ანტონიო გუტერეში: გლობალური დუღილის ერაში შევაბიჯეთ
ეს ივლისი, დიდი ალბათობით, ისტორიაში ყველაზე ცხელ თვედ გამოცხადდება, რაც ნიშნავს, რომ დედამიწაზე კლიმატის ცვლილება სულ უფრო და უფრო საგრძნობია. ამასთან დაკავშირებულით გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ გლობალური დათბობის საზღვრებს უკვე გავცდით და გლობალური დუღილის ერაში შევაბიჯეთ.
"კლიმატის ცვლილება აქაა. ის შემაშფოთებელია და ეს მხოლოდ დასაწყისია. მუსონურმა წვიმებმა ბავშვები წალეკა, ოჯახები ცეცხლის ალს გაურბიან, ხოლო მომუშავეები მწველი სიცხისგან იქცევიან", — წერს ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
ჩვენს პლანეტაზე რომ სიტუაცია ნელ-ნელა საგრძნობლად უარესდება, ცალსახაა. ჯერ კიდევ 2 წლის წინ სახელმწიფო ოკეანურმა და ატმოსფერულმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ 2021 წლის ივლისი იმ დროის მონაცემებით ყველაზე ცხელი თვე იყო. გავიდა დრო და ახლა უკვე 2023 წლის ივლისი იკავებს პირველობას.
აშშ-ის მეტეოროლოგთა პირველადი გაზომვებით, 2023 წლის 3 ივლისი რეკორდულად ცხელი დღე იყო. ისტორიაში პირველად, დედამიწის საშუალო ტემპერატურამ 17 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა. წინა რეკორდული ტემპერატურა 2022 წლის 24 ივლისს დაფიქსირდა და ეს მაჩვენებელი 16.92°C-ს შეადგენდა.
"პირადად მე მიმაჩნია, რომ ამ რეკორდის ხარისხი უბრალოდ გასაოცარია. ამგვარი რამ ისტორიის განმავლობაში ივლისის არცერთ თვეში გვინახავს", — ამბობს კლიმატის მეცნიერი, ზიკ ჰაუსფაზერი.
ამ ყველაფრის მიუხედავად, გაეროს გენერალური მდივანი მაინც იმედს იტოვებს, რომ კაცობრიობა კლიმატის ცვლილებასა და გარემოზე მის უარყოფით გავლენას შეეწინააღმდეგება.
"უარესის შეჩერება ჯერ კიდევ შეგვიძლია, მაგრამ ამის გასაკეთებლად მწველი სიცხის წელი მწველი ამბიციის წლად უნდა ვაქციოთ", — აცხადებს გუტერეში.
კომენტარები