შხამიანი გველების მიერ ადამიანების დაკბენის ალბათობა იზრდება — აი, რატომ
ახალი კვლევის მიხედვით, ტემპერატურის ყოველი გრადუსი ცელსიუსით მატება იწვევს გველების მიერ კბენის შემთხვევების, დაახლოებით, 6%-ით ზრდას.
გლობალური დათბობის მიერ მოტანილ უამრავ "სიკეთესთან" ერთად, როგორც ჩანს, გაჩნდა კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც გველებს უკავშირდება.
ახალი კვლევის მიხედვით — რომელიც ჩატარდა აშშ-ს შტატ ჯორჯიაში, სადაც შხამიანი გველების 17 სახეობა ცხოვრობს — ტემპერატურის ყოველი გრადუსი ცელსიუსით მატება იწვევს გველების მიერ კბენის შემთხვევების, დაახლოებით, 6%-ით ზრდას.
ცნობილია, რომ გველები რეაგირებენ ამინდის სეზონურ ცვლილებებზე, ამიტომ ეს შედეგები, გარკვეულწილად, მოსალოდნელი იყო და ასევე ემთხვევა წინა კვლევების დასკვნებს.
თუმცა, მკვლევრები ამ კორელაციის მიზეზებს ღრმად არ ჩასძიებიან. მათ მიიჩნიეს, რომ შემთხვევების ზრდა უკავშირდებოდა თბილ ამინდსა და ადამიანის აქტივობას, ისევე როგორც გველის ბიოლოგიას.
მკვლევრებმა გადახედეს საავადმყოფოების 3 908 ვიზიტს, რომლებიც დაკავშირებულია შხამიანი გველების ნაკბენებთან, 2014-დან 2020 წლამდე.
მიუხედავად იმისა, რომ გველის ნაკბენების ყველაზე მეტი რაოდენობა ზაფხულში დაფიქსირდა, რეალურად სწორედ გაზაფხულს ჰქონდა ყველაზე ძლიერი კავშირი ტემპერატურასა და გველის ნაკბენს შორის. მკვლევრების აზრით, შესაძლებელია, რომ ზაფხულის მაღალი ტემპერატურა გველებს უფრო ადუნებდეს.
კვლევას არ უცდია პროგნოზირება იმისა, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს მომავალში ტემპერატურის მატებამ გველის მიერ დაკბენის რისკზე, მაგრამ ურბანული ტერიტორიების გაფართოება უკვე ზრდის ამ ქვეწარმავლების ადამიანებთან ურთიერთობის ალბათობას.
კომენტარები