მეცნიერებმა NASA-ს მიერ იუპიტერის შესასწავლად გაშვებულ ზონდ Juno-ს მეშვეობით პლანეტის მაგნიტოსფეროსა და მზის ქარს შორის არსებულ მიჯნასთან მბრუნავი ტალღები დააფიქსირეს. აღნიშნული ფენომენი იქ საკმაოდ ხშირად იჩენს თავს და ციური სხეულის გარემოში მზის ენერგიის გადასატანად მნიშვნელოვანია.

ეს მაშინ ხდება, როცა კოსმოსის ამ ორი რეგიონის ზღვარზე ნაწილაკთა სიჩქარეების დიდი სხვაობა ყალიბდება. შედეგად, მორევის მსგავსი, მბრუნავი ტალღები წარმოიქმნება, რომლებსაც კელვინ-ჰელმჰოლცის ტალღები ეწოდება. ისინი შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია, თუმცა პლაზმასა და მაგნიტურ ველზე სპეციალური ხელსაწყოებით დაკვირვებისას ვლინდება.

"კელვინ-ჰელმჰოლცის არასტაბილურობა ფუნდამენტური ფიზიკური პროცესია, რომელიც მზის ქარისა და პლანეტის მაგნიტური ველის ურთიერთქმედებისას იჩენს თავს როგორც ჩვენს სისტემაში, ისე მთელ სამყაროში. Juno ამ ტალღებს მრავალი ორბიტული შემოვლისას დააკვირდა და მოგვაწოდა დასტური, რომ ეს ფენომენი მზის ქარისა და იუპიტერის ურთიერთქმედებაში აქტიურ როლს ასრულებს", — აცხადებს ახალი ნაშრომის მთავარი ავტორი, ჯეიკ მონტგომერი.

იუპიტერის მაგნიტოსფეროს მიჯნასთან არსებული მბრუნავი ტალღების მოდელი.

ფოტო: UCAR/Zhang, et.al.

"იუპიტერის მაგნიტოპაუზასთან Juno-ს მიერ გატარებულმა დიდმა დრომ საშუალება მოგვცა, ამ რეგიონში კელვინ-ჰელმჰოლცის არასტაბილურობას დეტალურად დავკვირვებოდით. მსგავსი ურთიერთქმედება მნიშვნელოვანია, რადგან მას პლაზმა და ენერგია იუპიტერის მაგნიტოპაუზიდან მაგნიტოსფეროში გადააქვს და სისტემაში აქტიურობას უწყობს ხელს", — ამბობს კვლევის თანაავტორი, რობერტ ებერტი.

მათი ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.