ჯეიმს ვების ტელესკოპმა 13 მილიარდი წლის წინ არსებული შავი ხვრელი აღმოაჩინა
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (JWST) გამოყენებით ამ მომენტისთვის უძველესი შავი ხვრელი დააფიქსირეს.
შავი ხვრელი CEERS 1019-ის გალაქტიკის ცენტრშია. ის იმდენად შორს არის, რომ დიდი აფეთქებიდან 570 მილიონი წლის შემდეგ უკვე არსებობდა. ეს არის ყველაზე ადრეული და შედარებით ნაკლებად მასიური ზემასიური შავი ხვრელი, რომელიც ოდესმე დაუფიქსირებიათ.
ასევე, მკვლევრებმა ორი სხვა პატარა შავი ხვრელიც აღმოაჩინეს. ისინი დიდი აფეთქებიდან დაახლოებით მილიარდი წლის შემდეგ გაჩდნენ.
შემდეგი პოდკასტი: შავი ხვრელები — სამყაროს ყველაზე მისტიკური ობიექტები
კვლევას სტივენ ფინკელშტეინი, ასტრონომიის პროფესორი ხელმძღვანელობდა. ნაშრომი The Astrophysical Journal Letters-ში გამოაქვეყნეს.
იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ძველია CEERS 1019-ის შავი ხვრელი, ის საკმაოდ მსუბუქია. შავი ხვრელი დაახლოებით 9 მილიონი მზის მასას იწონის. ზოგადად, უძველესი შავი ხვრელები ბევრად მასიურებია. უმეტესი მათგანი მზეზე რამდენიმე მილიარდჯერ უფრო მასიურია.
ჯეიმს ვების ტელეკოპის გამოყენებით, მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენ გაზს შთანთქავს შავი ხვრელი და რა სიჩქარით ჩნდება გალაქტიკაში ახალი ვარსკვლავები. აღმოჩნდა, რომ გალაქტიკის ასაკის მიუხედავად, მას კვლავ თავისუფლად შეუძლია ახალი ვარსკვლავების წარმოება.
"აქამდე, ასეთი ადრეული სამყაროს დანახვა შეუძლებელი იყო. ვების ტელესკოპი ახალი ფანჯარაა, რომელიც უძველეს სამყაროში გვახედებს. ჩვენ ახლა პირველადი სამყაროს შესწავლა შეგვიძლია", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები