ჩვენს გალაქტიკაში შესაძლოა, ტრილიონობით "მოხეტიალე" ეგზოპლანეტა იყოს
ახალი კვლევების თანახმად, ჩვენს გალაქტიკაში შესაძლოა, უფრო მეტი "მოხეტიალე", ანუ ვარსკვლავის გარეშე მყოფი ეგზოპლანეტა არსებობდეს, ვიდრე ჩვეულებრივი, მნათობის გარშემო მოძრავი ციური სხეული.
"ვვარაუდობთ, რომ ჩვენს გალაქტიკაში 20-ჯერ მეტი მოხეტიალე პლანეტაა, ვიდრე ვარსკვლავი. ესაა ტრილიონობით ციური სხეული, რომელიც მარტო გადაადგილდება", — აცხადებს ამ საკითხისადმი მიძღვნილი 2 ნაშრომის თანაავტორი, დევიდ ბერნეტი.
მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ირმის ნახტომის გალაქტიკაში დედამიწაზე ნაკლებად მასიური "მოხეტიალე" ეგზოპლანეტების რაოდენობა გამოითვალეს. ეს 9-წლიანი დაკვირვებების შედეგია, რომლის ფარგლებშიც შორეული ციური სხეულების დასაფიქსირებლად მიკროლინზირების სახელით ცნობილი ფენომენი გამოიყენეს. ამ დროს მასიური ობიექტის ძლიერი გრავიტაციის გავლენით სინათლე მრუდდება და ერთგვარ კოსმოსურ გამადიდებელ შუშას ქმნის, რომელიც დიდ დისტანციაზე არსებულ სხეულებს ავლენს.
მიკროლინზირება საშუალებას გვაძლევს, პირველადი შავი ხვრელები და დაბალი მასის მქონე უვარსკვლავო ეგზოპლანეტები აღმოვაჩინოთ. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მათ შორის დაახლოებით დედამიწის ზომის ობიექტები უფრო გავრცელებულია, ვიდრე შედარებით დიდი.
მიზეზი ისაა, რომ მათი ორბიტები მშობლიური სისტემების გიგანტური ციური სხეულების გრავიტაციის გამო ქაოსური ხდება. საბოლოოდ, ასეთი პლანეტები მნათობს გამოეყოფა და სივრცეში ეულად მოძრაობას იწყებს.
სწორედ მათ დაფიქსირებას შეეცდება NASA-ს ნენსი გრეის რომანის სახელობის კოსმოსური ტელესკოპი, რომლის დებიუტიც 2027 წელსაა ჩანიშნული. მისი დახმარებით მათ იმაზე დეტალურად გამოვიკვლევთ, ვიდრე ხმელეთზე განლაგებული ობსერვატორიებით.
უკანასკნელი კვლევების მიხედვით, რომანის ტელესკოპით, წესით, დედამიწის ზომის 400-მდე "მოხეტიალე" ეგზოპლანეტა უნდა აღმოვაჩინოთ, ერთი მათგანი კი უკვე გამოვლინდა.
კომენტარები