5 საინტერესო ფაქტი, რომელიც რობერტ ოპენჰაიმერზე უნდა იცოდეთ
სულ ცოტაც და კრისტოფერ ნოლანის ახალ ფილმს — ოპენჰაიმერს ვიხილავთ.
ნოლანი ცნობილია ეპიკური კინემატოგრაფით. მისი ფილმები ეპოქალურია და ზოგ შემთხვევაში რევოლუციურიც.
ასევე: კრისტოფერ ნოლანი, ოპენჰაიმერი და ატომური ბომბი CGI-ის გარეშე
და, აი, ახლა, ახალი ფილმით, რომელიც ოფიციალურად 20 ივლისს გამოვა, ნოლანი რევოლუციის მოხდენას კიდევ ერთხელ აპირებს. ამჯერად მას ატომური ბომის აფეთქების გაცოცხლება აქვს გადაწყვეტილი.
ფილმი ცნობილ ფიზიკოსზე, ატომური ბომბის მამად წოდებულ ოპენჰაიმერზეა.
სანამ ფილმს ვუყურებთ შეგვიძლია, თავად რობერტ ოპენჰაიმერი გავიცნოთ უფრო ახლოდან. სტატიაში 5 მნიშვნელოვან ფაქტზე მოგიყვებით, რომელიც რობერტ ოპენჰაიმერზე უნდა იცოდეთ.
ოპენჰაიმერი იყო პირველი, ვინც შავი ხვრელების არსებობა ივარაუდა
ოპენჰაიმერს ცოდნასთან ერთად, გამორჩეული ფანტაზიაც ჰქონდა.
მას შემდეგ რაც ოპენჰაიმერი ასტროფიზიკას გაეცნო, დაიწყო ნაშრომების გამოქვეყნება, რომელიც ჯერ კიდევ აღმოუჩენელ კოსმოსურ ობიექტებს ეხებოდა. მათ შორის იყო თეთრი ჯუჯები და ნეიტრონული ვარსკვლავები.
თუმცა, მისი ყველაზე საინტერესო ასტროფიზიკური პროგნოზი 1939 წელზე მოდის, როდესაც ოპენჰაიმერმა მომაკვდავ ვარსკვლავებზე დაწერა, რომელთა გრავიტაციული ძალა ენერგიის გამომუშავებას აღემატებოდა.
იმ დროს სტატიას მცირე ყურადღება მიაქციეს, თუმცა, მალე ასტროფიზიკოსებმა გააცნობიერეს, რომ ოპენჰაიმერმა შავი ხვრელების არსებობა იწინასწარმეტყველა.
აინშტაინმა მას სულელი უწოდა
ოპენჰაიმერის განსაცვიფრებელი ინტელექტი და დიდი ცოდნა ყოველთვის ვერ სძლევდა მის ემოციურ უმწიფრობასა და პოლიტიკურ გულუბრყვილობას.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო უთანხმოება, რომელიც მას ჰქონდა ალბერტ აინშტაინთან "მაკარტის წითელი შიშის დროს". მან და აინშტაინმა უსაფრთხოების ზომების გაუქმებზე იკამათეს.
აინშტაინმა კოლეგას ურჩია, პოლიტიკისთვის თავი დაენებებინა, რადგან ეს მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არ იყო.
თუმცა, ოპენჰაიმერმა უპასუხა, რომ ვაშინგტონის ისტებლიშმენტის შიგნიდან უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებდა, ვიდრე გარედან. შესაბამისად, მან გადაწყვიტა "დარჩენა" და ბრძოლა. ეს იყო ბრძოლა, რომელსაც ოპენჰაიმერი წააგებდა და მარცხი მას სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვებოდა.
საუბარი იყო უკიდურეს ანტიკომუნიზმზე, რის მიხედვითაც კომუნიზმთან ბრძოლა აჩრდილების დევნას დაემსგავსა.
აინშტაინმა ხელი ჩაიქნია და თავის მდივანს უთხრა, რომ ოპენჰაიმერი ნამდვილი სულელი იყო.
მან, შესაძლოა, თავისი პროფესორის ვაშლით მოწამვლა სცადა
ოპენჰაიმერის სტუდენტობა მარტივი არ იყო. მისმა ემოციურობამ და იზოლაციამ ის ღრმა დეპრესიაში ჩააგდო.
კემბრიჯში ოპენჰაიმერის პროფესორი პატრიკ მეინარდ სტიუარტ ბლეკეტი იყო — ინტელექტუალი და ნიჭიერი ექსპერიმენტატორი, რომლისაც ოპენჰაიმერს შურდა.
