ნახეთ: კოსმოსურმა ზონდმა მარსის ორბიტიდან დედამიწა და მთვარე გადაიღო
ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ მარსის შესასწავლად გაშვებულმა ზონდმა Mars Express წითელი პლანეტის ორბიტიდან დედამიწა და მთვარე გადაიღო. მართალია, ამ კადრებზე ჩვენი მშობლიური ციური სხეული და მისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მკაფიოდ არ ჩანს, თუმცა ეს სურათი ყველასთვის კარგად ცნობილ "მკრთალ ლურჯ წერტილს" მოგვაგონებს და წარმოაჩენს დისტანციას, რომელიც მარსისგან გვაშორებს.
"Mars Express-ის 20 წლის იუბილეს აღსანიშნად გვინდოდა, კარლ სეიგანის რეფლექსიები აწმყოში გადმოგვეტანა, სადაც გამწვავებული კლიმატის ცვლილება და ეკოლოგიური კრიზისი მათ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, ვიდრე ოდესმე.
Mars Express-ის მიერ დაფიქსირებულ ამ მარტივ კადრებზე დედამიწა იმ ზომისაა, რა ზომისაც ჭიანჭველა გამოჩნდება 100 მეტრიდან და ჩვენ ყველანი სწორედ იქ ვიმყოფებით. იმის მიუხედავად, რომ ასეთი სურათები აქამდეც გვინახავს, ის კიდევ გვიბიძგებს შევჩერდეთ და ვიფიქროთ, რომ მკრთალ ლურჯ წერტილს უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან პლანეტა B არ გვაქვს", — აცხადებს Mars Express-ზე მომუშავე გუნდის წევრი, ჟორჟ ბერნალი.
ეს კადრები, რომლებზეც დედამიწა და მის გარშემო მოძრავი მთვარეა აღბეჭდილი, ზონდის მაღალი გარჩევადობის სტერეო კამერამ SRC-ად წოდებული ხელსაწყოს მეშვეობით 300 მილიონი კილომეტრი მანძილიდან გადაიღო. ეს მან მიმდინარე წლის 15-21 მაისსა და 2 ივნისს შეძლო, ანუ ჩვენი პლანეტის ირგვლივ ორბიტაზე მთვარის 29.5-დღიანი ვოიაჟის ნახევარზე მეტი დააფიქსირა.
Mars Express წითელი პლანეტისკენ ყაზახეთში მდებარე რუსული კოსმოდრომიდან 2003 წლის ივნისში გაუშვეს, ხოლო პირველი სურათი მან ივლისის დასაწყისში გადაიღო. კერძოდ, აპარატმა დედამიწა და მთვარე 8 მილიონი კილომეტრი მანძილიდან დაგვანახა.
დანიშნულების ადგილამდე მან იმავე წლის დეკემბერში მიაღწია და წითელი პლანეტის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე განლაგდა. ის უკვე 2 ათწლეულია, ფუნქციონირებს, თუმცა მისია ჯერ არ დასრულებულა. Mars Express მარსსა და მის თანამგზავრებს სულ მცირე 2026 წლის დეკემბრის ბოლომდე დააკვირდება.
კომენტარები