მარიხუანის მოხმარება, სავარაუდოდ, ეპიგენეტიკურ ცვლილებებს იწვევს — ახალი კვლევა
1 000-ზე მეტ ზრდასრულ ადამიანზე ჩატარებული კვლევის ვარაუდით, მარიხუანის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ადამიანის სხეულის ეპიგენომში. ეპიგენომი ჰგავს გადამრთველების კომპლექტს, ააქტიურებს ან თიშავს რა გენებს, რათა შეცვალოს ჩვენი სხეულის ფუნქციონირება.
მკვლევრებმა შეისწავლეს, დაახლოებით, 1 000 ზრდასრული (18-დან 30 წლამდე), რომლებიც მონაწილეობდნენ წინა გრძელვადიან (20-წლიან) კვლევაში, სადაც მათ კითხვებს უსვამდნენ მარიხუანის გამოყენების შესახებ. კვლევის მონაწილეებმა ამ დროის განმავლობაში ორჯერ ჩააბარეს სისხლის ნიმუშები.
ხუთწლიანი ინტერვალით აღებული ნიმუშების გამოყენებით, მკვლევართა გუნდმა გამოიკვლია კანაფის მომხმარებლების ეპიგენეტიკური ცვლილებები, კერძოდ, დნმ-ის მეთილაციის დონეები.
მეთილის ჯგუფების დამატება ან ამოღება დნმ-დან ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი ეპიგენეტიკური მოდიფიკაციაა. ის ცვლის გენების აქტივობას გენომის თანმიმდევრობის შეცვლის გარეშე, რადგან უჯრედებისთვის უფრო რთულია გენომის ინსტრუქციის წაკითხვა ამ მოლეკულურ ცვლილებებთან ერთად.
გარემოსა და ცხოვრების წესის ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს მეთილაციის ცვლილებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს მომავალ თაობებს. სისხლის ბიომარკერებს კი შეუძლია, მოგვაწოდოს ინფორმაცია როგორც ბოლო, ისე ისტორიული ზემოქმედების შესახებ.
მკვლევრებმა სისხლის პირველ ჯერზე აღებულ ნიმუშებში აღმოაჩინეს დნმ-ის მეთილაციის მრავალი მარკერი, რომელთაგან 22 დაკავშირებული იყო კანაფის ბოლოდროინდელ გამოყენებასთან, ხოლო 31 — კუმულაციურ გამოყენებასთან. მომდევნო 5 წლის ნიმუშებში კი გამოავლინეს 132 მარკერი, რომლებიც უკავშირდებოდა ბოლოდროინდელ გამოყენებას და 16 — კუმულატიურ გამოყენებას.
"საინტერესოა, რომ ჩვენ თანმიმდევრულად გამოვავლინეთ ერთი მარკერი, რომელიც ადრე იყო დაკავშირებული თამბაქოს მოხმარებასთან", — განმარტავს ლიფანგ ხოუ, კვლევის წამყვანი ავტორი.
კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებული მრავალი ეპიგენეტიკური ცვლილება ადრე დაკავშირებული იყო ისეთ საკითხებთან, როგორებიცაა: უჯრედების გამრავლება, ჰორმონების სიგნალიზაცია, ინფექციები, ნევროლოგიური დარღვევები, როგორებიცაა: შიზოფრენია და ბიპოლარული აშლილობა — და ნივთიერებების მოხმარების დარღვევები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს კვლევა არ ადასტურებს კანაფის პირდაპირ კავშირს ამ ცვლილებებსა თუ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან.
"ამ კვლევამ მოგვცა ახალი შეხედულებები მარიხუანას მოხმარებასა და ეპიგენეტიკურ ფაქტორებს შორის კორელაციის შესახებ", — ამბობს ეპიდემიოლოგი დრიუ ნანინი Northwestern University-დან. "საჭიროა დამატებითი კვლევები იმის დასადგენად, არის თუ არა ეს ასოციაციები თანმიმდევრულად დაფიქსირებული სხვადასხვა პოპულაციაში. გარდა ამისა, კვლევებმა, რომლებიც სწავლობს მარიხუანას ეფექტს ასაკთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის მდგომარეობებზე, შეიძლება მოგვცეს შემდგომი ხედვა მარიხუანას მოხმარების გრძელვადიანი ეფექტის შესახებ."
კომენტარები