ამის პარალელურად, სტუდენტობისას ოპენჰაიმერი ნაკლებად წარმატებული იყო. ამან, შესაძლოა, მას უკიდურესი ზომების მიღებისკენ უბიძგა. ოპენჰაიმერის მეგობარი, ფრენსის ფერგიუსონი, ამტკიცებდა, რომ ოპენჰაიმერმა ბლეკეტის მოწამვლა სცადა. ფერგიუსონის თქმით, ოპენჰაიმერმა ერთხელ აღიარა, რომ ვაშლს მავნე ქიმიკატები მოაყარა და ის ბლეკეტის მაგიდაზე დატოვა.
თუმცა, ფერგიუსონის სიტყვების მტკიცებულება არ არსებობს. ოპენჰაიმერის შვილიშვილი, ჩარლზ ოპენჰაიმერი, ამბობდა, რომ ეს სრული აბსურდია.
ზუსტად ამაზე პასუხი, ალბათ, არასდროს გვეცოდინება, თუმცა ერთი რამ ფაქტია, თუ ოპენჰაიმერმა ეს ჩაიდინა, ბლეკეტმა ვაშლი ნამდვილად არ ჭამა.
პრეზიდენტმა ტრუმენმა ოპენჰაიმერს მტირალა უწოდა
ჰიროშიმასა და ნაგასაკიზე ატომური ბომბების ჩამოგდებიდან სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, ოპენჰაიმერი პრეზიდენტ ჰარი ს. ტრუმენს ოვალურ კაბინეტში შეხვდა. ფიზიკოსი შეშფოთებული იყო და საბჭოთა კავშირთან ატომური ომის საფრთხეებზე საუბრობდა. პრეზიდენტმა ფიზიკოსი დაამშვიდა და უთხრა, რომ საბჭოთა კავშირი ატომურ ბომბს ვერასდროს შექმნიდა.
პრეზიდენტის უცოდინრობით შეშფოთებულმა ოპენჰაიმერმა ხელები გაასავსა და დაბალი ხმით უთხრა: "ბატონო პრეზიდენტო, ვგრძნობ, რომ ხელებზე სისხლი მაქვს".
ტრუმენი გაბრაზდა და შეხვედრა მალევე დაასრულა.
"სისხლი მის ხელებზე, ჯანდაბა. მას იმ სისხლის ნახევარიც არ აქვს ხელებზე, რამდენიც მე. ამ ნაბიჭვრის აქ დანახვა აღარ მინდა", — უთხრა ტრუმენმა თავის სახელმწიფო მდივანს.
ტრუმენმა შემდეგშიც რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ატომური ბომბის მამა სინამდვილეში მტირალა ბავშვი იყო.
პირველი ატომური ბომბის გამოცდის კოდური სახელი ოპენჰაიმერის საყვარლიდან მომდინარეობს
ოპენჰაიმერი ჟან ტატლოკს პირველად 1936 წელს შეხვდა. მათი რომანი მალევე დაიწყო და ის კეტრინ პუენინგთან ქორწილის შემდეგაც გაგრძელდა. ტატლოკი 1944 წელს დაიღუპა.
საინტერესოა, რომ როდესაც ტატლოკი და ოპენჰაიმერი ერთმანეთს შეხვდნენ ქალი კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი იყო. ქალმა ოპენჰაიმერის პოლტიკური შეხედულებები გარკვეულწილად შეცვალა კიდევაც. სწორედ ამაზე იკამათეს მან და აინშტაინმა.
ოპენჰაიმერის პოლიტიკურმა ინტერესებმა მალე FBI-ის ყურადღებაც მიიქცია. აგენტებმა მისი დევნა და მიყურადება დაიწყეს.
1944 წელს ტატლოკი მკვდარი იპოვეს. სიკვდილი ნარკოტიკების ჭარბ დოზასთან დაკავშირდა. ტატლოკი წლების განმავლობაში მწვავე დეპრესიას განიცდიდა და მაშინ ჩათვალეს, რომ ქალმა თავი მოიკლა. მიუხედავად ამისა, მისი ძმა ამტკიცებდა, რომ სიკვდილში სადაზვერვო სამსახურები იყო ჩართული.
ტატლოკმა ოპენჰაიმერს ჯონ დონის ლექსებიც გააცნო. სწორედ მისი პოეზიიდან გამომდინარე ოპენჰაიმერმა ატომური ბომბის გამოცდას კოდური სახელი "ტრინიტი" უწოდა.
საბოლოოდ, ეს ყველაფერი სასამართლო პროცესმდე მივიდა. 1954 წელს ოპენჰაიმერს კომუნიზმში დასდეს ბრალი და საზოგადოებრივი ცხოვრებისგან მნიშვნელოვნად გარიყეს. ოპენჰაიმერი მაკარტიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მსხვერპლია.
კომენტარები