი შემადგენლობის გაანალიზება კოსმოსურ წარსულში ჩახედვის საშუალებას გვაძლევს. სწორედ ეს გააკეთეს სპეციალისტებმა.
"პლანეტების დაბადებასა და მზის სისტემის პირველი რამდენიმე მილიონი წლის შესახებ მეტის გასაგებად ამ ერის მომსწრე მეტეორიტებს შევისწავლით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროის დაზუსტება, როცა მათი შემადგენელი კომპონენტები წარმოიქმნა, მშობელი პლანეტოშენადედები შეიკრა/დადნა და შეჯახებები მოხდა, რათა მზის ნისლეულში აღნიშნული მოვლენების შესაბამისი თანმიმდევრობა დადგინდეს", — აცხადებენ ავტორები.
უფრო კონკრეტულად, მეცნიერებმა კალციუმითა და ალუმინით მდიდარი შენაერთები გამოიკვლიეს, რომლებიც მეტეორიტებში გვხვდება. ქიმიურ ელემენტთა ზოგიერთი იზოტოპი რადიაქტიურია და დროთა განმავლობაში გარდაიქმნება, რასაც სხვადასხვა პერიოდი სჭირდება. ეს მათ სტაბილურობაზეა დამოკიდებული, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლოა, რამდენიმე წამით, საათით, დღით ან მილიარდობით წლით იარსებონ.
აქედან გამომდინარე, იზოტოპები დროის ერთგვარი კაფსულებია და კოსმოსური ობიექტების ფორმირების პერიოდზე მონაცემებს გვაწვდის. წინა დათარიღება ტყვიის იზოტოპებს ეფუძნებოდა. ალუმინის იზოტოპების თანაფარდობა კი მისგან განსხვავებულია, რაც მიუთითებს, რომ მზის ნისლეული ყველგან ერთნაირი არ იყო. ავტორები ამბობენ, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, ზემოხსენებული შენაერთების გაცხელების პროცესი იყოს და არა მზის ამოფრქვევები ან ახლომდებარე ვარსკვლავის აფეთქება.
მათი ნაშრომი გამოცემაში Icarus გამოქვეყნდა.
კომენტარები