რა არის სფინქსის ქანდაკების ქვეშ? — კონსპირაციული თეორიები და სინამდვილე
გიზის დიდი პირამიდის მახლობლად მდებარე სფინქსის უზარმაზარი ქანდაკების შესახებ ყველა ჩვენგანს სმენია და ზოგს უნახავს კიდეც. მას ლომის ტანი აქვს, რითაც მითოლოგიურ არსება სფინქსს ჰგავს, მისი თავი კი ძველი ეგვიპტის ფარაონ ხეფრენის რეპრეზენტაცია უნდა იყოს.
ეს გიგანტური სტრუქტურა საზოგადოების ინტერესის საგანი საუკუნეობით განმავლობაში იყო და პოპულარობას არც დღეს კარგავს. ადამიანთა ნაწილისთვის ის იდუმალი მონუმენტია, რომლის გარშემოც მრავალი კონსპირაციული და ფსევდომეცნიერული თეორია შეიქმნა.
მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი თეორიის თანახმად, სფინქსი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 7 000 წელზე უფრო ადრეულია, რაც მას ეგვიპტურ ცივილიზაციებზე ბევრად ხნიერად აქცევს. ამ იდეის ავტორების თქმით, ქანდაკების ეროზია მიანიშნებს, რომ მასზე გავლენა ხანგრძლივმა წვიმიანმა პერიოდმა იქონია, საიდანაც ასკვნიან, რომ ის 12 000 ან 10 000-დან 5 000 წლის წინანდელ პერიოდში უნდა აშენებულიყო.
რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამაზე მიანიშნებს ეროზიის კვალი, მდინარე ნილოსის ცვლილება, რასაც სწორედ ეროზიისთვის უნდა შეეწყო ხელი და ფარაონ ხეფრენის მმართველობის წლები — ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2603-2578 წწ. სწორედ ამ პერიოდში უნდა შექმნილიყო აღნიშნული მონუმენტი.
მეორე კონსპირაციული მოსაზრება, რომელიც უსაფუძვლო ლეგენდას ჰგავს, სრულიად დაუდასტურებელ "პასუხს" სცემს კითხვას, თუ რა არის სფინქსის ქვეშ.
ამ თეორიის მიხედვით, ქანდაკების ქვეშ უძველესი ეგვიპტური ცივილიზაციის მიერ დატოვებული ინფორმაცია ინახება. ეს ცოდნა, ზოგიერთი ადამიანის აზრით, ატლანტიდის ცივილიზაციას შეიძლება უკავშირდებოდეს, რომელიც კიდევ ერთი ფიქციური ამბიდან იღებს სათავეს და სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს.
რა თქმა უნდა, ამ თეორიის მართებულობის დამადასტურებელი ერთი მტკიცებულებაც კი არ გაგვაჩნია, რადგან ის მხოლოდ გამონაგონს ეყრდნობა. კერძოდ, თეორია ნათელმხილველად წოდებულ ამერიკელ ედგარ კეისს ეკუთვნის, რომელმაც გარშემომყოფებს ამის შესახებ "ტრანსში" ყოფნის დროს მოუთხრო, როგორც ატლანტიდის დიდი ქურუმის რეინკარნაციამ.
მისი თქმით, დამალულ გვირაბში შესასვლელი სფინქსის წინა მარჯვენა თათის მახლობლადაა განლაგებული. რაც არ უნდა სიგიჟედ ჟღერდეს, ადამიანები მის აღმოჩენას მართლაც ცდილობდნენ, თუმცა, გასაკვირი არაა, რომ ვერაფერს მიაგნეს.
ქანდაკების მიმდებარედ ბუნებრივი ღრმულები და ჩასაძრომი ადგილები ნამდვილად არის. ასევე, სფინქსის თავში არსებული ერთგვარი გვირაბი, რომელიც თავსაბურავის შესაკეთებლად უნდა გაეყვანათ.
კომენტარები