აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელიც ბნელ მატერიას არ შეიცავს
დღესდღეობით ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი სამყაროში ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის არსებობას ითვალისწინებს. მათი მეშვეობით კოსმოსის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მახასიათებელი იხსნება, როგორიცაა მისი გაფართოება და გალაქტიკების მასა, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ მატერიას შეესაბამება.
ასევე, იხილეთ: ის აქ არის, მაგრამ ვერ ვხედავთ — ბნელი მატერია სამყაროსა და მზის სისტემაში
ზემოხსენებული მოდელის თანახმად, ამ უზარმაზარი სისტემების მასის დიდ ნაწილზე სწორედ ბნელი მატერიაა პასუხისმგებელი. ახლა კი ასტრონომებმა აღმოაჩინეს ელიფსური გალაქტიკა, რომელშიც მსგავსი სუბსტანციის კვალს ვერ მიაგნეს.
ის NGC 1277-ის სახელითაა ცნობილი და ჩვენგან 240 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. უზარმაზარი ზომიდან გამომდინარე, წესით, ამ გალაქტიკის 10-70 პროცენტს სწორედ ბნელი მატერია უნდა შეადგენდეს, მითუმეტეს, რომ მისი ვარსკვლავური მასა მზისას 150 მილიარდჯერ აღემატება. როგორც უკვე ვახსენეთ, ეს ასე არაა, რაც მეცნიერებისთვის მოულოდნელი იყო.
მათი გამოთვლებით, NGC 1277-ში ბნელი მატერია საერთოდ უნდა იყოს ან 5 პროცენტს არ უნდა აჭარბებდეს. ეს ძალიან უცნაურია, განსაკუთრებით კი ე.წ. რელიქტური გალაქტიკისთვის, რომელიც ბოლო 12 მილიარდი წლის განმავლობაში დიდად არ შეცვლილა.
მეცნიერებმა NGC 1277 სწორედ რელიქტური სისტემების შესწავლისას დააფიქსირეს და მისი სპექტრული მონაცემები გააანალიზეს. შედეგად, სპეციალისტებმა გალაქტიკაში 20 000 სინათლის წლის რადიუსზე მასის განაწილება გამოთვალეს და ბნელი მატერიის დანაკლისი გამოავლინეს. ამით ის თანამედროვე კოსმოლოგიურ მოდელს ეწინააღმდეგება.
ავტორებს მსგავსი უჩვეულო მახასიათებლის ასახსნელად ორი ჰიპოთეზა აქვთ, მაგრამ ბოლომდე დამაჯერებელი არცერთია. პირველის მიხედვით, NGC 1277-დან ბნელი მატერია გალაქტიკათა შეჯგუფების (სადაც ის მდებარეობს) გრავიტაციულმა ურთიერთქმედებამ განდევნა. მეორეს თანახმად, ეს მაშინ მოხდა, როცა NGC 1277 პროტოგალაქტიკური ფრაგმენტების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა.
უნდა ითქვას, რომ ეს გალაქტიკა პრობლემურია არა მხოლოდ სტანდარტული კოსმოლოგიური თეორიისთვის, არამედ სხვა ალტერნატიული მოდელებისთვისაც, რომლებიც მოდიფიცირებულ გრავიტაციას ეფუძნება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდა.
კომენტარები