აღმოჩნდა, რომ პოლარული ნათება მერკურიზეცაა — პლანეტაზე, რომელსაც ატმოსფერო არ აქვს
ახალმა კვლევამ ცხადყო, რომ პოლარული ციალი მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე მერკურიზეც გვხვდება მიუხედავად იმისა, რომ მას ატმოსფერო არ გააჩნია. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი ფენომენი ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში უკვე ყველა პლანეტაზეა დაფიქსირებული, ანუ შესაძლოა, მზის სისტემაში არსებულ უნივერსალურ მექანიზმთან გვქონდეს საქმე.
მეცნიერებმა კოსმოსურ ზონდ BepiColombo-ს მიერ 2021 წლის ოქტომბერში მერკურიზე ელექტრონებისა და იონების შესახებ მოპოვებული მონაცემები შეისწავლეს. შედეგად, მათ გამოავლინეს ავრორასთან, იგივე ციალთან დაკავშირებული პროცესები, რომლებშიც პლანეტის მაგნიტური ველი მონაწილეობს და მკრთალ რენტგენულ ნათებას წარმოქმნის.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ენერგიული ელექტრონები მერკურის მაგნიტოსფეროს კუდისებრ რეგიონთან ახლოს ჩქარდება, რის შემდეგაც ქვემოთ ჩაედინება და მაგნიტური ველის ე.წ. ჩაკეტილ ხაზებს მიუყვება. ანალოგიური პროცესები დაკვირვებადია დედამიწის მახლობელ სხვა ყველა პლანეტაზე, რომელთა მაგნიტოსფეროს სტრუქტურაცა და დინამიკაც ერთმანეთისგან განსხვავებულია.
როგორც წესი, ციალის წარმოსაქმნელად ორი რამაა საჭირო: მაგნიტური ველი და ატმოსფერო, რომელთანაც აჩქარებული ნაწილაკები ურთიერთქმედებს და ელექტრომაგნიტურ რადიაციას გამოყოფს. ჩვენს სისტემაში არსებულ ციურ სხეულებზე ამგვარი ნათება მზის ქარის გავლენით ფორმირდება, თუმცა იუპიტერზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის თანამგზავრ იოდან წამოსული ელექტრონებიც. ეს ფენომენი ასტრონომებმა ისეთ პლანეტებზე დააფიქსირეს, რომლებზეც არ ელოდნენ, მაგალითად, ვენერასა და მარსზე. ახლა კი მათ რიცხვს მერკურიც შეუერთდა.
ამ უკანასკნელს ძალიან სუსტი გლობალური მაგნიტური ველი აქვს და მზესთან სიახლოვის გამო მუდმივი რადიაციის ქვეშაა. მას ატმოსფერო არ გააჩნია, არამედ მხოლოდ თხელი ეგზოსფერო, რომელიც ზედმეტად არაერთგვაროვანია იმისთვის, რომ აიროვანი თვისებები ჰქონდეს.
მსგავსი მახასიათებლებიდან გამომდინარე, მერკურიზე ავრორას აღმოჩენა მოულოდნელი იყო. ამის მიუხედავად, იქ, ზედაპირზე, რენტგენული ფლუორესცენციური ნათება დაკვირვებადია, რაც აჩქარებული ელექტრონების მოძრაობას შეესაბამება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები