ისტორია კაცზე, რომელსაც 68 წლის განმავლობაში ასლოკინებდა
თითოეული ჩვენგანი სლოკინს ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუწუხებია. ზოგჯერ ეს რამდენიმე წუთს, უარეს შემთხვევაში კი რამდენიმე დღეს გრძელდება, მაგრამ ამერიკელ ჩარლზ ოსბორნს მსგავსი პრობლემა, არც მეტი, არც ნაკლები, 68 წლის განმავლობაში აწუხებდა.
ყველაფერი 1922 წლის 13 ივნისს დაიწყო, როცა ჩარლზი ნებრასკაში მდებარე ფერმაში მუშაობისას ღორს წონიდა. სლოკინმა მას 1990 წლის თებერვლამდე არ გაუარა. ამის გამო მისი სახელი გინესის რეკორდების წიგნშიცაა შეტანილი.
"ღორი ავწიე, რის შემდეგაც დავეცი. არაფერი მიგრძნია, მაგრამ მოგვიანებით ექიმმა მითხრა, რომ ტვინში პატარა ქინძისთავის ზომის სისხლძარღვი გამისკდა", — განაცხადა პაციენტმა 1982 წელს ჟურნალ People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
"მას ტვინის ღეროში პატარა არეალი დაუზიანდა, რომელიც სლოკინის რეაქციას აკონტროლებს", — ვკითხულობთ იმავე სტატიაში არსებულ კომენტარში, რომელიც შემთხვევასთან დაკავშირებით ჩარლზის ექიმმა, ტერენს ენტონიმ გააკეთა.
ჩვენთვის უცნობია, რამდენად მართებულია ამ უჩვეულო ფენომენის მიზეზის ასეთი ახსნა. ამის მიუხედავად, არაა გამორიცხული, რომ თავის დარტყმის შედეგად ჩარლზს ინსულტი მოსვლოდა, რადგან ხანგრძლივი სლოკინი სწორედ მსგავსი მდგომარეობის ერთ-ერთი ნიშანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ გულ-მკერდის არეში ტკივილთან და თავბრუსხვევასთან ერთად ვლინდება.
მეორე ჰიპოთეზის თანახმად, რომელიც ტეხასის უნივერსიტეტში მომუშავე ნეიროქირურგ ალი სეიფის ეკუთვნის, 1922 წლის ინციდენტისას პაციენტმა ნეკნები დაიზიანა. ეს ქვედა ძვლები დიაფრაგმასთანაა მიბმული, მუცელსა და გულ-მკერდს შორის არსებულ კუნთთან, რომელიც სლოკინის პროცესში მონაწილეობს. შესაძლოა, მისი ფუნქციის შეზღუდვა უწყვეტი სლოკინის მიზეზი გამხდარიყო.
ასეა თუ ისე, ვარაუდობენ, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ღვიძილის პერიოდში, ოსბორნმა დაახლოებით 420 მილიონჯერ დაასლოკინა. ამის მიუხედავად, მას ნორმალური ცხოვრება ჰქონდა და სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, მათ შორის საქონლის აუქციონერად და სამანქანო დანადგარების გამყიდველად. ჩარლზმა ორჯერ იქორწინა და 8 შვილის მამა გახდა. უჩვეულო ისტორიამ მას პოპულარობაც მოუტანა და არაერთ გადაცემაში მიიწვიეს.
მაიოს კლინიკაში პაციენტს სპეციალური ტექნიკა ასწავლეს, რათა სლოკინის ხმა ჩაეხშო. კერძოდ, ის შუალედებში სუნთქავდა, რაც ეხმარებოდა. ძილის დროს მას ეს პრობლემა არ აწუხებდა და იმას მიირთმევდა, რაც სურდა. ცნობილია, რომ ქრონიკული სლოკინი წონის კლებას იწვევს, თუმცა წლების განმავლობაში მას ეს არ დასტყობია.
საბოლოოდ, ჩარლზს 68-წლიანმა სლოკინმა 1990 წელს გაუარა, რის შემდეგაც თითქმის ერთი წელი იცოცხლა. ის 1991 წლის მაისის თვეში დაიღუპა.
რატომ გვასლოკინებს და როგორ შევაჩეროთ ის?
სლოკინი უკავშირდება ნერვულ არხს, რომელსაც რეფლექსური რკალი ეწოდება. ამ დროს რესპირაციული კუნთები უნებლიედ იკუმშება და ხმის იოგებს შორის არსებული ღიობი იხურება, რის შედეგადაც სლოკინისთვის დამახასიათებელ ხმას გამოვცემთ.
აღნიშნული მდგომარეობის პროვოცირება სხვადასხვა ფაქტორს შეუძლია. მათ შორის დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღებას, ზედმეტი საკვების ჭამას, ღეჭვისას ჰაერის "ჩაყლაპვას", კონკრეტულ მედიკამენტებს, ზოგჯერ კი სიცილსა და აჟიტირებასაც. სლოკინი ხშირად ერთჯერადად იჩენს თავს ან წუთში 4-60-ჯერ, რიტმულად მეორდება.
მას სამედიცინო ენაზე სინგულტუსი ჰქვია. ეს სიტყვა ლათინური singult-იდან მომდინარეობს, რაც ქვითინისას ამოსუნთქვას ნიშნავს. სახლის პირობებში სლოკინის შესაწყვეტად ყველაზე გავრცელებული საშუალებებია:
- ცივი წყლის დალევა
- ყელში ცივი წყლის გამოვლება
- ქაღალდის პარკში სუნთქვა
- სუნთქვის შეკავება
საჭიროების შემთხვევაში, ზოგჯერ ჰიპნოზსა და აკუპუნქტურას, ანუ ნემსით ჩხვლეტასაც მიმართავენ, თუმცა არ მოგვეპოვება იმის დასტური, რომ რომელიმე მათგანი ეფექტიანი ან უსაფრთხოა.
ერთადერთი იმედის მომცემი მეთოდი, რომელიც სიტუაციას შველის, სპეციალური ჩხირის, HiccAway-ის გამოიყენება. პაციენტების 90 პროცენტში ის სლოკინის შესაჩერებლად იმაზე ეფექტიანი აღმოჩნდა, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ხერხები, მაგრამ ეს საკითხი მაინც უფრო სიღრმისეულ კვლევას მოითხოვს.
ხანმოკლე სლოკინი ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა თუ საქმე ქრონიკულ სლოკინთან გვაქვს, მას შესაძლოა, წონის კლება და ძლიერი გადაღლა მოჰყვეს. ასევე, ეს ზოგჯერ ისეთი სერიოზული გართულებების სიმპტომია, როგორიცაა დიაბეტი, ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემები, რეფლუქსი, ინსულტი, სიმსივნე და სხვა.
მაგალითად, ერთ-ერთ პაციენტს 3 კვირის განმავლობაში ასლოკინებდა და სამედიცინო დაწესებულებას მხოლოდ ამიტომ მიაკითხა. აღმოჩნდა, რომ მას ინფარქტი ჰქონდა. არსებობს პრეცედენტი, როცა ინგლისელ მუსიკოსს დაახლოებით 3 წელი ასლოკინებდა, მიზეზი კი ტვინის სიმსივნე იყო.
აქედან გამომდინარე, სლოკინი შეიძლება ისეთი უწყინარი სულაც არ იყოს, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ამის მიუხედავად, ჩარლზ ოსბორნმა მასთან ერთად მთელი 68 წელი იცხოვრა და დაამყარა რეკორდი, რომელსაც, დიდი ალბათობით, ვერავინ მოხსნის.
კომენტარები