აღმოჩნდა, რომ სიბნელეში მცხოვრები ბრმა თევზები სინათლეს მაინც აღიქვამენ
მექსიკაში მდებარე გამოქვაბულთა სისტემაში ბინადრობენ ბრმა თევზები, რომლებიც სრულ სიბნელეში არიან. იმის გასაგებად, ჯერ კიდევ ინარჩუნებენ თუ არა ისინი ყოველდღიურ შინაგან დროით ციკლს, მეცნიერებმა ამ არსებების შესწავლა გადაწყვიტეს.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათი უჯრედები სინათლეს აღიქვამს.
დედამიწაზე მობინადრე ცხოველების უმეტესობას ზემოხსენებული შინაგანი საათი, იგივე ცირკადული რიტმი აქვს, რომელსაც ჩვენი სხეული დღესა და ღამესთან სინქრონში სინათლის მიხედვით მოჰყავს. ეს ციკლი მრავალ ბიოლოგიურ პროცესს განაპირობებს, როგორიცაა შიმშილი, ძილი და სხვა.
Astyanax mexicanus-ის სახეობის თევზები სიბნელესთან ადაპტირდნენ. მათი ორგანიზმი ვიბრაციების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა, რისი მეშვეობითაც წყლის დინებების ცვლილებას აფიქსირებენ და გადასაადგილებლად იყენებენ. ამგვარად ინაზღაურებენ ისინი მხედველობის დანაკლისს (ზოგი არა მხოლოდ ბრმაა, არამედ თვალები საერთოდ არ აქვს).
ეს ადაპტაცია ამ არსებებში იმის მიუხედავად განვითარდა, რომ მათ ევოლუცია სრულად ფუნქციური თვალების მქონე თევზებიდან განიცადეს. ისინი მექსიკის ელ-აბრას რეგიონსა და სამხრეთ-დასავლეთ აშშ-ში წყლის ზედაპირთან ახლოს დღესაც ბინადრობენ და გამოქვაბულის თევზებს 10 000-დან 10 მილიონამდე წლის წინ გამოეყვნენ, თუმცა მათთან ჯერ კიდევ წყვილდებიან.
მეცნიერებმა ბრმა თევზების ქსოვილის ნიმუშები სამი სხვადასხვა გამოქვაბულიდან აიღეს და მათი წინაპრის ემბრიონებთან ერთად ლაბორატორიულ პირობებში გამოცადეს. სპეციალისტებმა სინათლის ზეგავლენით რამდენიმე მოლეკულური დროითი მექანიზმი გამოავლინეს, რაც ნიშნავს, რომ ამ თევზებში სინათლის არავიზუალური მგრძნობელობა უჯრედულ დონეზეა შენარჩუნებული.
"მოვიპოვეთ მტკიცებულება, რომ სიბრმავის მიუხედავად, Astyanax mexicanus სინათლეს აფიქსირებს და შინაგან საათს დღე-ღამის ციკლს უსაბამებს", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the Royal Society B გამოქვეყნდა.
კომენტარები