მეცნიერებმა დაბერების საწინააღმდეგო ახალი მეთოდი შეიმუშავეს
მეცნიერებმა ექსპერიმენტის ფარგლებში მხოლოდ ქიმიური თერაპიის მეშვეობით უჯრედები გააახალგაზრდავეს, რაც შესაძლოა, ამ დფეროში გარღვევადაც კი იქცეს. ახალი მეთოდი დაბერების პროცესის შემაფერხებელ გენებზე კვლევას ეფუძნება, რომელმაც სპეციალისტებს ნობელის პრემია მოაპოვებინა.
აქამდე მსგავსი შედეგის მისაღებად გენურ ინჟინერიას მიმართავდნენ, რაც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში მომუშავე მეცნიერებმა სხვა გზა აირჩიეს და ყურადღება ე.წ. იამანაკას ფაქტორებზე გაამახვილეს, რომლებიც ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების (iPSC) წარმოქმნაში მონაწილეობს. ამ უკანასკნელს აქვს უნარი, ნებისმიერ სხვა ტიპის უჯრედად გარდაიქცეს და გაახალგაზრდავდეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი უჯრედები სიმსივნისკენ მიდრეკილი არ ჩანს, რაც, ზოგადად, დაბერების საწინააღმდეგო კვლევების ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ახალი მიდგომით ხნიერი უჯრედების iPSC-იდ გარდაქმნაა შესაძლებელი, რაც არა მხოლოდ დაბერების შენელების, არამედ ამ პროცესის შექცევის საშუალებას იძლევა.
სიბერის უკუსაქცევად ავტორებმა იამანაკას ფაქტორებთან ერთად ახალი მოლეკულები გამოცადეს და იმედის მომცემი შედეგები მიიღეს. კერძოდ, მათ 6 ქიმიური "კოქტეილის" იდენტიფიცირება მოახერხეს, რომელთა დახმარებითაც უჯრედები 1 კვირაზე ნაკლებ დროში გააახალგაზრდავეს.
წინა კვლევებში მეცნიერებმა თაგვების ორგანიზმში იამანაკას ფაქტორებთან ერთან ვირუსული ვექტორის შეყვანით მათ მხედველობა გაუუმჯობესეს და სიბერესთან დაკავშირებული სხვა სიმპტომებისგანაც განკურნეს. ეს ნიშნავს, რომ ზემოხსენებული მეთოდიც დამაიმედებელია.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Aging გამოქვეყნდა.
კომენტარები