კოტარდის სინდრომი — დაავადება, რომლის მქონე პაციენტებიც ფიქრობენ, რომ მკვდრები არიან
კოტარდის სინდრომის შესახებ რაიმე გაგიგიათ? ესაა იშვიათი ნეიროფსიქიატრიული დარღვევა, რომლის დროსაც ადამიანი საკუთარ არსებობას განსხვავებულად აღიქვამს. კერძოდ, ამ სინდრომის მქონე ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ მოსიარულე გვამები, ანდაც უსხეულო სულები არიან.
კონკრეტული ვარიაციების მიუხედავად, კოტარდის სინდრომის მქონე ადამიანები განიცდიან რეალობის დამახინჯებას, უარყოფენ რა თავიანთი სხეულის არსებობასა და ყოველდღიურ საჭიროებებს. ამის საერთო შედეგი კი შიმშილობა ხდება.
ერთ-ერთი შემთხვევის კვლევაში, შუახნის ქალმა, რომელსაც შფოთვისა და ფსიქოზის ისტორია ჰქონდა, დაიწყო ნიჰილისტური ილუზიების განცდა. ის ამტკიცებდა, რომ მკვდარი იყო, შემდეგ კი შეწყვიტა ჭამა და უარი თქვა მედიკამენტების მიღებაზე.
სხვა შემთხვევის კვლევა ეხებოდა 49 წლის კაცს, რომელმაც შეწყვიტა ზრუნვა თავის სხეულზე და დაიწყო პირადი ნივთების გაცემა. მან უარი თქვა ჭამაზე და ამტკიცებდა, რომ მის მოსაკლავად "ბოროტი ხალხი" იყო მიგზავნილი. საავადმყოფოში მიყვანიდან ერთი კვირის შემდეგ, პაციენტმა ექიმებს განუცხადა, რომ ის უკვე დაიღუპა და რომ მისი "კუჭი არ მუშაობდა, ღვიძლი დაშლილი იყო, ტვინი — პარალიზებული და სახეზე სისხლი აკლდა". ის გაუნძრევლად იწვა და ამბობდა, რომ ესმოდა ხმები, რომლების თქმითაც, იგი ეშმაკი იყო.
სამეცნიერო ლიტერატურაში, დაახლოებით, ასი მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება.
პირველი დაფიქსირებული შემთხვევა თარიღდება 1880 წლით, როდესაც ფრანგმა ნევროლოგმა, ჟიულ კოტარმა, აღწერა დეპრესიის ახალი ტიპი, რომელიც აღინიშნა "შფოთვიანი მელანქოლიით, დაგმობის ან უარყოფის იდეებით, ტკივილისადმი უგრძნობლობით, საკუთარი სხეულის არარსებობის ილუზიებით და უკვდავების ბოდვებით". პაციენტი იყო 43 წლის ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ არ გააჩნდა ტვინი, ნერვები, კუჭი და სული. ზემოხსენებული შემთხვევების მსგავსად, ისიც უარს ამბობდა ჭამაზე, რადგან თავი უკვდავად მიაჩნდა. რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც ექიმებმა მას არიპიპრაზოლით, შიზოფრენიისთვის განკუთვნილი წამლით უმკურნალეს, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
დღესდღეობით, ზოგიერთი მეცნიერი ეჭვობს, რომ კოტარდის სინდრომი შეიძლება სულაც არ იყოს ცალკეული დაავადება, არამედ წარმოადგენდეს ისეთი დარღვევების სიმპტომს, როგორებიცაა: ბიპოლარული აშლილობა, შიზოფრენია, დეპრესია ან ნარკოტიკების მოხმარებისა თუ კრუნჩხვების ისტორია.
კოტარდის სინდრომის 2018 წლის მიმოხილვამ დაადგინა, რომ ოთხი პაციენტიდან სამს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კვდებოდნენ, ექმნებოდათ შთაბეჭდილება, თითქოს, ვირუსები ან მწერები მათ შიგნიდან ჭამდნენ. ერთი 35 წლის პაციენტი ამტკიცებდა, რომ თავის ტვინში ჭიების მოძრაობას გრძნობდა. სხვა პაციენტი კი ექიმებს ეკითხებოდა: "რატომ უნდა ვჭამო, როცა უკვე მკვდარი ვარ?"
დღემდე ძალიან ცოტაა ცნობილი კოტარდის სინდრომის შესახებ ან რატომ ემთხვევა მისი სიმპტომები ჯანმრთელობის სხვა დარღვევებს. სინდრომზე ლიტერატურის მიმოხილვა ვარაუდობს, რომ პაციენტთა, თითქმის, 90%-ს აქვს დეპრესიის სიმპტომები, ხოლო 65%-ს აღენიშნება შფოთვა.
თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ ამ საშინელი სიმპტომების ეფექტურად მკურნალობა შესაძლებელია. ანტიფსიქოზური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ფსიქოთერაპია და ელექტროკონვულსიური თერაპიაც კი გამოიყენება ტიპურ საშუალებად, რომელსაც შეუძლია დადებითი შედეგის მოტანა. საუკეთესო შემთხვევაში, კოტარდის სინდრომის მქონე პაციენტები სიმპტომებისგან თერაპიიდან 2 კვირაში იკურნებიან.
კომენტარები