უშლის თუ არა ხელს მზისგან დამცავი გარუჯვას?
ზაფხულში ტემპერატურის მატებასთან ერთად, მეტად სავარაუდოა, რომ ადამიანების ნაწილი მზისგან დამცავის უფრო აქტიურ მოხმარებას დაიწყებს, თუმცა ბევრმა არ იცის მისი მოქმედების მექანიზმი ან ის, უშლის თუ არა იგი ხელს გარუჯვას. მოდით, ორივე კითხვას ვუპასუხოთ.
როგორ მუშაობს მზისგან დამცავი?
არსებობს ულტრაიისფერი გამოსხივების ორი ტიპი: UVA და UVB. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, თითქმის, მთელი UV გამოსხივება, რომელიც დედამიწამდე აღწევს, არის UVA, რომელიც უფრო ღრმად შედის კანში. ამის გამო, ის პასუხისმგებელია კანის დაბერებაზე, ხოლო UVB ასოცირდება მზის დამწვრობების უმეტესობასთან. მზისგან დამცავი საშუალებები კი გვიცავს ორივე ტიპის რადიაციისგან.
მზისგან მაშინ ვიწვებით, როდესაც ულტრაიისფერი გამოსხივება აზიანებს ეპიდერმისის უჯრედებს, კანის ზედა ფენას. იმუნური სისტემა რეაგირებს მიდამოში სისხლის ნაკადის გაზრდით, რაც კანს წითელ ელფერს აძლევს. შემდეგ სისხლის თეთრი უჯრედები იწყებს მუშაობას დაზიანებული უჯრედების მოცილებაზე, რაც იწვევს ქავილსა და აქერცვლას.
ამის თავიდან ასარიდებლად მზისგან დამცავი მზის სხივებს შთანთქავს (ქიმიური მზისგან დამცავი) ან ირეკლავს (ფიზიკური მზისგან დამცავი).
ქიმიურ მზისგან დამცავებს მიეკუთვნება ავობენზონი, ოქტინოქსატი და ოქსიბენზონი, რომლებიც გარდაქმნის ულტრაიისფერ სხივებს სითბოდ, ვიდრე მას სხეულიდან გამოყოფდეს. ამავდროულად, ფიზიკური მზისგან დამცავი საშუალებების ძირითადი აქტიური ინგრედიენტებია ტიტანის დიოქსიდი და თუთიის ოქსიდი, რომლებიც ბარიერის როლს ასრულებს და ულტრაიისფერ სხივებს კანიდან ფანტავს.
და მაინც, უშლის თუ არა ხელს მზისგან დამცავი გარუჯვას?
ჩვენ ვირუჯებით, რადგან UV ზრდის მელანინის გამომუშავებას, რითაც ჩვენი კანი ცდილობს, თავიდან აიცილოს შემდგომი დაზიანება.
"უსაფრთხო რუჯი არ არსებობს", — აცხადებს აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია. ეს არის პასუხი ეპიდერმისის დაზიანებაზე და ასოცირდება კანის კიბოს გაზრდილ რისკთან.
რადგანაც გარუჯვა გამოწვეულია ულტრაიისფერი სხივებით, რომლებსაც მზისგან დამცავი საშუალებები შთანთქავს/ბლოკავს, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, გარკვეულწილად, ხელს უშლის გარუჯვას.
"გარუჯვა, ძირითადად, გამოწვეულია UVA სხივებით და თუკი ვიყენებთ ფართო სპექტრის, UVA/UVB პროდუქტს, ვერ გავირუჯებით", — განმარტავს დერმატოლოგი, ლორეტა ცირალდო.
თუმცა არცერთი მზისგან დამცავი საშუალება არ ბლოკავს ულტრაიისფერი სხივების 100%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ტარების დროსაც შეიძლება ცოტათი გავირუჯოთ.
საბოლოო ჯამში, დიახ, მზისგან დამცავი ხელს უშლის რუჯის მიღებას, მაგრამ იცავს თქვენს ჯანმრთელობას. გადაწყვეტილება თქვენზეა.
კომენტარები