მარსის უზარმაზარი ვულკანი შესაძლოა, ძველად კუნძული ყოფილიყო
მარსზე განლაგებულია უზარმაზარი ვულკანი ოლიმპი, რომელიც მთელს მზის სისტემაში უდიდესია. ახლა მეცნიერები ამბობენ, რომ დაახლოებით საფრანგეთის ზომის ეს გიგანტური მასა შესაძლოა, წითელი პლანეტის წყლიან წარსულში კუნძული ყოფილიყო. თუ აღნიშნული ჰიპოთეზა სიმართლეს შეესაბამება, იქაურობა წყლისა და სიცოცხლის კვალის საძიებლად იდეალური ადგილია.
ამ საკითხზე საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტები მუშაობდნენ. მათ ის მორფოლოგიური მსგავსება შეისწავლეს, რომელიც ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე არსებულ ოლიმპს დედამიწის ვულკანურ კუნძულებთან აკავშირებს.
ოლიმპი ჩვენს მზის სისტემაში არა მხოლოდ ყველაზე დიდი ვულკანი, არამედ ყველაზე დიდი მთაცაა, რომელიც ევერესტზე სამჯერ მაღალია. მისი წარმოქმნის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერი ვიცით, ამიტომ მეცნიერები ფორმირების სხვადასხვა სცენარს განიხილავენ.
ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, ეს უზარმაზარი მთა წყალში ლავის ნაკადის ჩადინებისა და გამყარების შედეგად გაჩენილიყო. სწორედ ასე ყალიბდება ვულკანური კუნძულები დედამიწაზე, ამიტომ ისინი არ გამორიცხავენ, მარსის განვითარების ადრეულ ეტაპზე ოლიმპის გარშემო ოკეანე ყოფილიყო.
რა თქმა უნდა, მარსი უკვე დიდი ხანია, წყლიანი პლანეტა აღარაა, რადგან იქ გარემო პირობები საგრძნობლად შეიცვალა. შესაბამისად, გაგვიჭირდება გავიგოთ, რამდენად მართებულია ზემოხსენებული ჰიპოთეზა.
ამის მიუხედავად, ავტორები ამბობენ, რომ იგივე მახასიათებლები აქვს ოლიმპიდან 1 600 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ ვულკან ალბასაც, რომელიც შეიძლება ასევე ოკეანეში არსებული კუნძული ყოფილიყო. წითელ პლანეტაზე წყლის კვალს იქ გაშვებულმა კოსმოსურმა აპარატებმა უკვე მიაგნეს, ამიტომ გამორიცხული მართლაც არაფერია.
ავტორები მაინც ამბობენ, რომ საკითხის უფრო სიღრმისეულად გამოკვლევაა საჭირო და, იქნებ, ოლიმპზე მეტი ინფორმაციის მოპოვება მარსის წარსულის შესწავლაშიც დაგვეხმაროს.
მათი ნაშრომი გამოცემაში Earth and Planetary Science Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები